
“მოზარდის საკვებ რაციონში უნდა იყოს თითქმის ყველაფერი, დაწყებული ცხიმოვანი მჟავებიდან, დამთავრებული ვიტამინებით, ოღონდ არა ხელოვნურად მედიკამენტების გზით, არამედ საკვების გზით”, – ამის შესახებ ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.
ღოღობერიძე დეტალურად აღწერს საკვებ პროდუქტებს, რომელიც მოზარდებისთვის სასარგებლოა და მათ იმუნურ სისტემაზე დადებითად მოქმედებს.
“პირველ რიგში ეს არის იოგურტი, რომელიც არ არის ბოლომდე ათვისებული, ბევრი არ იყენებს, იოგურტში ძალიან ბევრი პრობიოტიკია, ეს იმას ნიშნავს, რომ ის შეიცავს ჩვენი მსხვილი ნაწლავისთვის სასარგებლო ბაქტერიებს, როგორიცაა რძემჟავა ბაქტერიები და ასევე ბიფიდო ბაქტერიები, ისინი ავარჯიშებენ მთელი სხეულის იმუნურ სისტემას. იოგურტი კოვიდს ვერ დაამარცხებს, მაგრამ სხეულის იმუნურ სისტემას გაზრდის.
მეორე ეს არის სტაფილო, რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ სტაფილო მხოლოდ მხედველობისთვისაა კარგი იმიტომ, რომ შეიცავს A ვიტამინს, მაგრამ ასე არა არის, A ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანი იმუნური სისტემისთვის, იმისთვის, რომ ჩვენს ლეიკოციტებს ჰქონდეთ მაღალი აქტივობა.
კვერცხი ეს არის ფაქტობრივად მომავალი ორგანიზმი, ამიტომ მასში ყველაფერია, შეიცავს D ვიტამინს და ცილებს.
მოზარდის რაციონში რაც შეიძლება დიდი რაოდენობით უნდა იყოს ბოსტნეული. რაც შეიძლება ბევრი ციტრუსი, რაც შეიძლება ბევრი ვაშლი, ისპანახი, ტკბილი კარტოფილი, ნუში, რომელიც E ვიტამინს შეიცავს, მაგნიუმს შეიცავს.
შაქრებს ჩვენ ყოველთვის ვერიდებით, ჩვენ გვინდა, რომ შაქარი მიღებული იყოს მხოლოდ მცენარეების საშუალებით, ბუნებრივი შაქრებია ისინი. შავი შოკოლადი ამ მხრივ გამონაკლისია, პირიქით მისი მიღება სასურველიცაა, შეიცავს ძალიან ბერს ანტიოქსიდანტს და შეიცავს ფლავანოიდებს და ეხმარება გონებას.
რაც შეეხება ხორცს, თევზის სახით მიღებული უფრო სასარგებლოა, თუმცა ხორციც შეიძლება, ხორცში არგინინია და ეს არის ერთ-ერთი მერყევი ამინომჟავა, რომელიც ბავშვების სხეულში საკმაო რაოდენობით ვერ წარმოიქმნება”, – განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.






















