14:47 | 2021-02-16 ავტორი: Prime Time

დაუმორჩილებლობა, ყველა ვარიანტში, კანონის ფარგლებიდან გასვლაა – დავით ზურაბიშვილი ნიკა მელიაზე

დაუმორჩილებლობა, ყველა ვარიანტში, კანონის ფარგლებიდან გასვლაა – დავით ზურაბიშვილი ნიკა მელიაზე

„სახელისუფლო უწყება ან სასამართლო თუ კანონდარღვევით გამოსცემს ნორმატიულ აქტს, მისი გაუქმება ხდება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურით და არა დუმორჩილებლობისკენ მოწოდებით. დაუმორჩილებლობა ყველა ვარიანტში კანონის ფარგლებიდან გასვლაა“ – ასე აფასებს ნიკა მელიას საქმეს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი.

 

სოციალურ ქსელში ზურაბიშვილი წერს:

 

„გირაო, რაოდენ უსამართლოდაც არ უნდა იყოს ის დაწესებული, არის სასამართლოს გადაწყვეტილება და მისდამი დაუმორჩილებლობა ცხადია არის კანონის ფარგლებიდან გასვლა.

 

იმავდროულად, ადამიანი შეიძლება შეგნებულად მიდიოდეს ამაზე და ეს იყოს მორალურად გამართლებული, თუ სასჯელი არის უსამართლო. მე რომ მაგალითად გულაგის არქიპელაგს ვკითხულობდი სსრკ-ში და მერე სხვას ვაძლევდი წასაკითხად, ამით ვარღვევდი კანონს, მაგრამ უსამართლო იყო კანონი და არა ჩემი ქცევა.

 

აქედან გამომდინარე პრობლემური მელიას და ზოგადად მთელი ოპოზიციის ქცევაში ვფიქრობ არის არა ის, რომ მელიამ გადაწყვიტა არ გადაიხადოს უსამართლო გირაო. ის რომ ამბობდეს, არ ვიხდი, რადგან უსამართლობას აქვს ადგილი და თუ მიჭერთ ამის გამო, დამიჭირეთო, ეს იქნებოდა სახელმწიფოსთან დაპირიპირება არასამართლებრივი, მაგრამ მორალური პოზიციით. ახლა კი ის ამბობს, არც გადავიხდი და ვერც დამიჭერთ თქვე ფარჩაკებოო და დანარჩენი ოპოზიციაც კვერს უკრავს, არ დაგაჭერინებთო.

 

სწორედ ესაა პრობლემური: აპელირებაა არა ხელისუფლების უსამართლობაზე, არამედ მის სისუსტეზე და”სლაბაკობაზე” იმ გათვლით, რომ ხელისუფლება ავარდება ფინთი გოიმივით, მივარდება მელიას დასაჭერად, იქ ატყდება ხელების გრეხვა, ყვირილი, ჩხუბი, გაიწი-გამატარე და ყველაფერ ამის შემხედვარე ხალხში იქნებდა იფეთქოს (მეტი არაა ჩემი მტერი მაგრამ მაინც) მუხტმა.

 

პრინციპში ბოიკოტის კამპანია ლოგიკურად განაპირობებს სწორედ ასეთ, ხელისუფლების აგდება-ავარდნაზე გათვლილ ქმედებებს. აბა აკადემიურ და საკანონმდებლო საკითხებზე ქუჩაში არავინ მსჯელობს და რახან ოპოზიციმ ქუჩის გზა არჩია, მათი ქცევაც შესაბამისია. მეტიც, აწი ისინი სულ ასე მოიქცევიან და სულ რაღაც მსგავსს გამოაგდებენ ხოლმე, რადგან ბოიკოტის ლოგიკიდან გამომდინარე, სხვა რამ არსენალში არც შეიძლება ჰქონდეთ. გოიმის აგდებას კი ბევრი არც არაფერი უნდა და ასეთ შემთხვევებში ხელისუფლება თავის ჭეშმარიტ სიგოიმეს (კი არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ ამ ხელისუფლებას ზედ აკვდება) აუცილებლად გამოავლენს ხოლმე კოკასა შიგან რაცა დგას პრინციპით.

 

რა შეიძლება გამოვიდეს საბოლოო ჯამში აქედან? რასაკვირველია, კარგი არაფერი. ეს ის პროცესია, სადაც რომელმა დაპირისპირებულმა მხარემაც არ უნდა მოიგოს, ქვეყანა და სახელმწიფო ყველა ვარიანტში აგებს.

 

P.S. რაც შეეხება მელიასთვის სადეპუტატო იმუნუტეტის მოხსნას. ეს ისეთი უკაცრავად და პროჭული ქცევაა, პოლიტიკური ლოგიკა და ეთიკური ღირებულებები კი არა ქუჩის აკადემიის დაწყებითი კურსები თუ მაინც გაქვს გავლილი ადამიანს, ელემენტარულად არც უნდა იკადრო. კანონის წინაშე თანასწორობაზე ლაყაფით კი ბექა ოდიშარიები ეკაიფონ ჯო დასენს. როდის აქეთ განაღვლებდათ ერთი კანონის უზენესობა და მსგავსი საზღვარგარეთული ლიბერასტობები, რომლის შინაარსი ჩინურია თქვენთვის? აბა ბიჭო, სულ თანასწორობის იდეალის ერთგულებით აპირებთ მელის ციხეში გაშვებას“, – წერს დავით ზურაბიშვილი.

ავტორი: Prime Time

X