
ტელეკომოპანია “ფორმულამ” სამთვიანი მაუწყებლობის შემდეგ, გადაცემა “Super ბებიები” შეაჩერა. როგორც მისი ერთ-ერთი წამყვანი, მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, გადაცემა არხის ფინანსურ კრიზისს შეეწირა. როგორც მას უთხრეს, ტელეკომპანიაზე “ჩცდ” და გასართობი შოუები იწყება და ამ ყველაფერს ფინანსური რესურსი ვერ გაწვდებოდა.
ბუნებრივია, მსახიობს გული დაწყდა შოუზე, რომელსაც შეეჩვია, წამყვანობა გაითავისა და როგორც ამბობს, ისეთი ალღო აუღო, რომ უკვე მარტოც შეეძლო მას გაძღოლოდა.
ლაურა რეხვიაშვილმა “პრაიმტაიმთან” თავისი შენიშვნებიც დაასახელა, რომელიც “Super ბებიებთან” დაკავშირებით ჰქონდა.
ლაურა რეხვიაშვილი: – გადაცემა ფინანსური კრიზისის გამო მოხსნეს. მე ასე მითხრეს და ეს არ გამკვირვებია (ამ ქვეყანაში რა უნდა გაგიკვირდეს?!). მაგრამ უკვე რომ ავკრიფე, გავთავისუფლდი, მაგრად რომ “ავკაიფდი”, აი, ამ დროს დაიხურა.
ისე გავითავისე უკვე გადაცემის წაყვანა და ისეთი სტარტი გადავიარე, რომ ეთქვათ, მარტომ უნდა წაიყვანოო, უპრობლემოდ წავიყვანდი.
მჯერა, ყველაფერს არხი ვეღარ აფინანსებს. იწყება სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” და ნიკა არაბიძის შოუ, რომელიც “რუსთავი 2”-დან გადმოვიდა “ფორმულაზე”. ალბათ, ამ პროექტების რეიტინგი ჩვენს შოუს ამჯობინეს.
– როგორ მიიღეთ ეს სიახლე?
– როდესაც ამომწურავ პასუხს გეუბნებიან, იღებ ჩვეულებრივ. ამომწურავ პასუხში ვგულისხმობ, ვინმეს რომ ეთქვა, ეს გადაცემა რეიტინგს ვერ აწევსო. მე ხომ არ ვიცი ამ შოუს რეიტინგი. სამი თვე გადიოდა გადაცემა. არავის არ უთქვამს, მან რა რეზულტატი დადო. ალბათ, მიხვდნენ, რომ ამ გადაცემას რეიტინგი არ ექნებოდა. მოკლედ, ეს რომ ეთქვათ, უფრო ადვილად გადავიტანდი. რად მინდა ისეთ გადაცემაში მონაწილეობა, რომელსაც არ აქვს რეიტინგი? ეს არანაირ ფულად არ ღირს. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც მანამდე გაგიკეთებია, იმის რეიტინგსაც დაბლა აგდებ. ეს რაში უნდა მაწყობდეს? არავის უთქვამს ჩემთვის, ამ შოუს რეიტინგი არ აქვს და ამიტომ ვხურავთო. დღევანდელი სოციალური და პოლიტიკური ფონის გათვალისწინებით ის, რაც მითხრეს, სავსებით დამაჯერებელია ჩემთვის.

მე რომ ვალაგებდე გადაცემებს პრიორიტებების მიხედვით, ამ გადაცემას არ მოვხსნიდი. შეიძლებოდა წამყვანი შემეცვალა, თემები შემეცვალა. ეს შოუ საჭიროა, რადგან მისი წამყვანების ასაკის საზოგადოებას, არავინ ყურადღებას არ აქცევს. არც არსებობს გადაცემა, რომელიც 40 წლის ზევით მაყურებელისთვის არის განსაზღვრული.
არის პროფესიები, ასაკში რომ სიბრძნე ემატება და გამოცდილებით და დაგროვილი ცოდნით მიღებული სიბრძნე აქვთ და პირიქით, ანათებენ. ის შენც გიზიარებს, გინაწილებს ამ ცოდნას. ასეთი პროფესიის წარმომადგენელი ვარ მე. არის საზოგადოება, რომელსაც სჭირდება თანატოლთან ბაასი და სიბრძნის გაზიარება…
მე გეტყვით, ჩემი აზრით, რა აკლდა ამ გადაცემას. ჩვენ არ გვინდოდა, რომ შოუ ყვითელი ყოფილიყო. რატომ უნდა გაგვეყვითლებინა ის, რაც ნამდვილია და ვიცით. მაგრამ შეიძლებოდა მასში იუმორი ყოფილიყო. ამ ფერის და ხალისის შეტანა ნამდვილად შეიძლებოდა. ყველა ღლიცინებს, მაგრამ ჩვენთან, ჩვენი ასაკის შესაფერისი იუმორი იქნებოდა. ბერნარდ შოუ ამბობდა, სანახაობა, რომელშიც იუმორი სხარტად გადმოცემული და ყველასთვის გასაგები არ არის, ის შოუ არ არისო.
ნამდვილად აკლდა ამ გადაცემას იუმორი, მე ამას ვგრძნობდი და მე ამაზე მქონდა ლაპარაკი. შოუს გაფერადება შეიძლებოდა ისე, რომ ის არ გაყვითლებულიყო. პროდიუსერთან მქონდა ამაზე საუბარი. მან ნელ-ნელა დაიწყო და აამღერა ფსიქოლოგი, ჯანას გიტარა დააჭერინა. მე ვუთხარი, შენ ეს ადამიანები (ეს ორი წამყვანი) გაააქტიურე და ჩემი დროც მოვა, მე ცეკვა-სიმღერის და იუმორის მეტი, რა ვიცი-მეთქი. ეს ყველაფერი ჩემი პროფესიის შემადგნელია. მაგრამ ჩემი ეს დრო არ მოვიდა და გული მწყდება. რაც მოვასწარი, ვგრძნობდი, რომ ცხენზე ერთი ფეხი შედგმული მქონდა და უკვე უნაგირს უნდა მოვხტომოდი, რომ გადაცემაც დაიხურა.
ყველა მიყვარს ამ არხზე. ჩემს ინტერესში შედის მათი რეიტინგიც და კარგად ყოფნაც. სერიალის სცენარი უნდა დაიწეროს და ჩემს პერსონაჟზეც უნდა იფიქრონ. ახლა ველოდები “ჩცდ”-ს, დამირეკეს, არსად წახვიდეო და რამდენჯერ უნდა დავალაგო ეს სახლი, აღარ შემიძლია…























