19:25 | 2021-03-02 ავტორი: Prime Time

რას გულისხმობს დოკუმენტში მთავარი სიტყვა „პოტენციური“ – ანუ რის საფუძველზე ჩაინიშნება არჩევნები

რას გულისხმობს დოკუმენტში მთავარი სიტყვა „პოტენციური“ – ანუ რის საფუძველზე ჩაინიშნება არჩევნები

2021 წლის 1 მარტს საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ესტუმრა. მაღალი რანგის ევროპელმა სტუმარმა ვიზიტის დროს საქართველოს კიდევ ერთხელ დაუფიქსირა მხარდაჭერა, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა საკითხში.

 

მიშელმა ქართულ მხარეს დახმარება აღუთქვა ეკონომიკური კრიზისის დამარცხებასა და ვაქცინაციის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში.

 

თუმცა შარლ მიშელის მთავარი გზავნილი, რაც საქართველოში ვიზიტის დროს გააკეთა, რეგიონში და საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის აუცილებლობაა.

 

„ჩემი ვიზიტი არის პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც გამწვავებული კრიზისია. ეს რა თქმა უნდა, ძალიან აშფოთებს ევროკავშირსაც და მეც პირადად. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, ინტენსიურად იმუშაონ იმაზე, რომ მოხდეს სიტუაციის განეიტრალება. ჩვენი შეხვედრის დროს მოვუწოდებ ამ მოქმედებისკენ, პასუხისმგებლიანი მოქმედებისკენ, დიალოგისკენ პოლიტიკურ მხარეებს შორის ოპოზიციასთან და მთავრობასთან. მე საშუალება მექნება, რომ შევხვდე და მქონდეს გულწრფელი საუბარი პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ვიცი, რომ პოლიტიკური დებატები საჭიროებს აუცილებლად „ლიდერშიფს“, ყველა მხარის ჩართულობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს აქვს ყველა საშუალება, ეს გამოწვევა მიიღოს და კონსოლიდირება მოახდინოს ამ დემოკრატიული ბაზების არამხოლოდ იმ კავშირში, რომელიც ევროპასთან აქვს, არამედ თვითონ თავისი დემოკრატიული ბაზების კონსოლიდაცია, რომ მოხდეს ადამიანის უფლებათა დაცვა ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ ადამიანების სურვილები განხორციელდეს, პოლიტიკური სტაბილურობა შეიქმნას, რომელიც ღია დემოკრატიით იქნება გამყარებული, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით, რათა გამყარდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა. ეს მიზნები, რა თქმა უნდა, ჩვენი ასოცირების შეთანხმებაშია ასახული, რომელიც ძალიან ამბიციურია, ასახავს ევროპის მხარესაც და მოიცავს საქართველოს ვალდებულებებს“, – განაცხადა მიშელმა.

 

ევროსაბჭოს პრეზიდენტს საქართველოში ჩამოსვლა იმ დროს მოუწია, როცა ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს და პარლამენტში არ შედის. ჩიხშია შესული ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებიც.

 

ევროპელმა სტუმარმა შეძლო და დაპირისპირებული პოლიტიკური მხარეები ერთი დღით კვლავ მოლაპარაკების მაგიდასთან დააბრუნა.

 

შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოლაპარაკებებისთვის 6 პუნქტიანი დოკუმენტი წარუდგინა, სადაც ყველა ის საკითხია მოცემული, რომელთა გადაჭრის გარეშეც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა რთულად წარმოსადგენია.

 

გთავაზობთ, რა წერია შარლ მიშელის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ 6-პუნქტიან დოკუმენტში:

 

1. ამბიციური საარჩევნო რეფორმა

  • საქართველოში დემოკრატიის ღრმა კონსოლიდაციისთვის

 

2. ​კანონის უზენაესობა / სამართლის რეფორმა

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით კითხვები
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნები
  • რეფორმები კორუფციასთან ბრძოლის გასაძლიერებლად

 

3. პოლიტიკური მართლმსაჯულება / პატიმრების საკითხი

 

4. ძალის გადანაწილება პარლამენტში

  • საგამოძიებო კომისია
  • პარლამენტში როლებისა და პასუხისმგებლობების სამართლიანი განაწილება

 

5. პოტენციური ვადამდელი არჩევნები / მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის

 

6. ფასილიტაციის / მედიაციის გაგრძელება და განხილვა 2021 წლის მარტში.

