
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში დაჭრილი მამაკაცის, ხვიჩა ერგემლიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დრომდე მძიმეა.
თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, 36 წლის ახალგაზრდა, რომელსაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
„წუხელ შემოიყვანეს ახალგაზრდა, მრავლობითი ჭრილობებით, რომლებიც მიყენებული ჰქონდა ცივი იარაღით. ჰქონდა მიყენებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას ითხოვდა. ამჟამად ის რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება“, – განაცხადა ჭონიაშვილმა.
შეგახსენებთ, შემთხვევა 21 იანვრის ღამეს, სოფელ კისისხევში მდებარე ერთ-ერთ ფერმაზე მოხდა.
შემთხვევის შედეგად, გარდაცვლილია 28 წლის დიანა ფარსადანოვა. მისი ცხედარი, პროზექტურაშია გადასვენებული.
პოლიციამ განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა.
დაკავებული ბრალს აღიარებს. მას 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი






















