
“მოვა სიკვდილი ოხერი, მოვა და შამამაკვდება” – მღერის თემურ წიკლაური დათო არჩვაძის სიმღერაში, რომელიც ავტორ-შემსრულებელმა მისთვის, შვიდი წლის წინ, ამერიკაში ცხოვრების დროს დაწერა.
დათო “პრაიმტაიმთან” იხსენებს, თუ რა ემოცია ჰქონდა სცენის არწივს, როდესაც პირველად ეს სიმღერა მოისმინა. ავტორი იმასაც დასძენს, რომ სიმღერის პრემიერა, ამ დროის მანძილზე, არსად შემდგარა. ამიტომ მას არჩვაძე, თემურ წიკლაურის სიკვდილის შემდგომ პრემიერას არქმევს.
დათო არჩვაძე: – ჩემთვის სანუკვარი ყველა მომღერლისთვის მაქვს დაწერილი სიმღერა და ერთ-ერთი მათგანი თემურ წიკლაურია. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ მისთვის სიმღერა შემექმნა. და ამერიკაში ცხოვრების დროს, ძალიან მონატრებულ გულზე, თემურ ჩალაბაშვილის ლექსზე დავწერე სიმღერა – “ამას ჯობია”.
მივხვდი, რომ მას მარტო თემურ წიკლაური თუ იმღერებდა. ჩემი მეუღლის იდეაც იყო. ეს სიმღერა თემურის სათქმელი სიტყვა იყო. ეს უნდა ეთქვა არწივს! ეს არის სიმღერა-შეძახილი, მოწოდება.
ამერიკიდან რომ ჩამოვედი, მივედი მასთან, მანქანაში ჩამიჯდა და მოვასმენინე. ვკანკალებდი, ვღელავდი, მოეწონებოდა, არ მოეწონებოდა, არ ვიცოდი… პირველივე აკორდებზე, თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. მივხვდი, რომ ეს მისი სიმღერა იყო. შეძახილებით გამოხატავდა ემოციებს. ხმა გაებზარა და უხ, უხ-ო, ამბობდა…
მოისმინეთ სიმღერა: “მოვა სიკვდილი ოხერი, მოვა და შამამაკვდება”
ჩაწერამდე რეპეტიცია გვქონდა და იმდენად განიცადა, რომ ერთი ფრაზის დროს გაჩერდა და შეიგინა! ასეთი ფრაზაა – “ისეთი მიწა რად გინდა, სხვის ხელში გადადიოდეს, ამას ჯობია ქართველი, სამზეოს არ დადიოდეს”. სამშობლოზე გული ეტკინა და უცებ – მტერს შეაგინა. მობილურით ვიწერდი და მერე რომ ვუთხარი, აუდიო შენახული მაქვს-მეთქი, შერცხვა, გაწითლა. ზე ზრდილობიანი ადამიანი იყო. გეხვეწები, არ გამივრცელოო, მთხოვა.
თემურ ჩალაბაშვილი დიდი პოეტია. ამ ლექსში ასეთი ფრაზა აქვს. “მოვა სიკვდილი, ოხერი, მოვა და შამამაკვდება”. თემურ წიკლაურმა სიკვდილი შემოიკლა. ვერც წარმოგვიდგენია მისი სიკვდილი. მან თავისი მარადიული ყოფნით შემოიკლა სიკვდილი. თემურს, ფიზიკური გარდაცვალება, ვერაფერს დააკლებს. ის მარადიულობაში გადავიდა. ასმაგად შეიყვარა ქართველმა ხალხმა და ყოვეთვის დარჩება ჩვენს გულებში.
ეს სიმღერა იუთუბზე ავტვირთე, ხშირად ვპოსტავდი მასზე, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, გამოხმაურება არ ჰქონდა. რატომღაც არც ტელევიზია დაინტერესდა, არც მისი სასცენო პრემიერა შემდგარა. და აი, თემურის გარდაცვალების შემდეგ შედგა ამ სიმღერის პრემიერა. ჩემთვის ის მარგალიტია იმიტომ, რომ მას თემურ წიკლაური ასრულებს. სხვა ყურით მოისმენს მას უკვე მსმენელი და ეს იქნება მისი სულის უკვდავსაყოფად. ასე მოვეფერებით მის სულს.
უდიდესი მომღერალი დააკლდა საქართველოს. მართლა არწივი. უდიდესი ძალა! ქართული გენისა და ტრადიციის მატარებელი ბუმბერაზი.
ბოლოს მასთან ურთიერთობა 2019 წელს, ჭიათურის გასტროლის დროს მქონდა. მთელი დღე ერთად ვიყავით. ისეთ სიკეთეს ასხივებდა, მასთან ერთად ყოფნა ზეიმი და ბედნიერება იყო.
ყველას ბედნიერებას ჩუქნიდა. ძალიან თავმდაბალი, უბრალო და პატარა ბავშვივით იყო. მოწესრიგებული და დიდი პასუხისმგებლობით სავსე. ბუმბერაზი ადამიანები ზუსტად ისეთები არიან, როგორიც ბატონი თემური გახლდათ… ძალიან დიდი იყო. ხომ ხედავთ, აფეთქდა სოციალური ქსელი. ყველა წერს და როგორ იგონებენ…























