14:04 | 2021-02-02 ავტორი: მარი ჯაფარიძე

„დედამთილის ოჯახში პირველად მუხლის ჩოქით მივედი“ – ინტერვიუ მრავალშვილიან დედასთან, რომელსაც ეტლით მოსარგებლე ტყუპი ჰყავს

„დედამთილის ოჯახში პირველად მუხლის ჩოქით მივედი“ – ინტერვიუ მრავალშვილიან დედასთან, რომელსაც ეტლით მოსარგებლე ტყუპი ჰყავს

იზრდებოდა ხონის რაიონში, სოფელ ივანდიდში. დედა და მამა ერთმანეთს გაშორდნენ. დედა ოჯახიდან წავიდა და 3 შვილი ქმარს დაუტოვა. 2 წლის იყო, როცა მამამ დედინაცვალი მოუყვანა. დედაინაცვალს მთელი ცხოვრება ვერ შეეგუა – ვერ შეიყვარეს ერთმანეთი და როგორც კი 18 წლის გახდა და თბილისელი, მასზე 18 წლით უფროსი მამაკაცი გაურიგეს, მაშინვე დათანხმდა გათხოვებაზე. როგორც აღმოჩნდა, მამაკაცი მოხუც ბებიასთან ერთად, ერთ მოცუცქნულ, დაბალჭერიან ბინაში ცხოვრობდა და ბებიას მოუწადინებია, შვილიშვილის დაქორწინება, რომ მომვლელი ჰყოლოდა… თუმცა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა…

 

ეკა მარშანია „პრაიმტაიმს“ თავისი ცხოვრების რთული გზის შესახებ უყვება:

 

Возможно, это изображение (2 человека, люди сидят и верхняя одежда)

 

– მამიდა მყავდა უშვილო და რატომღაც ჩემი მეუღლის ბებიას ეგონა, რომ მეც არ შემეძინებოდა შვილი და მისთვის ხელსაყრელი ვარიანტი ვიყავი. მე მეგონა, ვთხოვდებოდი და თურმე მომვლელად წამიყვანეს. თუმცა, ძალიან მალე დავფეხმძიმდი და თან აღმოჩნდა, რომ ტყუპს ველოდი. ამის გამო ბებია გამებუტა და პირდაპირ მითხრა, – მე იმიტომ მოგიყვანე, მომვლელი რომ მიდოდა, თორემ ვაჟას დაქორწინება სულ არ მაინტერესებდაო.

 

ჩვენი ურთიერთობა იქ დასრულდა, მუცლად მყოფ შვილებზე არავის ვათქმევინებდი ცუდს. ჩვენი კონფლიქტის შემდეგ ბებია ჩემმა მამამთილმა წაიყვანა (დედამთილ-მამამთილი ცალკე ცხოვრობდა) და დავრჩით მე და ჩემი მეუღლე. გამუდმებით ვნერვიულობდი, რადგან ჩემი ქმარი უმუშევარი იყო, გვიჭირდა, ძალიან პატიოსანი და ალალი ადამიანი იყო და ასეთებს არ უმართლებთ, ხომ იცით. ასეთი სტრესის გამო ტყუპი დღენაკლული დაიბადა, მეშვიდე თვეზე და თუ რაიმე გამაჩნდა, ოქრო ან ძვირფასი ნივთები, გავყიდე, რადგან საავადმყოფოში ვიცხოვრეთ თითქმის 1 წელიწადი.

 

ბავშვები გარდა იმისა, რომ დღენაკლულები იყვნენ, ასევე ცერებრალური დამბლით დაიბადნენ. ძალიან ტკივილიანი წლები გავიარეთ. საავადმყოფოდან რომ გამოვედით, ისევ მალე დავფეხმძიმდი ისე, რომ 5-თვე-ნახევრის ვიყავი, როცა გავიგე ორსულობის შესახებ. როცა ჩემი ქმრის ოჯახმა გაიგო, რომ კიდევ ბავშვს ველოდებოდით, სულმთლად მიგვატოვეს და საერთოდ აღარ გვკითხულობდნენ – რაკი ბავშვების გაჩენა უნდა, ნახოს, როგორია გამკლავებაო.

