
ჟურნალისტ ბესო ჩუბიძინიძეს თემურ წიკლაურთან 15 წლიანი მეგობრობა აკავშირებს. ბოლო ხუთი წელია, ყველაზე ხშირად სწორედ ბესო ეკონტაქტებოდა. ამ საქმიანი კონტაქტის შედეგი კი, სცენის არწივის სოლო კონცერტები იყო…
როგორც ჩვენთან ამბობს, უკანასკნელი ინტერვიუ დეკემბერში ჩაწერა და კლიპის გადაღებას გეგმავდნენ, სიკვდილზე ამღერებული თემურ წიკლაურისთვის კლიპის სცენარიც მზად იყო…
ბესო ჩუბინიძე: – პირველი ინტერვიუ გაზეთი “კოქტეილისთვის”, 1994 წელს, ავიღე თემურისგან. ჩვენი საერთო ინტერესები მაშინვე გადაიკვეთა, ჩვენი პატრიოტული სულისკვეთება ერთმანეთს დაემთხვა… დავმეგობრდით მოგვიანებით, ბოლო 15 წელია დავახლოვდით.
ჩვენს უკანასკნელ ინტერვიუს მალე გამოვაქვეყნებ, რომელიც დეკემბერში ჩავწერე. მაშინ გაციებული იყო. მერე მალევე დაუდგინდა კოვიდი-19.
– მოგვიყევი მისი უკანასკნელი განწყობის შესახებ.
– შევნიშნე, აკლდა ხალხთან ურთიერთობა და ამ დანაკლისს განიცდიდა ბოლოს. უყვარდა ხალხი და მათგანაც იგივეს გრძნობდა. ამ დანაკლისს, განსაკუთრებით, ეპიდემიის დროს განიცდიდა.
ბოლო ხუთი წელიწადია მე თემურის სოლო კონცერტების რეჟისორი ვარ. მასზე მეტად პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანი, მობილიზებული კაცი, მე ცოტა მეგულება. პროფესიონალი არტისტის მიღმა აღმოაჩენდით სუფთა ადამიანს. პირველად გავიგე ფრაზის – “დიდთან დიდი, პატარასთან – პატარა”, განმარტება. ასეთი იყო.
იყო იმდენად თავმდაბალი, რამდენადაც ამაყი. საკუთარი თავის ფასი იცოდა, მაგრამ ეს არასდროს ცუდად არ გამოუყენებია.

ზუსტად ვიცი, არასოდეს არ ეშინოდა სიკვდილის. ხშირად ვსაუბრობდით სიკვდილზე, ამ არამატერიალურ გარდასახვაზე. თემო ამ საკითხში, შვილის გარდაცვალების შემდეგ, ფილოსოფოსი იყო. არ ეშინოდა სიკვდილის და იმის სჯეროდა, რომ გარდაცვალება განზომილებების შეცვლა იყო.
ამბობდა, რომ მისი ვაჟი, გიორგი სხვა სამყაროში აგრძელებდა არსებობას და იცოდა, რომ ადრე თუ გვიან, შეხვდებოდა იქ თავის შვილს.
გიორგი რომ ცოცხალი ყოფილიყო, თემური გაცილებით დიდხანს იცოცხლებდა. ვერაფერი მოერეოდა… ბევრი რამ ჰქონდა გულში ჩაკლული.
შიში არასდროს შეპარვია. ბევრჯერ გადაურჩა სიკვდილს. ინსულტიც ჰქონია, ცოტა ხნის წინ გულში სტენტი ჩაიდგა.
სიკვდილზე აქვს ძალიან მაგარი სიმღერა და დეკემბერში კლიპი უნდა გადაგვეღო. სცენარი დავწერეთ, მოვემზადეთ და…
– სიკვდილმა დაგასწროთ…
– სიკვდილმა დაგვასწრო და წაგვართვა თემო. პირველად ვამბობ, მე ამ კლიპს მაინც გადავიღებ! უამრავი “შავი კადრები” მაქვს, კულისური, გამოუქვეყნებელი და იმით ავაწყობ… ასეთი სიტყვებია სიმღერაში – “ყველას რომ კლავ, სიკვდილო, თავად შენ რატომ არ კვდები?”
22 იანვარს 75 წელი შეუსრულდა და გრანდიოზული სოლო კონცერტის გაკეთება გვინდოდა. უამრავ ახალ სიმღერას წერდა. ბოლომდე ფორმაში იყო…
შეგახსენებთ, არტისტი კორონავირუსზე მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა. ის რამდენიმე კვირის მანძილზე, ბოლო წუთამდე ხელოვნური მართვით სუთქვის აპარატზე იყო შეერთებული.






















