
„ხვალ, 16 თებერვალს, 10 საათზე “პარლამენტში” იურიდიული და საპროცედურო კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე პროკურორი მიდის“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
„პარლამენტში“ მივლენ ჩემი ადვოკატებიც – გიორგი კონდახიშვილი, დიტო საძაგლიშვილი და ბექა ბასილაია. ადვოკატები მიდიან ერთადერთი მიზნით – პროკურორს დაუსვან კითხვები, რათა მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერში ნახოს და კიდევ ერთხელ გაიგოს რომ ხელისუფლებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, არანაირი მტკიცებულება და არანაირი არგუმენტი ჩემს წინააღმდეგ.
იმედია, გავრილოვები მორიგ სიგიჟეს არ მოიმოქმედებენ და შეუშვებენ ჩემს ადვოკატებს გავრილოვის „პარლამენტში“.
გარანტიას გაძლევთ და კიდევ ერთხელ გიმეორებთ – ვერ დამიჭერთ! ვერავინ დამიჭერთ მურუსიძით დაწყებული, ივანიშვილით დამთავრებული!
და სულ ბოლოს ბოდიში მე კი არა, აქეთ თქვენ გექნებათ მოსახდელი ჩემს წინაშე კი არა, ამ ქვეყნის წინაშე!“,- წერს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, ნიკა მელიას პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება, რომელზეც მას სასამართლომ გირაო შეუფარდა და მასთან ერთად ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯურის ტარება დაავალა.
2020 წლის 1 ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.
ამის შემდეგ, პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება, კერძოდ, გირაოს გაზრდა 100 000 ლარამდე მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა 40 000 ლარით გაიზარდა.






















