12:19 | 2021-02-17 ავტორი: Prime Time

ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამაგრდა – მას პარტიის წევრები და მხარდამჭერები იცავენ

ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამაგრდა – მას პარტიის წევრები და მხარდამჭერები იცავენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ღამე პარტიის ოფისში გაათენა. ნიკა მელიასთან ერთად იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრობის“ ლიდერებიც.

 

მელიას პარტიის წევრები და მხარდამჭერები იცავენ და ამბობენ, რომ მელია ჩაბარებას არ აპირებს. 

 

„ნიკა მელია თავისი ფეხით არ აპირებს ჩაბარებას. ნახეთ რამდენი ადამიანი იყო აქ და უფრო მეტი ადამიანი აპირებს მოსვლას. ნიკა მელია არ აპირებს ამ პროცესზე მიყოლას და ჩაბარებას იმიტომ, რომ ის არის მართალი.

 

თუ ისინი შემოვლენ და პარტიის შტურმს გააკეთებენ, არ ვიცი და სხვა შემთხვევაში მათ ვერ შეეძლებათ, რომ ნიკა მელია წაიყვანონ. ყველა ტიპის წინააღმდეგობას გავუწევთ იმიტომ, რომ ეს თავიდან ბოლომდე უკანონო გადაწყვეტილებაა“,- განაცხადა„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ხვედელიანმა.

 

ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. სასამართლო მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს გადასინჯვაზე იმსჯელებს.

 

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

 

 

ავტორი: Prime Time

X