17:33 | 2021-01-27 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ყოველ დღე სიკვდილს ველოდები – სარეცელზე მყოფი ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს

ყოველ დღე სიკვდილს ველოდები – სარეცელზე მყოფი ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, სულ სხვა დარდი, საფიქრალი და ოცნება ჰქონდა. მერე, როცა წონაში კლება დაიწყო, ექიმთან წასვლა მაშინაც არ უფიქრია. მერე დამ სთხოვა, კლინიკაში გამყევიო და იქ მისულმა შემთხვევით ისარგებლა და ანალიზები ჩააბარა. რამდენიმე დღეში გამოკვლევებზე გაუშვეს. დიაგნოზი მოულოდნელი და თავზარდამცემი აღმოჩდა. ახლაც სიზმარივით ჩაესმის ექიმის ხმა – მეოთხე სტადია, მეტასტაზები სხვა ორგანოებზეც არის მოდებული…

 

მაშინ როცა 46 წლის ლელა კვიციანს, სიმსივნის შორს წასული ფორმა დაუდგინდა, მაშინაც ჯანმრთელობა შერყეულ მეუღლეზე და ერთადერთ 14 წლის ქალიშვილზე დარდობდა. ახალგაზრდა ქალი, რომელიც სიკვდილთან უთანასწორო ბრძოლაშია ჩართული, ქუთაისში, ყოფილ ბავშვთა სახლის შენობაში, სადაც დღეს დევნილთა ოჯახები ცხოვრობენ, შელახულ ერთ ოთახში, მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს.

 

უსახსრობის გამო, თუ კი რაიმე ებადათ ყველაფერი გაყიდეს, მაცივარი, გაზქურა და კომპიუტერი. ერთადერთი ღირებული ნივთი რაც ახლა სახლში გვიდგას ტელევიზორია – ამბობს ლელა.

 

სიკვდილის სარეცელზე მყოფი ქალის ოცნება არა საკუთარი თავის გადარჩენა, არამედ შვილის და მეუღლის ჯანმრთელობაა.

 

„ფეხზე წამოდგომაც აღარ შემიძლია. საწოლს მივეჯაჭვე და ყოველ დღე სიკვდილს ველოდები… ძილი გამიქრა. ღამით როცა ყველას სძინავს, მე ვერ ვიძინებ. ვფიქრობ. ძალიან ბევრს ვფიქრობ. საკუთარ თავზე არა, ჩემს ერთადერთ ქალიშვილზე და მეუღლეზე, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. მეუღლე წლების განმავლობაში ფიზიკურად შრომობდა. მერე ხერხემალზე თიაქარი გაუჩნდა და ორჯერ გაუკეთეს ოპერაცია. ჩვენი ერთადერთი ქალიშვილი, რომელიც ახლა 14 წლისაა, ოთხჯერ აქვს ოპერაცია გაკეთებული. მას ნაწლავის დაავადების პრობლემა აქვს დაბადებიდან.

 

ექიმებმა ჰირშპრუნგის დიაგნოზი დაუსვეს. პატარაობისას ერთი პერიოდი ნაწლავი გარეთ გამოუტანეს. ერთი კვირის იყო როცა პირველი ოპერაცია გაუკეთეს. მერე კიდევ 3. ახლა გამუდმებით მუცელი აწუხებს, მაგრამ მას შემდეგ რაც ჩემი დიაგნოზი გაიგო, არაფერს აღარ ამბობს, თავს იკავებს, მაგრამ ხომ ვიცი რომ სტკივა… ანალოგიურად არის ჩემი მეუღლეც. მასაც აწუხებს, მაგრამ არც ის ამბობს რამეს. აქამდე მათზე მე ვზრუნავდი, ახლა ისინი და გული მიკვდება…

 

როგორც ყველა, ჩვენც ისე მივყვებოდით ცხოვრების დინებას, სანამ დიაგნოზზს გავიგებდით. პირველი ქიმიო თერაპია გავიკეთე. ახლა ისევ უნდა გავიკეთო ანალიზები და კატე, სწორედ პასუხების შემდეგ გავიგებ ქიმიის მეორე კურსი როდის უნდა გამიკეთდეს. დღეს ვიყავი ექიმთან და როცა მითხრა რა კვლევები მაქვს გასაკეთებელი და რა ჯდება, გული შემიღონდა. საერთო ჯამში 900 ლარამდეა, რისი საშუალებაც არ მაქვს.

 

ჩემი მეუღლე ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვეღარ მუშაობს. აფხაზეთიდან დევნილია. სადაც ახლა ვცხოვრობთ ჩვენს ჩვენი საკუთრება არ არის. სულ იმის შიში მაქვს, ჩემი ქმარ-შვილი ღია ცის ქვეშ არ დარჩნენ. ჩვენი შემოსავალი სოციალური დახმარება 200 ლარი და ჩემი პენსიაა. ჩემი მკურნალობა ნაწილობრივ ფინანსდება დანარჩენს ჩვენ ვამატებთ. ასევე მედიკამენტებზეც. ჩვენი შემოსავლით ვაფინანსებთ ამ ყველაფერს, მაგრამ არსებობაც ხომ გვინდა?! როგორ რას ვახერხებ ხანდახან მიკვირს… არ ვსარგებლობთ და არასდროს გვისარგებლია უფასო სასადილოს სერვისით. არაერთხელ მივმართე მთავრობას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, მაგრამ ამ დრომდე არაფერი.

 

ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სულ უფრო ბევრს ვფიქრობ. შიში გამიჩნდა. სიკვდილის არა, რა ეშველებათ ჩემს მეუღლეს და შვილს, ქუჩაში, რომ დარჩნენ…

 

გული მწყდება, რომ ოჯახს დავაწექი. გაუსაძლისია როგორც ფიზიკური, ისე სულიერი ტკივილები. ექიმები იმედს მაძლევენ და ვნახოთ… ძალიან მინდა ფეხზე წამოვდგე და ჩემს შვილთან და მეუღლესთან ერთად ვიყო. გოგონა გზაზე მყავს დასაყენებელი. ნათესავებიც არაერთხელ დამიდგნენ გვერდში, მაგრამ ახლა ისეთი დროა, ყველას თავი გასჭირვებია. ბოლომე ვმუშაობდი სანამ შემეძლო. ვიცი, რომ არსებობენ კეთილი ადამიანები და ამ უმძიმეს პერიოდს ისინი გადამატანინებენ.“- ამბობს ლელა კვიციანი.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X