13:14 | 2021-01-21 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

გეგმა დამტკიცდა – ნახეთ ვინ აიცრება და სად ჩატარდება ვაქცინაცია

გეგმა დამტკიცდა – ნახეთ ვინ აიცრება და სად ჩატარდება ვაქცინაცია

ვაქცინაციის დასახული მიზნის მისაღწევად, იმუნიზაციისთვის დადგენილი დანაკარგების გათვალისწინებით 2021 წელს ქვეყანას დაახლოებით 3,979,300 დოზა ვაქცინა დასჭირდება. ამის შესახებ საქართველოში „კოვიდ-19“-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმაშია ნათქვამი.

 

გეგმის თანახმად, მაჩვენებელი დათვლილია 18+ მოსახლეობისთვის, რადგან დღესდღეობით არსებული ვაქცინები მხოლოდ 18+ მოსახლეობისთვის არის განსაზღვრული.

 

 

პრიორიტეტული (მაღალი რისკის) ჯგუფები და რიგითობა ასეთია:

 

 

ჯანდაცვის სექტორის მუშაკები, სამიზნე მოსახლეობა 71,415, ჯგუფის მოცვის სამიზნე – 65%, ასაცრელი კონტინგენტი 46,420.

 

ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები და პერსონალი, სამიზნე მოსახლეობა – 2,600, სამიზნე მოსახლეობა -65%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 1,560 ადამიანი.

 

75 ასაკის პირები, სამიზნე მოსახლეობა – 226,800, ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 136,080 ადამიანი.

 

65-74 ასაკის პირები – სამიზნე მოსახლეობა – 329,183, ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 197,510 ადამიანი.

 

ესენციური (ძირითადი) სერვისების მიმწოდებლები – სამიზნე მოსახლეობა 180,373, ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 108,224 ადამიანი.

 

55-64 ასაკის პირები – სამიზნე მოსახლეობა 478,400, ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 287,040 ადამიანი.

 

18-54 ასაკის ქრონიკული დაავადების მქონე პირები – სამიზნე მოსახლეობა 89,400 , ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 53,640 ადამიანი.

 

საერთო ჯამში კი ასაცრელი მოსახლეობის სხვა ჯგუფების რაოდენობა შეადგენს 1,434,567 ადამიანს, სამიზნე კი არის 60%, რაოდენობრივად 860,740 ადამიანი.

 

საერთო ჯამში საუბარია 1,691,214 ადამიანზე, რაც მოსახლეობის 60%-ს შეადგენს.

 

ნახეთ ვიდეო ↓ ვაქცინაციის ეროვნული გეგმა

 

 

როგორ და სად ჩატარდება ვაქცინაცია

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, ტექნოლოგიურად, ცივი ჯაჭვი საკმაოდ კარგად არის გამართული, რომ ვაქცინაცია სწრაფად დაიწყოს და პროცესი არ შეფერხდეს.

 

მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ორი ძირითადი ფაქტორი – მინუს 80-იან ვაქცინას კომპლექსური ცივი ჯაჭვი სჭირდება და მისი მიწოდება რაიონულ დონეზე გართულება.

 

„ამდენად, ჩვენი მიზანია, ამ ტიპის ვაქცინაცია განხორციელდეს დიდ საავადმყოფოებში, სამ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ჰოსპიტლები შეირჩა და უკვე მიმდინარეობს პერსონალის ინფორმირება, რათა ისინი მოემზადონ და ვაქცინაცია განხორციელდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

მთავრობა მობილური ბრიგადების მობილიზების საკითხსაც განიხილავს, რაც თამარ გაბუნიას თქმით, იმ ბენეფიციარებისთვის იქნება საჭირო, რომლებიც ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში იმყოფებიან.

 

„თუ გადავალთ ფართომასშტაბიან ვაქცინაციაზე, აქაც დაგვჭირდება მობილური ბრიგადები. არსებობს მსოფლიო გამოცდილება მასიური ვაქცინაციის ცენტრების მოწყობისთვის. ჩვენს გეგმაშიც არის ეს განხილული, რაც იქნება უკვე იმ ეტაპზე, როდესაც დავიწყებთ მასიურ ვაქცინაციას – უფრო მეორე კვარტლის შემდეგ, როდესაც პრიორიტეტული ჯგუფები იქნება მოცული და ორიდან რვა გრადუსამდე ვაქცინით გვექნება გაფართოებული შესაძლებლობა“, – აღნიშნა თარამ გაბუნიამ.

 

მისივე თქმით, დეტალურად არის გაწერილი, რამდენი ბრიგადა როგორ იმუშავებს იმისთვის, რომ ვაქცინაციის მოცვით სასურველ გეგმას მივაღწიოთ.

 

„ექიმები, სოფლის ექიმები, ეპიდემიოლოგები ჯანმოს მიერ მოწოდებული რეკომენდაციების შესაბამისად გადამზადდებიან იმ ადგილებში, სადაც ვაქცინაცია განხორციელდება.

 

„ტრენინგების პროცესი უკვე დასრულებულია და ძალიან ინტენსიურად გაგრძელდება მომდევნო ორი-სამი თვის განმავლობაში“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: რა ვიცით COVID-19-ის იმ ვაქცინების შესახებ, რომელთა საქართველოში შემოტანაც განიხილება

 

ამასთან, მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში მხოლოდ ჯანმოს მიერ რეკომენდირებული ვაქცინა შემოვა.

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით კი საუბარია ფაიზერისა და ასტრაზენეკას ვაქცინებზე.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X