19:02 | 2021-01-21 ავტორი: თამარ გონგაძე

ასე აღმოვჩნდი ყვავაძის ოჯახში და ვნახე სასწაული! – ამ ოჯახის დასახმარებლად ზურა ხაჩიძე საზოგადოებას მიმართავს

ასე აღმოვჩნდი ყვავაძის ოჯახში და ვნახე სასწაული! – ამ ოჯახის დასახმარებლად ზურა ხაჩიძე საზოგადოებას მიმართავს

ყვავაძეების ცხრაშვილიან ოჯახს ზურა ხაჩიძე გვაცნობს. ნათლისღების დღესასწაულზე ზურა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მდებარე ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერს სტუმრობდა.

 

ზურა ხაჩიძე: – განბანის რიტუალის შემდეგ ზესტაფონში, ერთ-ერთი ბერის ოჯახში, ტრაპეზზე მოვხვდი. მან მითხრა, ჩემი მეგობრის ცხრაშვილიან ოჯახში უნდა წაგიყვანოო. ასე აღმოვჩნდი გენადი ყვავაძის ოჯახში და ვნახე სასწაული! დღევანდელ დროში ცხრა შვილი რომ გყავს და არ წუწუნებ, უიშვიათესია.

 

მათგან ერთ-ერთს ვიცნობდი, იოანეს, რომლის ნათლია ერთ-ერთი ბერია და იქ ხშირად ამოდის და მამებს ეხმარება.

 

საოცარი ენთუზიაზმი, სითბო და სინათლეა ამ ოჯახში. რომ ვკითხე გენადის, რითი არჩენ ოჯახს-მეთქი, მიპასუხა, შეძლებისდაგვარად, ხან მეზობლები, ხან მონასტერი და კეთილი ადამიანები გვეხმარებიანო.

 

უნდა ნახოთ, როგორ უვლიან ერთმანეთს, როგორ უხარიათ სტუმარი.

 

როგორც გავიგე, სახელმწიფო წელიწადში ერთხელ უწევს ფულად დახმარებას. ყოველთვიურ დახმარებას არ იღებენ.

 

მინდა ყველას მოგიწოდოთ, რაც შეგვიძლია დავეხმაროთ ამ ოჯახს, თუნდაც მცირედით… ღმერთმა უმრავლოს ჩვენს ქვეყანას ასეთი ოჯახები და რაც მთავარია, კარგი აღზრდილი შვილები!

 

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 7 ადამიანი, ადამიანები სხედან, ბავშვი, ფეხსაცმელი და შიგნით

 

42 წლის გენადი რუსთავის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაცვის სამსახურში მუშაობს. გენადის მრავალრიცხოვანი ოჯახი ორი წელია ცხოვრობს თბილისში, სამგორის რაიონში, თუმცა უმეტესწილად ზესტაფონში არიან.

 

მისი მეუღლე ნათია ჯუღელი ფარმაცევტია, თუმცა მისი პროფესია ქალისთვის უმთავრესი რამ – დედობაა. ოჯახი რომ შექმნეს 23-25 წლისები იყვნენ.

 

უფროსი ვაჟი, გიორგი 17 წლის ხდება, შემდეგ მოდის თამარი, ლუკა, თეკლა, იოანე, მარიამი, ანა, ბარბარე და ნაბოლარა ნინო, რომელიც წლისა და ექვსი თვისაა.

 

გენადი ყვავაძე: – ღმერთის ნებას არ შევეწინააღმდეგეთ და შედეგი სახეზეა, ცხრა შვილი გვყავს. ახლა ბავშვები იმერეთში არიან, თბილისში ისეთ პატარა ფართში ვცხოვრობთ, რომ მაგათი აქ ყოფნა, დიდი საცოდაობაა.

 

ხვალინდელი დღის რომ არ გეშინიათ, გაგვიზიარეთ, როგორ ახერხებთ ამას?

 

– შიში ჩემს გუნებაში არ არის. ღმერთის გაჩენილ ადამიანს, არ მიატოვებს გამჩენი. ასე მგონია… ძალიან საინტერესოა ამდენი შვილის მამობა. ცხრა ადამიანი შენზეა დამოკიდებული და შენც იმდენივე ადამიანად გრძნობ თავს. ყველა მათგანს გულის სიღმეში უნდა ჩაწვდე, რომ იმათი სიხარულიც გაიგო და მწუხარებაც. დრო არასდროს მყოფნის. სულ ვჩქარობ. მეკითხებიან, რატომ ჩქარობო? რომ არ ვიჩქარო, დრო გამასწრებს და მე დავრჩები სადღაც. ამიტომაც ვჩქარობ, აბა, რა ვქნა?

 

ყველა ერთმანეთისგან განსხვავებულები არიან. ერთის ბუნებას რომ შეისწავლი, ის მეთოდი მეორესთან არ გამოგადგება. ყველას თავისი მიდგომა უნდა, ინდივიდუალური. მოფერებაც ცალკ-ცალკე უნდათ. ერთი პრაქტიკა მეორესთან არ ამართლებს.

 

ბავშვები რომ სოფელში არიან და მე მარტო მიწევს თბილისში ყოფნა, ეს უფრო მიჭირს. მიჩვეული ვარ და ჩემთვის ბუნებრივია, ყურში რომ ბევრი ხმა ჩამესმის. მარტოობა ჩემთვის დამაყრუებელია…

 

ჩვენთან სტუმრობა ყველას უხარია. ჩვენს ოჯახში სტუმარს ანგელოზს ვეძახით. ყველა გვახარებს სტუმრად მოსული ადამიანი და თავისთავად, სტუმარიც კმაყოფილი რჩება ჩვენთან სტუმრობით. ბავშვები ერთი წუთითაც არ ტოვებენ იქაურობას.

 

მადლობა ყურადღებისთვის. მადლობის მეტი რა მეთქმის. კეთილ ადამიანებს თუ თავისი შრომა და გარჯა არ დაუფასე, შენი ადამიანობაც რაღაა მაშინ? ენა რომ ვერ გამოხატავს, ისეთი მადლიერი ვარ ყველა კეთილი ადამიანის. ვისაც სხვისი მდგომარეობა გულთან მიაქვს, მისი გული ღმერთმა სიხარულით სავსე ამყოფოს.

 

 

პირადი ნომერი: 18001005551   გენადი ყვავაძე – საქართველოს ბანკი.

ავტორი: თამარ გონგაძე

X