
სოციალურ ქსელებში ტყუპის დაკრძალვის შოკისმომგვრელი ვიდეო გავრცელდა: დაღესტანში, ახლად დაბადებული ჩვილების დაკრძალვის დროს, უნუგეშო მამამ შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ზეწარში თოჯინები იყო გახვეული (მუსლიმანური წესის თანახმად, გარდაცვლილებს ზეწარში გახვეულს მარხავენ), შვილების ცხედრების ნაცვლად. მამაკაცს იმედი ჰქონდა, რომ ჩვილები ცოცხლები არიან და ისინი უბრალოდ, საავადმყოფოში ჩაანაცვლეს, დედას კი უთხრეს, რომ გარდაიცვალნენ. მან მაშინვე გადაიღო ვიდეო და პოლიციას მიმართა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მის ცოლს არც კი უმშობიარია.

ვიდეო სოციალურ ქსელში თავად მამამ – დაუდ დაუდოვმა ატვირთა, სადაც ამბობს, რომ ჩვილები სტავროპოლის პერინატალურ #1 ცენტრში დაიბადნენ.
შოკისმომგვრელი აღმოჩენის შემდეგ, მამაკაცმა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა იმ იმედით, რომ ბავშვები ცოცხლები იყვნენ და მათი დაბრუნება სურდა. დაღესტნის მისი თქმით, ტყუპები 2-დან 3 თებერვლის ღამეს, ყოველგვარი პათოლოგიის გარეშე დაიბადნენ. ამის შემდეგ მისი მეუღლე ინტენსიურ თერაპიაში გადაიყვანეს და იქიდან გაწერეს 7 თებერვალს.
დედის თქმით, მას გარდაცვლილი ჩვილების განბანვა შესთავაზეს (ერთვარი რიტუალია) და დაუდოვის თქმით, სწორედ მაშინ მოხდა მათი თოჯინებით ჩანაცვლება. ამის შემდეგ კი მისი ცოლი სახლში გაუშვეს. მამაკაცის თქმით, გარდაცვლილი ჩვილები არ გაუკვეთავთ, რადგან ისლამი კრძალავს.
„სახლში რომ მივედი, პანიკაში ვიყავი. ისინი იქ იწვნენ, ერთმანეთის გვერდით. სულ ჩემი თვალთახედვის არეში იყვნენ. შემდეგ წავიყვანეთ ბავშვები სოფელში, დასასაფლავებად. ბაბუაჩემის გვერდით გავუთხარეთ საფლავი. გადავწყვიტე, ვიდრე დავასაფლავებდით, ბავშვები მენახა. პირველი ბავშვი გავხსენი და ვნახე, რომ თვალები არ ჰქონდა. თუმცა, იმდენად ჰგავდა ბავშვს, რომ მაშინ არ დავეჭვებულვარ. მეორე ბავშვი რომ გავხსენი, იგივე ვნახე. მაშინ მივხვდი, რომ თოჯინები იყვნენ და ჯერ ავყვირდი, შემდეგ კი ვიდეო გადავიღე და პოლიციაში დავრეკე“ – ჰყვება დადუდ დაუდოვი.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაუდოვის მეუღლეს საერთოდ არ შესძენია შვილები. თუმცა, ქმარი ამტკიცებდა, რომ მისი ცოლი ნამდვილად იყო ფეხმძიმედ.
ჩატარდა ქალის სამედიცინო გამოკვლევა. დასკვნა: მას არ უმშობიარია. მოგვიანებით, ქალმა წერილობით დაადასტურა, რომ მთელი ეს ამბავი გამოგონილია.
„სამი წელია, გათხოვილი ვარ, ძალიან მინდოდა შვილი და თანაც – ტყუპი. ერთხელ ცრუ ორსულობა მქონდა, რაც ექიმმა დაადასტურა. 1 წლის შემდეგ ვიგრძენი, რომ ორსულობის შესაბამისი სიმტომები მქონდა, თუმცა მალევე გავიგე, რომ არ ვიყავი ფეხმძიმედ. ვერ ვუთხარი ჩემს მაუღლეს ამის შესახებ და გავაგრძელე ისე ცხოვრება, თითქოს ორსულად ვიყავი. მალე ვაცნობე მას, ტყუპს ველოდით, რაც ძალიან გაუხარდა. ასევე ვერწმუნებდი დედაჩემსც. ვუგზავნიდი მათ ინტერნეტიდან აღებულ ექოსკოპიის სურათებს. ისე მინდოდა, ორსულად ვყოფილიყავი, რომ მუცელიც კი გამეზარდა და ბავშვის მოძრაობასაც ვგრძნობდი. 2 თებერვალს ვთქვი,რომ მშობიარობის დრო მოვიდა და იმ საბაბით, რომ პანდემიის გამო სამშობიაროში არავის უშვებდნენ, დედასაც კი უარი ვუთხარი წამოყოლაზე. ჩავალაგე ჩანთა და ტაქსით, მარტო წავედი.

მივედი სამშობიარო სახლის ეზოში, მერხზე ჩამოვჯექი და დავფიქრდი, რა უნდა გამეკეთებინა? ვიქირავე ბინა, შემდეგ წავედი მაღაზიაში და ვიყიდე თოჯინები, რომლებიც ზალიან ჰგვანან ნამდვილ ბავშვებს. 6 დღე გავატარე მათთან ერთად იმ ბინაში. ვაჭმევდი, ვუვლიდი, ვიცვლიდი ტანისამოსს. ვინაიდან თოჯინები ძალიან მსუბუქები იყვნენ და მათი ნამდვილ ბავშვად მიჩნევა მიჭირდა, ვიყიდე ქვიშა და ჩავყარე თოჯინებში. ასევე, მათ არ ჰქონდათ ბავშვის სურნელი და ამის გამო გადავწყვიტე, მეყიდა ბავშვის საჭმელი, რომელიც წყალში გავხსენი, ამოვავლე ტანისამოსი, გავაშრე და თოჯინებს ჩავაცვი. 6 დღის შემდეგ ოჯახს შევატყობინე, რომ ბავშვები გარდაიცვალნენ. თოჯინები გავახვიე ზეწრებში და შინ მივედი. ჩვენი წესის თანახმად, ბავშვები იმ დღესვე უნდა დაგვეკრძალა და ვფიქრობდი, რომ არ გამჟღავნდებოდა ჩემი ტყუილი“. – ამბობს ქალი.
„მუცელიც კი ტყუპების დედასავით გაეზარდა. ხელს რომ დავადებდი, იმასაც კი ვგრძნობდი, როგორ მოძრაობდნენ ბავშვები მუცელში. ალბათ მეჩვენებოდა ასე. მე ველაპარაკებოდი ბავშვებს, რომლებიც მუცელში იყვნენ, ცხრა თვის განმავლობაში. მარტო ალლაჰმა იცის, როგორ მოახერხა ამის გაკეთება. თუ ვინმე მადანაშაულებს სიბრმავეში, ყველაფერი ყოვლისშემძლეს ნებაა“, – თქვა მამაკაცმა.
ქალის თქმით, ნანობს, რომ შეცდომაში შეიყვანა ქმარი და ნათესავები.
ადვოკატების თქმით, თოჯინებთან დაკავშირებული ამბის შემდეგ, სავარაუდოდ, ქალს ადმინისტრაციული სასჯელი მაინც ემუქრება.






















