
ბექა გოჩიაშვილისა და ამერიკული ჯაზის ლეგენდის, ავტორ-შემსრულებლის ჩიკ კორეას თანამშრომლობა წლებს ითვლის.
2008 წლიდან, აშშ სახელმწიფო მდივნის კ. რაისისა და საქართველოს კულტურის მინისტრის ნ. რურუას მეცენატობით ბექა ამერიკის ჯულიარდის აკადემიაში არსებულ Art School-ში სწავლობდა. სწორედ იმ დროს ჰქონდა მას შეხება ამერიკელ ჯაზმენებთან. გოჩიაშვილმა მაშინ დიდი სკოლა გაიარა, გამოცდილებითა და დაუვიწყარი მასტერკლასებით.
ამერიკელმა ჯაზ-პიანისტმა, ჩიკ კორეამ დეკემბერში გამოაქვეყნა სია, რომელსაც ასე ასათაურებდა: “პიანისტები, რომელთაც ვასწავლიდი და რომელთაგანაც ინსპირირებული ვიყავი.” 70-კაციან სიაში ამერიკელმა ვარსკვლავმა ქართველი ჯაზ-შემსრულებელი, ბექა გოჩიაშვილიც შეიყვანა.
ამ თემასთან დაკავშირებით ბექამ გადაცემაში “კაცები” ერთი კურიოზიც გაიხსენა.
ბექა გოჩიაშვილი: – მირეკავს ერთი ტელევიზიის ჟურნალისტი. თქვენი ჩაწერა მინდა და ჩიკ კორეაც წამოიყვანეთო. რასთან დაკავშირებით-მეთქი? პეკინის ამბებთან დაკავშირებითო. არ ვიცი-მეთქი. მუსიკოსების სიაში რომ მოხვდიო და მესმის ფურცლების გადაშლის ხმა. ჩახედა ფურცელს და ააა პეკინი კი არა, კორეას ამბებზეო. თურმე ჩიკ კორეა გულისმხობდა.
შეგახსენებთ, დღეს ჯაზმენის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იშვიათი ფორმის სიმსივნესთან ბრძოლის შემდეგ, 79 წლის ასაკში ჩიკ კორეა გარდაიცვალა.