 

Возможно, это изображение (2 человека, ребенок и верхняя одежда)

 

ამასობაში ჩემი მეუღლე დაავადდა. ჰქონდა ჩიყვი, რომელსაც შხამიანი პარკუჭი გარედან ჰქონდა გამობერილი და ერთ დღესაც, ეს პარკუჭი გასკდა, მასში არსებული სითხე ყელში ჩაეღვარა და დაახრჩო. ამ პერიოდში ჩემი მეუღლე ერთ-ერთ კაფეში, მზარეულად მუშაობდა. სხვა გზა არ მქონდა და მეუღლის დაკრძალვის შემდეგ, 24 წლის, ქვრივი გოგო ამ კაფეში მივედი, – მუშაობა დამაწყებინეთ-მეთქი. ბავშვებს რჩევა ხომ უნდოდა? რესტორანში უჟმური შემარქვეს, რადგან ვერ ვიცინოდი. ისეთი გაჭირვება მადგა, რა გამაცინებდა? აქ ერთი ინციდენტიც შემემთხვა: გარკვეული პერიოდის შემდეგ სამზარეულოდან მიმტანად გადამიყვანეს და ერთ დღეს, შევარდნაძის დაცვის წევრი ბიჭები შემოლაგდნენ და მაინც და მაინც იმ მაგიდასთან დასხდნენ, სადაც სამარილე არ იდგა.

 

ერთ-ერთმა თითები გაატკაცუნა, – მიმტანს რომ უხმობენ, ხოლმე, ისე და დამიძახა -ეი, ოფიციანტო, აქ სამარილე რატომ არ არისო? ძალიან შეურაცხყოფილი დავრჩი ასეთი მომართვით. გავბრაზდი, ავიღე შუშის სამარილე და ვესროლე. გადაირივნენ, ვისაც სამარილე ვესროლე, იმან იარაღი ამოიღო და დამიმიზნა, – შენ იცი, მე ვინ ვარო? ბარის უკან ჩავჯექი, რომ არ ესროლა და გადავრჩი, თორემ მსროლელი იყო ნამდვილად. მერე სიტუაციაში კაფეს მეპატრონეც ჩაერთო, სხვებიც და სიტუაცია გაანეიტრალეს. იმათი თანდასწრებით მეპატრონემ გამამტყუნა, მაგრამ რომ წავიდნენ, შემაქო, – ყოჩაღო, მითხრა და არც სამსახურიდან გამიშვა.

 

ჩემი გარდაცვლილი ქმრის მამამ ბინა გვაჩუქა ლილოს დასახლებაში და იქ გადავედი, შვილებთან ერთად. ბავშვებს ეტლში არ ვსვამდი და მეშვიდე სართულზე ტყუპი ხელში აყვანილი ამყავდა ხოლმე. ძალიან გამიჭირდა და იძულებული გავხდი, ბინა გამეყიდა და სადმე სხვაგან მეყიდა. ავლაბარში ერთი პატარა ოთახის ყიდვა მოვახერხე.

 

Возможно, это изображение (4 человека, в том числе Eka Marshania, люди стоят и люди сидят)

 

ლილოს დასახლებაში ცხოვრების დროს გავიცანი ჩემი მომავალი მეორე მეუღლე – ბესარიონ ოთიაშვილი. არ ვიცი, რა თვალზე შემომხედა, მაგრამ ძალიან მოვეწონე და გასაქანი არ მომცა. ბესო ქორეოგრაფია, ძალიან კარგი ადამიანი. ჩემი სამი შვილით, რომელთაგან ორი ეტლით მოსარგებლეა, ცოლად მომიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი სასტიკად წინააღმდეგი იყო ჩვენი შეუღლების, მაინც გადადგა ეს ნაბიჯი. მესმის მისი მშობლების, უცოლო ვაჟისთვის სხვა ბედი უნდოდათ.

 

ვფიქრობდი, რომ არასოდეს შეგვირიგდებოდნენ ან და შესაძლოა, ძალიან ბევრი წლის მერე მობრუნებოდათ გული, მაგრამ ალბათ ღვთის ნება იყო, რომ ჩემი და ბესოს საერთო, პირველი შვილი რომ შეგვეძინა, მაშინ შეგვირიგდნენ. დაგვპატიჟეს ოჯახში. ისე განვიცდიდი მათთან შეხვედრას, რომ გულის წვეთები დავლიე, თან წავიღე დამამშვიდებლები და მეშვიდე სართულზე მუხლისჩოქით ავედი და მათ კართანაც ასე მივედი. სრულიად გაცნობიერებული მქონდა, რომ მათი ღირსი არ ვიყავი, მაგრამ ასე მოხდა და ამისთვის პატიება მჭირდებოდა.

 

Возможно, это изображение (1 человек, сидит, стоит, верхняя одежда и транспортное средство)

 

ახლა მე და ბესოს ორი საერთო შვილი გვყავს, ისინიც ბიჭები არიან. სულ ხუთი შვილი გვყავს და ბესო მხარში მიდგას, მეხმარება. გასულ ზაფხულს ტყუპს ოპერაცია გავუკეთეთ, რასაც ლამის 20 წელი ველოდით. რუსი ექიმი იყო ჩამოსული, რომელიც ამ ოპერაციებს ატარებდა. სახელმწიფომ დაგვაფინანსა, დიდი იმედით შევყურებდით შედეგს, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ შედეგი ვერ მივიღეთ.

