00:13 | 2021-02-02 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ჩემი ბიჭების მამას პარალელურად ოჯახი ჰყოლია, ახლა შვილებს ვკარგავ – მარტოხელა ქალის ისტორია

ჩემი ბიჭების მამას პარალელურად ოჯახი ჰყოლია, ახლა შვილებს ვკარგავ – მარტოხელა ქალის ისტორია

მთელი ცხოვრებაა იბრძვის. იბრძვის გადარჩენისთვის და საკუთარი შვილების დაბრუნებისთვის. უკვე წლებია ასე გრძელდება. ამ ბრძოლას კი დასასრული არ უჩანს, დაიღალა. თითქოს ფარხმალიც დაყარა, მაგრამ დანებების უფლებას შვილების დაბრუნების დიდი სურვილი არ აძლევს.

 

49 წლის ირმა ფირანიშვილის ცხოვრებაზე ერთი წიგნი დაიწერებოდა. უკვე 8 წელია მინდობით აღზრდაში მყოფი შვილების დაბრუნებას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ დედაც და შვილებიც თბილისში ცხოვრობენ, უკვე წელია ისინი ყოველდღიურად ვირტუალურად, სოციალური ქსელების მეშვეობით კონტაქტობენ. ირმას ბიჭები სხვის ოჯახში იზრდებიან. უსახსრობის გამო პატარებზე დედის ნაცვლად სხვა ოჯახი ზრუნავს.

 

სანამ პანდემია დაიწყებოდა, ირმა ფირანიშვილი ორ სამსახურში დასაქმდა. ამბობს, რომ კარგი ბინა დაიქირავა და პირობების შესამოწმებლად მისულმა სოციალურმა მუშაკმა დოკუმენტაციის წარმოება დედისთვის შვილების დაბრუნების მიზნით დაიწყო. თუმცა, საქართველოს კორონავირუსმა შემოუტია, ამ ყველაფერმა კი, ძლივს ნაშოვნი სამსახურები დააკრგინა დედას, რომელმაც ერთადერთი იმედი ჩაუკლა…

 

ამ ოჯახის მძიმე ისტორია იმით დაიწყო, რომ ირმას დამოუკიდებლად შვილების შენახვა აღარ შეეძლო. მინდობით აღსაზრდელად იმ იმედით გაუშვა,­ რომ პირობებს გაიუმჯობესებდა და მალე უკან დაიბრუნებდა. ბევრი რამ სცადა, თუმცა არ გაუმართლა. ის საკუთარი ჭერისთვის ისევ იბრძვის, სადაც შვილებთან ერთად უნდა იცხოვროს. მარტოხელა ქალი წლების განმავლობაში პატარა ნაქირავებ ოთახში ცხოვრობდა, ახლა კი, თავი დის მაზლის ბინას შეაფარა, იქაც დროებით, სულ რამდენიმე დღით…

 

21 წლის ასაკში, ის ოჯახმა გარიგებით დააქორწინა. გოგონა გა­უჩდათ და მალე ოჯახიც დაენგრა. მშობლებთან დაბრუნებულს მამამ სოფელ ძეგვში სახლი უყიდა. ქალიშვილი 10 წლის ჰყავდა, როცა მამაკაცი გაიცნო, თუმცა არ დაქ­ორწინებულან

 

ბიჭი რომ დაიბადა, მაშინ გაიგო, რომ მის მეგ­ობარ მამაკაცს მის პარალელურად ოჯახი ჰყოლია… მერე ძეგვში სახლი გაყიდა და თბილისში დაგირავება გადაწყვიტა. თანხის ნაწილი ახლობლებს ასესხა, ნაწილი ბინის გირაოს მოახმარა. მერე გირის თანხა ქირად იქცა და სულ დაეხარჯა. ასე აღმოჩნდა ღია ცის ქვეშ მოზრდილი ქალიშვილითა და მცირეწლოვანი ვაჟით.

მერე, მისი გოგონა რაიონში გათხოვდა, მასაც დედის დახმარება დასჭირდა.­ ამიტომ, ირმა თურქ­ეთში წავიდა და მუშაობა იქ დაიწყო. მთელ ფულს გოგონას უგზავნიდა და ვერაფრის შეგროვება ვერ შეძლო.

„საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ჩემს მეგობარ მამაკაცთან დროებით ისევ დავიჭირე საქმე,  კიდეც ერთი ბიჭი შეგვეძინა – გიორგი. შემდეგ ჩემი ბიჭების მამა საბერძნეთში წავიდა და დაიკარგაო“ – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბარში… ის ახლა, დეტალურად ჰყვება როგორ აღმოჩნდნენ მისი შვილები მინდობით აღზრდაში და ახლა, როგორ სჭირდება კეთილი ადამიანების დახმარება… ამბობს, შვილები სურნელი მენატრებაო…

 

„ჩემს შვილებს ვერ ვნახულობ, რადგან სრულიად უსახსროდ დავრჩი, მხოლოდ ტელეფონზე ვესაუბრები, ვუხსნი რომ ისინი კი არ მიმიტოვებია, გზის ფულიც კი არ მაქვს და ბავშვებიც მიგებენ. ახლა, უფროსი ბიჭი 15 წლისაა, პატარა 10-ის ხდება. თებერვალში მინდობით მშობლებთან ხელშეკრულების ვადა იწურება და სოციალური მუშაკი ყოველდღიურად მირეკავს, ბავშვები იქნებ გაიყვანო შენთანო. მათ ზარებს ვერ ვპასუხობ, რადგან პასუხი არაფერი მაქვს…

 

პანდემიის დაწყებამდე ყველაფერი გავაკეთე, ორ სამსახურში დავსაქმდი, ზაფხულში რაიონში მიწაზე სამუშაოდ დღიურ მუშად წავედი. კარგი ბინა ვიქირავე, ბავშვებს ყველაფერი გავუკეთე, რომ დამებრუნებინა, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა ჩვენი სოციალური მუშაკი ამისათვის საბუთებს აწესრიგებდა, პანდემია დაიწყო და სამუშაოების გარეშე დავრჩი, ქირას ვეღარ ვიხდიდი.

 

ახლა, ჩემი დის მაზლის ბინას რამდენიმე დღით თავი შევაფარე. არავის იმედი აღარ მაქვს, გარდა კეთილი ადამიანებისა, იქნებ ვინმეს რომელიმე სოფელში მაინც სახლი დაკეტილი ჰქონდეს, რომელსაც არავინ იყენებს და სულ რამდენიმე თვით შეგვიშვან, რათა შვილები არ დავკარგო…

 

გამოზაფხულდება თუ არა, ისევ ნაკვეთებში მუშად ვიმუშავებ და დავაგროვებ დასაქირავებელ ფულს. არავის საჭმელს და არაფერს ვთხოვ, ოღონდ ოთხი კედელი გვათხოვეთ კეთილო ადამიანებო… იცი? ჩემი შვილების სურნელი მენატრება, ხმას კი ვისმენ, მაგრამ მათი ჩახუტება მინდა… მათ გარეშე, არაფერი ვარ. საოცრად კარგი ბიჭები არიან და ოდესმე ყველა ერთად სიკეთეს სიკეთით გადაგიხდით…“ – ამბობს დედა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X