
საქართველოში 9 დაწესებულება „ფაიზერის“ ვაქცინისთვის საჭირო პირობებს აკმაყოფილებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, აღნიშნულ დაწესებულებებში უახლოეს მომავალში ტრენინგები დაიწყება.
თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ვაქცინაციასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
პირველი საკითხი, რომელსაც მინისტრის მოადგილე შეეხო, არის ის, სჭირდებათ თუ არა კოვიდგადატანილებს კორონავირუსის ვაქცინა.
ზოგადად, ვისაც გადატანილი აქვს ვირუსი, მათ ვაქცინა მაინც სჭირდებათ, თუმცა ჩვენს ქვეყანაში არსებული პროტოკოლის მიხედვით, პერიოდი დადასტურებიდან ვაქცინაციამდე უნდა იყოს 3 თვე.
„პირველ ეტაპზე იმ ადამიანებს, ვინც გადაიტანეს სამი თვის წინ, მათ ამ ეტაპზე ვაქცინაციას არ შევთავაზებთ, ანუ მათ მოუწევთ სადღაც მეორე, მესამე კვარტალში ვაქცინის გაკეთება“, – განაცხადა გაბუნიამ.
კორონავირუსის ვაქცინა და ბავშვები
რაც შეეხება ბავშვებს, ვაქცინაციის გეგმის თანახმად, სამიზნე ჯგუფი განსაზღვრულია 18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობაზე.
„ფაიზერის“ ვაქცინა 19 წლიდან ზემოთ არის რეკომენდირებული მისი გამოყენება და „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში მითითებულია 16 წლიდან ზემოთ. ჩვენი გეგმის თანახმად, სამიზნე ჯგუფი განსაზღვრულია 18 წლის ზემოთ, ანუ მოზრდილ მოსახლეობაზე ვსაუბრობთ, როგორც კი იქნება დამატებითი მონაცემები ვაქცინის ეფექტურობის შესახებ ბავშვებში, მაშინ მწარმოებელი გადახედავს, სავარაუდოდ, თავის პროტოკოლს და ჩვენც შესაბამისად, ამას განვავრცობთ უკვე სხვა ასაკობრივ ჯგუფებზე, ჯერჯერობით ვსაუბრობთ მოზრდილ მოსახლეობაზე გეგმის თანახმად – 19 წლის და ზემოთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ალერგიული ფონი
ხშირად ისმის კითხვა, თუ როგორ უნდა მოიქცეს ალერგიული ადამიანი კორონავირუსის ვაქცინის გაკეთების დროს და რა რეკომენდაციები არსებობს ასეთ შემთხვევაში.
როგროც თამარ გაბუნია ამბობს, უმრავლეს შემთხვევაში უმრავლეს შემთხვევებში მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არ არის, თუმცა აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობისთვის სპეციალური ინფორმაცია მაინც გავრცელდება.
„ალერგია არის საყურადღებო მდგომაროება, რომელიც უნდა შეფასდეს ვიდრე ვაქცინა ჩატარდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის საშუალებით გახდება მოსახლეობისთვის ცნობილი ინფორმაცია, სადაც დეტალურადაა განსაზღვრული ის მდგომარეობები, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. მილიონში შეიძლება ერთი შემთხვევა დაფიქსირდეს, თუმცა მზაობისთვის ეს ყველაფერი უნდა შესრულდეს“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
























