
მილიონერი ქალი პოლიტიკოსი, რომელიც თავისი ქონებით ყველაზე მდიდარია, „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი და ამჟამად გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ნატო ჩხეიძეა. ის ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მეუღლეა.
როგორც ქალბატონი ნატოს მიერ შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, ის 11 უძრავ ქონებას ფლობს, ხოლო მის მეუღლეზე 3 უძრავი ქონებაა რეგისტრირებული.
დეკლარაციით ირკვევა, რომ ოპოზიციონერი ნატო ჩხეიძე თბილისში ფლობს არაერთ ფართს, მათ შორის საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართებს. ჩხეიძე-ოქუაშვილის წყვილმა 2013 წელს დიდ ბრიტანეთში, ლონდონში 6 500 000 ფუნტ-სტერლინგად (რაც 29 მილიონი ლარის ექვივალენტია) შეიძინა საცხოვრებელი სახლი.
ასევე დაგაინტერესებთ → რამდენად გაყიდა ბიძინა ივანიშვილმა ფერწერული ტილოები

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, დეპუტატ ჩხეიძის საკუთრებაშია ცნობილი ფერწერული ტილოები – ის სულ 160 ფერწერული ტილოს მფლობელია. ხოლო მისი მეუღლე, ზაზა ოქუაშვილს ჰყავს ორი BMW-ს მარკის ძვირადღირებული მანქანა, ერთის ღირებულება 87 000, ხოლო მეორის – 38 230 ფუნტი-სტერლინგი.
დეკლარაციის მიხედვით, ქალბატონ ნატოს ფულადი დანაზოგი სამ ვალუტაში: ლარში, დოლარსა და ევროში აქვს.
როგორც დეკლარაციაში თავად მიუთითებს, ის 11 300 ლარი, 39 700 დოლარი და 27 000 ევროს ფლობს დანაზოგის სახით. ნატო ჩხეიძემ 2019 წელს, როგორც პარლამენტის წევრმა 47 880 ლარი ხელფასის სახით აიღო.
ამავე დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ზაზა ოქუაშვილს 6 საიჯარო ხელშეკრულება სხვადასხვა მოიჯარესთან აქვს გაფორმებული, საიდანაც 5 საიჯარო შეთანხმება შემოსავლიანია: 35 620 ლარი, 55 658 ლარი, 16 500 ლარი, 67 025 ლარი, 104 700 ლარი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი წლის განმავლობაში ნატო ჩხეიძის მეუღლემ, ზაზა ოქუაშვილმა სწავლის გადასახადის სახით 27 000 ფუნტ-სტერლინგამდე გაიღო.
ნატო ჩხეიძის ან მისი მეუღლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ გაწეული ქველმოქმედების შესახებ ინფორმაცია დეკლარაციაში არ მოიპოვება.






















