
2020 წლის აგვისტომდე დასრულებულ შენობებზე, სადაც ზოგიერთი პარამეტრია დარღვეული, ჯარიმები ჩამოიწერება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხდა.
„ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას, პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე. თუ დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯნის ზონა, განაშენიანების რეგულირების ხაზები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა, ავტოსადგომების რაოდენობა ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, თუმცა მათი უსაფრთხოება დადასტურებულია აკრედიტებული ექსპერტის მიერ, ყველა ზემოთჩამოთვლილი დარღვევა ჩაითვლება საპატიოდ და ჩამოიწერება დარღვევებიდან გამომდინარე დაკისრებული ჯარიმები“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, მშენებლობის ხელმეორედ შეუჩერებლობა გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
„ვფიქრობთ, ეს ღონისძიება იქნება ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტი მუნიციპალიტეტის ხელში, რომ მომავალში არ მივიღოთ დარღვევით აშენებული ათეულობით და ასეულობით შენობა-ნაგებობები. საკანონდებლო პაკეტის მესამე ნაწილი ეხება შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში შესვლის საკითხს. როგორც მოგეხსენებათ, დღეს, 2009 წელს შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, დაშვებულია შენობა-ნაგებობების გამოყენება და მასში ცხოვრება, მის ექსპლუატაციაში მიღებამდე.
ნახეთ ვიდეო: რა ახალი ინიციატივით გამოდის კახა კალაძე და ვის შეეხება ის
ექსპლუატაციაში მიღება ნიშნავს შენობა-ნაგებობის სამშენებლო ნებართვასთან და პროექტთან შესაბამისობის დადგენას. დღეს არსებული საკანონდებლო პრაქტიკიდან გამომდინარე, ადამიანები ცხოვრობენ ისეთ შენობებში, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. იმისთვის, რომ შეიცვალოს დამკვიდრებული პრაქტიკა და თავად სამშენებლო კომპანიებს ჰქონდეთ ინტერესი, აწარმოონ მშენებლობა სამშენებლო ნორმების და მშენებლობის ნებართვის შესაბამისად და შენობა შევიდეს ექსპლუატაციაში, კანონში ცვლილება ითვალისწინებს ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მომარაგების აკრძალვას.
დღეს გვაქვს ასეთი რეალობა: სრულდება მშენებლობა ისე, რომ მშენებელი ექსპლუატაციაში მიღების გარეშეც ახერხებს რეალიზაციას და აღარავის არ აქვს ინტერესი შენობა ექსპლუატაციაში შევიდეს. მშენებელი იღებს თავის შემოსავალს და ტოვებს ობიექტს. მე დიდი იმედი მაქვს პარლამენტის მხარდაჭერის. ჩვენ მზად ვართ, საზოგადოებას კანონპროექტზე დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ, განვიხილოთ, თუ ამის საჭიროება დგას. მე ღრმად მწამს, ეს ინიციატივა მოგვცემს შედეგს, რომელიც ასე სჭირდება თბილისს“,- განაცხადა კალაძემ.























