
ახალგაზრდა ფეხმძიმე გოგო უმძიმეს თემაზე საუბრობს, მას სასწრაფოს საკეისრო კვეთა სჭირდება და ამისთვის საჭირო ფინანსები არ აქვს. წესით, ახლა ის მშვიდად სახლში უნდა იმყოფებოდეს, უდარდელად სუფთა ჰაერზე უნდა სეირნობდეს და პატარას მომავალს უნდა გეგმავდეს. სახლში კი, ჩვილისთვის საჭირო ყველა ნივთი ლამაზად დალაგებული უნდა ჰქონდეს. ხოო, კიდეც, როგორც ახლა მოდაშია, პატარას გამოყვანისთვის პერსონალური ლამაზი კუთხის მოწყობასაც უნდა გეგმავდეს და ლამაზი ტორიტიც უკვე შეკვეთილი უნდა ჰქონდეს, მაგრამ… დაუნდობელი ცხოვრების გამო, ორსულ გოგოს საზოგადოების მხარდაჭერა ერთი წამლის შესაძენად და საკეისრო კვეთისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად სჭირდება.
ჩვენს ყოველდღიურობაში თითქოს, ბანალური გახდა ფრაზა – “ახლა 1 ლარიც გადამწყვეტია”, “სიმბოლური თანხაც მნიშვნელოვანია” და ა.შ. ბანალურია, რადგან ყოველ ფეხის ნაბიჯზე მატერიალური სიდუხჭირისგან და ბრძოლისგან გადაქანცულ თანამოქალაქეებს ვხვდებით, ვისმენთ მათ უმძიმეს ისტორიებს, ვიღაცების ცხოვრებას უკეთესობისკენ ვახერხებთ და ვცვლით, ვიღაცებს კი მხოლოდ მორალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ და იგივე გასაჭირში ვტოვებთ…
“პრაიმტაიმის” მკითხველი თანაგრძნობით და სხვების დახმარებით გამოირჩევა, არაერთი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვლილა… 22 წლის სალომე ბლიაძე თავის სათხოვარზე საქველომოქმედო ფონდის “ერთობა საქართველოსთვის” გვერდზე – “სიკეთის სკივრიდან” საზოგადოებას ასე ამცნობს:
“გოგოებო თითოეულ თქვენგანს დახმარებას ვთხოვ, ვარ 34 კვირის ორსული. მესაჭიროება სასწრაფო საკეისრო, კლინიკაში ვერ ვწვები, რადგან სრულად დასამატებელი თანხა არ მაქვს. გარდა ამისა, არც პატარასთვის მაქვს ტანსაცმელი, რომ გამოვიყვანო. ექიმმა მითხრა, 16-მდე აუცილებლად უნდა მოხვიდეო. დიაბეტი, მაღალი წნევები, ანემია მაქვს. ამიტომ, ნაადრევად საკეისრო პინეოს კლინიკაში უნდა გამიკეთონ.
ვცხოვრობთ ქირით, არსაიდან ამ ეტაპზე, შემოსავალი არ გვაქვს. სამწუხაროდ, ლამის ბინიდანაც გაგვაგდონ, ნორმალურად რომ ვერ ვიხდით ქირას. გამგეობაში განაცხადზე პასუხი უარყოფითი მოვიდა და ახლიდან დაწერილის პასუხი არც ვიცით როდის იქნება. მეგობრებო თითოეულ თქვენგანს გვთხოვთ დამეხმაროთ და დამიდგეთ გვერდში, ეს ჩემი პატარის სიცოცხლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულ დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის.” – წერს სალომე ბლიაძე.
მას “პრაიმტაიმი” ესაუბრა. როგორც ფეხმძიმე, ახალგაზრდა გოგო ამბობს, მისი ოჯახი შემოსავლის გარეშე პანდემიის პერიოდში დარჩა. ქმარი სამსახურიდან გამოუშვეს, ალტერნატიული სამუშაო კი ჯერ ვერ მოიძია. მას არც თუ ისე დიდი თანხა სჭირდება, საკეისრო კვეთისა და აუცილებელი წამლისთვის სულ 600 ლარამდე თანხა სჭირდება.
“380 ლარი საკეისროს თანხის, კვებისა და ტამპონებისთვისაა გადასახდელი, ხოლო წამალი 140 ლარი მიჯდება, რომელიც სისხლისთვის აუცილებელია. ეს ჩემთვის მეორე ორსულობაა. უფროსი ბავშვი მალე 3 წლის გახდება. ვცხოვრობთ ქირით, მეუღლე ხან მშენებლობებზე ხან სამშენებლო მასალების მაღაზიებში მუშაობდა, პანდემიის გამო კი, უმუშევარი დარჩა. ახლა, სხვა სამუშაოს ეძებს, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერი ნახა. გვქონდა დანაზოგი სამშობიაროსთვის, მაგრამ ჩემს მკურნალობაზე დაგვეხარჯა, დიაბეტი რომ აღმომაჩნდა.
ისნის მუნიციპალიტეტში დახმარებაზე უარი მითხრეს, არც ბინის ქირის ანაზღაურებაზე მომივიდა დადებითი პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურად დაუცველები ვართ და ქულები ისეთი გვაქვს, როგორც ძალიან ცოტას – უკიდურესად გაჭირვებულებს. არსაიდან არანაირი შემოსავალი არ მაქვს. არ იფიქროთ, რომ ზარმაცი ვარ. სულ ვმუშაობდი, მაღაზიებში, ღამის განმავლობაშიც ვმუშაობდი, რომ ბავშვი ღამე ქმართან დამეტოვებინა. დედა სიმსივნით ახლახანს გარდამეცვალა და ესეც დამემატა მოუშუშებელ ტკივილად…
არ ვიცხოვრებდით თბილისში ქირით, მეუღლის სახლში რაიონში წავიდოდით, მაგრამ მისი ოჯახისთვის არასასურველი რძალი ვარ და არც მეკონტაქტებიან, არ მცნობენ. ახლა, მართლა გამოუვალი და გაუსაძლისი სიტუაცია მაქვს. საქმე ჩემი შვილის ჯანმრთელობას ეხება. ვოცნებობ, ის მაინც იყოს ჯანმრთელი…”- ამბობს სალომე ბლიაძე.
“პრაიმტაიმი” ისნის მუნიციპალიტეტს დაუკავშირდება და გაარკვევს, რატომ ეუბნებიან ბინის ქირის დაფინანსებაზე უარს უკიდურეს სიდუხჭირეში მცხოვრებ ქალს და მის მიერ შევსებულ ახალ განაცხადზე, მიიღებს თუ არა დადებით პასუხს. თუმცა, სანამ ბიუროკრატიული პროცედურები გაივლის, მანამდე პატარა უნდა დაიბადოს, რომლისთვისაც არც თუ ისე დიდი თანხაა საჭირო…






