 

Возможно, это изображение (3 человека, в том числе Eka Marshania)

 

ბიჭები გონებრივად ჩვეულებრივ განვითარებულები არიან. ხელოვნების სკოლაშიც შევიყვანე, როცა 12-13 წლისები იყვნენ და ხალხურ ინსტრუმენტებზე დაკვრაც ისწავლეს. თორნიკე უფრო დამოუკიდებელია, მიწისქვეშა გადასასვლელში მღერის და გარკვეულ თანხას აგროვებს კიდეც.მიზანი აქვს, ალბომის გამოშვება უნდა. ერთი სიმღერა ჩაწერა კიდეც, თავისი გამომუშავებული თანხით. რამდენჯერმე შეყვარებულიც იყო, მაგრამ ძალიან იმედგაცრუებული დარჩა, მთელი ოჯახი განვიცდიდით მის მდგომარეობას, რადგან ძალიან განიცდიდა და ახლა ჯერჯერობით თავს იკავებს, აღარ უნდა, ისევ გული ეტკინოს.

 

Возможно, это изображение (3 человека)

 

როცა მეხუთე შვილი იმხელა გახდა, რომ ბაღში მივიყვანე, ჩემს თავს ვუთხარი: შვილების მოვლა კარგია, მაგრამ რაღაც უნდა გააკეთო-მეთქი. ვოცნებობდი, რომ მესწავლა კერვა და საკუთარი ატელიე გამეხსნა. ვალით რომ არ დამეწყო საქმე, გადავწყვიტე, სადმე მემუშავა და ფული მომეგროვებინა. დავიწყე რესტორნების ერთ-ერთ ქსელში, მცხობელად მუშაობა.

 

ერთი წელი ვიმუშავე, ცოტაოდენი ფული მოვაგროვე და დავიწყე კერვის შესწავლა, შემდეგ საკუთარი ატელიეც გავხსენი. ეროვნული ტანისამოსის ხაზი ავირჩიე და ჩემი შეკერილი ერთი კაბა ბაქოში, გამოფენაზეც გავიტანე. დიდი მოწონება დაიმსახურა და ამან სტიმულიც მომცა. ახლა, პანდემიის დროს დავკეტე ატელიე, რადგან ხარჯი ბევრი მქონდა და ვერ გავქაჩავდი. თუმცა, სამომავლოდ მაქვს გეგმები, სადაც ატელიეს ხელახლა გახსნაც შედის.

 

Возможно, это изображение (Eka Marshania и улыбается)

 

კერვის შესწავლა ბავშვობიდან მინდოდა და ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. მამამ მიყიდა ფრიალა, თეთრი კაბა, რომელიც მაქმანებით იყო გაწყობილი. ერთხელ მეცვა სკოლაში, პირველ სექტემბერს. ისე მომწონდა ის კაბა, რომ ბედნიერი ვიყავი, რომ მქონდა. იმ საღამოს მამიდაშვილის დაბადების დღეზე მივდიოდით და ჩემმა დედინაცვალმა ეს კაბა მას წამოუღო საჩუქრად. ძალიან დამწყდა გული და მაშინ ჩავიფიქრე, რომ კერვას ვისწავლიდი და ასეთ კაბას შევიკერავდი. როცა კერვა დავიწყე, ზუსტად ისეთი რამდენიმე კაბა შევკერე და საჩუქრებად დავარიგე.

 

ამ ბოლო დროს რატომღაც შემნიშნეს და ჯილდოები მომცეს. ღირსების ორდენით დამაჯილდოეს და ელეგანტური დედის ნომინაცია მომანიჭეს. მამასთან გაშორების მერე დედა გარკვეული პერიოდი რუსეთში ცხოვრობდა (ნახევრად რუსი გახლავთ), შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ახლა რაიონში ცხოვრობს, მაგრამ დიდად არ ვკონტაქტობთ. ხანდახან მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს და ეგ არის. რომ გამიჭირდეს, მისი იმედი არ მექნება. ტყუპს რომ ნანატრი ოპერაციები გავუკეთე, მაშინაც მარტო ვიყავი, მეუღლე მედგა მხარში. მთელი ცხოვრება ასე მარტო მოვდივარ და ბოლო წლების, ბესოს მხარდაჭერას ვგრძნობ და მის მეტი პატრონი არც მყავს. უამრავი გასაჭირი გამოვიარე, ბევრს გავუძელი, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია და ახლა, მადლობა ღმერთს, უკეთ ვცხოვრობთ და უკეთესი მომავლის იმედი მაქვს.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X