20:45 | 2021-03-01 ავტორი: თამარ გონგაძე

“უცენზურო სიტყვები მქონდა გამოყენებული” – იუბილარი გელა ჩარკვიანი გამორჩეულ დაბადების დღეს იხსენებს

“უცენზურო სიტყვები მქონდა გამოყენებული” – იუბილარი გელა ჩარკვიანი გამორჩეულ დაბადების დღეს იხსენებს

პუბლიცისტი, მწერალი, დიპლომატი – გელა ჩარკვიანი 1 მარტს 82 წლის გახდა. რამდენიმე დღის წინ ინტერვიუ მოგვცა, ასეთ დეპრესიულ განწყობაზე არასდროს ვყოფილვარო. განწყობა პანდემიას მიაწერა. პირველად არის, რომ არც დაკვრა მინდა, არც რაიმეს წერაო.

 

“მთელი ცხოვრება, ყოველდღე ერთ საათს მაინც ვუკრავდი ფორტეპიანოზე. აღარ ვუკრავ. არც მახსოვს, ოდესმე თუ ვუკრავდი. დეპრესიაც ხომ სურვილების დეფიციტია. არაფერი აღარ გინდა.

 

პირველად ვარ ასეთ დეპრესიულ მდგომარეობაში. 82 წლის რომ ხარ, წინ რა გაქვს? არაფერი…გარდა ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი მომენტისა. თუმცა ამ მომენტის დადგომა შენზე არ არის დამოკიდებული” – გვითხრა გულღიად.

 

ამგვარი განწყობის მიუხედავად, იუბილარმა, დღეს, “პრაიმტაიმის” მკითხველისთვის მაინც შეძლო ერთი მისთვის განსკუთრებული 1 მარტის გახსენება. მაშინ ბატონი გელა 35 წლის გახდა და თუ როგორ დახვდა სტუმრებს, ამას თავად გვიამბობს.

 

სამ წუთში მოყოლილი ცხოვრება

 

გელა ჩარკვიანი: – ძალიან კარგად მახსოვს 1974 წლის დაბადების დღე. სტუმრებს დავახვედრე დადგმული ჩემი მიუზიკლი “ნარგიზა”. მე დავდგი და თვითონ გახლდით მთხრობელი. საკონცერტო შესრულება იყო, 21 მუსიკალური ნომრისგან შედგებოდა. ვმღეროდით მე და ჩემი მეგორები – ოთარ წერეთელი, მისი მეუღლე ლილი ქადაგიძე-წერეთელი და გივი ხომერიკი.

 

ისეთი პიესა იყო, მაშინ სხვაგან ვერ დაიდგმებოდა. უცენზურო სიტყვები მქონდა გამოყენებული. პიესა კომკავშირის ბიუროს სხდომაზე იყო… ამიტომ სხვა გზა არ იყო და სახლში დავდგი.

 

ესწრებოდნენ გიორგი შენგელაია, კოკა იგნატოვი, კოკი მახარაძე და სხვა მეგობრები… აუდიტორია კმაყოფილი დარჩა. მიუზიკლის შემდეგ იყო შესანიშნავი ალაფურშეტი. იყო ჭამაც, სმაც და ხელოვნებაც.

 

მოგვიანებით, 2014 წელს “ნარგიზა” გამოვიდა როგორც წიგნი დისკთან ერთად. შეიძლება მერე დაიდგას კიდეც, ვნახოთ…

 

სხვათა შორის, ორი წლის შემდეგ გავიმეორეთ ასეთივე დაბადების დღე. ისევ დავდგით “ნარგიზა”. ბუნებრივია, აუდიტორია ზუსტად იგივე არ იყო. შემსრულებლები კი ვიყავით იგივე იმ განსხვავებით, რომ ლილი ორსულად იყო, თუმცა მაინც მღეროდა…

 

საკუთარი დაბადების დღე ისე რაა, თუმცა რატომ არა? მიყვარს. ზოგჯერ კარგი გამოდის, ზოგჯერ – არა.

 

როგორ ინარჩუნებს გელა ჩარკვიანი მაგიურ კონტაქტს გარდაცვლილ მეუღლესთან - რეიტინგი

 

1939 წლის პირველ მარტს დავიბადე, მაშინ, როცა მამა უკვე საბჭოთა საქართველოს პირველი პირი იყო. საქართველოში სხვა არა­ვინ ვიცი, ვინც საბჭოთა ეპოქაში ჩემსავით პოლიტიკური პირამიდის წვერზე მოევლინა ამ ქვეყანას.

 

ამ გარემოებამ გარკვეული დაღი დაასვა ჩემს ხასიათს – დაბადებიდან საყოველთაო თაყვანისცემამ და, დედაჩემის გარდა, ყველას მიერ ჩემი ნებისმიერი სურვილის უპირობო შესრულებამ ერთი სისუსტე დამიტოვა: დღემდე სიკვდილზე უფრო უარის გაგონების მეშინია. ამიტომ არავის, არასდროს, არაფერს ვთხოვ. უფრო სწორად, ვერ ვთხოვ, მაშინაც კი, როცა ძალიან მჭირდება და უარყოფითი პასუ­ხის მიღების ალბათობა უკიდურესად მცირეა…

ავტორი: თამარ გონგაძე

X