
„აქ შეკრებილ ხალხს რომ ვუყურებ და კომენტარებს ვკითხულობ, მართალი ჩანს ბიძინა – ნაცების ხელისუფლებაში მოსვლა ადამიანების ღირსებაზე გადავლას ნიშნავს. სად გაიზარდეთ ხალხო?” – ასე ეხმაურება ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოცქსელის იმ მომხმარებლების კომენტარებს, რომლებიც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მიმართ თავზე ნაგვის დაყრას ამართლებენ.
„ფეისბუქზე” ფაქტს არაერთი პოლიტიკოსი გამოეხმაურა, მათ შორის ოთარ კახიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ “ადამიანისთვის თავზე ნაგვის დაყრა მისი ღირსების შელახვაა, ყოველგვარი მაგრამების გარეშე”.
კახიძის ეს შეფასება სოცქსელში მწვავედ გააკრიტიკეს ნაცმოძრაობის მხარდამჭერებმა, რასაც თამარ ჩერგოლეიშვილის ზემოხსენებული კომენტარი მოჰყვა.
ამ საკითხს ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქის” პირად გვერდზეც ეხმიანება და წერს:
„ურნის დამხობის ინციდენტმა მგონი უფრო ნათელი გახადა რატომ ვთვლი ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხედ მიშა სააკაშვილის ერთპარტიულ მმართველობას და რატომ მიმაჩნია, რომ სხვა პარტიებმა ნაცების გაწონასწორების და კონტროლის უნარი უნდა დააამტკიცონ. ეს ხალხი თუ არ შებოჭე, არ არსებობს ადამიანის ღირსების პატივისცემა შეძლონ. იგნორირებით არ იბოჭება არაფერი – მკაფიო შეფასება სჭირდება”.























