
ოკუპირებულ აფხაზეთში 20 თებერვალს შეწყვეტილი საეკლესიო მსახურება განახლდა. ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველის მოვალეობის შემსრულებლის, ბესარიონ აპლიას განცხადებით, აფხაზ სასულიერო პირებს იმედი აქვთ, რომ ქართული ეკლესიის მიღმა რუსეთის პატრიარქი გადაწყვეტს „აფხაზეთის მართმადიდებლური ეკლესიის” სტატუსს.
„მოსკოვის საპატრიარქო დაგვეხმარება ჩვენს დამოუკიდებელ პოზიციაში. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მხარს დაუჭერს აფხაზეთში ავტონომიური ეკლესიის ფორმირებას. ავტოკეფალიაზე საუბარი ნაადრევია, ჯერ უნდა აღდგეს ავტონომია. ჩვენთან მიდის აფხაზეთის საკათალიკოსოს აღდგენა. ეს ძალიან გრძელი პროცესია. გარდა რუსეთისა კავკასიაში, მართლმადიდებლობა არავის აღუდგენია”, – აცხადებს ბესარიონ აპლია.
მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აფხაზეთი არ იყოს ასოცირებული საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან.
მანვე აღნიშნა, რომ ქართველები ამ ყველაფერს არ დათანხმდებიან, მაგრამ თვითონ აფხაზები უნდა იყვნენ ერთსულოვნები.
ბესარიონ აპლიას განმარტებით, „აფხაზეთის ავტონომიური მართლმადიდებლური ეკლესიის” აღსადგენად, მოსკოვის საპატრიარქო დაეხმარება მათ აფხაზურ ენაზე მსახურების ორგანიზებაში, რისთვისაც რუსეთში გამოიცემა სპეციალური ლიტერატურა, შეიქმნება მთარგმნელობითი კომისიაც.
ავტორი:თეა შონია






















