
ჭყონდიდისა და მარტვილი მიტროპოლიტის მეუფე სტეფანეს განცხადებით, დღეს აბაშის საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვაში მონაწილეობა ორმა სასულიერო პირმა: დიაკვანმა კონსტანტინე გაბისონიამ და პეტრე ღუდუშაურმა არ მიიღეს.
მეუფის თქმით, ახალხელდასმულ მიტროპოლიტს ჰქონდა საუბარი სასულიერო პირებთან.
მამა პეტრე ღუდუშაურმა მას უთხრა,რომ მეუფე პეტრეს ცაავას გარდა სხვა მეუფეს არ აღიარებს, ხოლო მამა კონსტანტინე გაბისონიას კონფლიქტი აქვს სხვა სასულიერო პირთან და მასთან ერთად საღმრთო ლიტურგიას არ დაესწრება.
ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ორივე სასულიერო პირს ერთ კვირიანი ვადა მისცა. იმ შემთხვევაში, თუ ორივე სასულიერო პირი მომდევნო კვირას წირვა-ლოცვაში მონაწილობას არ მიიღებს, შესაძლოა სასჯელი დააკისროს.
ცნობისთვის, მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) გამოსცა და ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელშიც ვკითხულობთ:
„სამღვდელმთავრო მსახურების სათანადო აღსრულებისთვის, მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული უძველესი წეს-განგების შესაბამისად, ჭყონდიდის ეპარქიის იურისდიქციაში მყოფ ყველა დიაკონს/იეროდიაკონს ეძლევა ლოცვა-კურთხევა აღასრულონ მსახურება ჭყონდიდის მიტროპოლიტთან ერთად ყოველ შაბათ-კვირას, აგრეთვე, დღესასწაულებსა და მარხვის განსაკუთრებულ დღეებში. ბრძანება სავალდებულოა აღსასრულებლად ხელმოწერისთანავე“,- ნათქვამია ბრძანებაში.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 11 თებერვალს საქართველოს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სინოდმა ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე გრიგოლის ნაცვლად მეუფე სტეფანე დაადგინა.
ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტი გრიგოლმა განაცხადა, რომ ეპარქიაში მღვდელმთავრად ვერ მიიღეს და გარკვეული სასულიერო პირები არ ემორჩილებოდნენ. მეუფე სტეფანემ კი, ეპარქიაში შემავალი სამღვდელოება ახალი ბრძანებით „დაავალდებულა“, რომ „აღასრულონ მსახურება ჭყონდიდის მიტროპოლიტთან ერთად ყოველ შაბათ-კვირას, აგრეთვე, დღესასწაულებსა და მარხვის განსაკუთრებულ დღეებში“.
ავტორი: თეა შონია
