 

დოკუმენტის მთავარი და ყველაზე რთული ნაწილი “პატიმრების საკითხი” და “პოტენციური ვადამდელი არჩევნებია”. დოკუმენტი მხარეებს ამ თემებზე საუბრის საშუალებას აძლევს და ოპოზიციისთვის ხელისუფლებასთან დიალოგის დროს აქემდე არსებული წითელი ხაზეთი თითქოს გაფერმკრთალდა.

 

თუმცა შარლ მიშელის ვიზიტის დასრულების შემდეგ ხელისუფლების რიტორიკა შეიცვალა. ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება ვადამდელ არჩევნებს, თუ ოპოზიცია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩაერთვება და არჩევნებში “ქართული ოცნების” სასარგებლოდ 1%-იან გადაცდომას დაამტკიცებენ. რაც პოლიტიკურ პროცესს, ფაქტობრივად, მიშელის ვიზიტამდელ ვიტარებაში აბრუნებს.

 

“ძალიან კარგი შეხვედრა შედგა გუშინ, ოპოზიცია იყო კონსტრუქციული. არსებობს კონკრეტული ჩამონათვალი საკითხების, რაც ისედაც იდო მაგიდაზე, უბრალოდ, დაემატა რამდენიმე საკითხი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მყარი პოზიცია ყველა საკითხზე. გუშინ შეხვედრიდან გამოსულმა ჩვენმა ოპონენტებმა სცადეს სპეკულირება, რომ თითქოს, იქ ვადამდელ არჩევნებზე იყო საუბარი. პირიქით, ამ საკითხზე საუბარი არ არის. არის მხოლოდ იმ შემთხვევაში და ეს ჩვენი პოზიციაა, რომელზეც მყარად ვდგავართ და მომავალშიც ასე იქნება, რომ არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, ერთადერთი პირობის გარდა თუ ჩაერთვებიან კომისიის მუშაობაში და 1%-იან გადახრას იპოვიან ოცნების სასარგებლოდ. მინდა ქართული საზოგადოება დავარწმუნო, რომ პირიქით, ეს საკითხი გვერდზე იქნა გადაწეული.”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მოგვიანებით კი ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დროს არსებული “წითელი ხაზები” აღადგინა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. მისი თქმით,  ვადამდელი არჩევნები ოპოზიციის ახირებაა და ამასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” პოზიცია უცვლელია და საკითხი არ განიხილება.

 

„ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსირე და ახლა მინდა, საჯაროდ დავაფიქსირო. საკითხი შეეხებოდა მელიას გამოშვებას. ჩემი პოზიცია იყო, რომ ჩვენ არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში. ბატონ მელიას, მის ოჯახს ან პარტიის წევრებს აქვთ სრული შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დღეს გადაიხადონ მოთხოვნილი გირაო, თუ მათ ინტერესებში შედის ბატონი მელიას ციხიდან გამოყვანა, ვიდრე საბოლოო განაჩენი დადგება საქმეზე, იგი იყოს გამოყვანილი ციხიდან.

 

მეორე საკითხი შეეხებოდა სრულ მზაობას საარჩევნო რეფორმასთან მიმართებაში, ამაზე უკვე დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ეს მოიცავს ვრცელ კომპლექსურ საკითხებს, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ, გავაუმჯობესოთ საარჩევნო რეფორმა, ეს ეხება ადგილობრივ არჩევნებს, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს.

 

მესამე საკითხი – ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი, ეს არის წითელი ხაზი, ეს არის საკითხი, რომელიც არ განიხილება. ეს მე გუშინ შეხვედრაზეც დავაფიქსირე. არავითარი ლეგიტიმური საფუძველი, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის არ არსებობს. მე იქ გავეცანი და მოვისმინე მონაწილეებს საღი კონსტრუქციული მოსაზრებები, ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, ვივარაუდო, რომ აღნიშნული დიალოგი ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით. ეს ნიშნავს, რომ უნდა შევძლოთ ერთიან პარლამენტში მუშაობა, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკური ცხოვრებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მათგან განსხვავებით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება მზადაა ყველა იმ საკითხის განსახილველად, რომელიც შესულია იმ თემების ჩამონათვალში, რაზეც გუშინ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიატორობით იმსჯელა.

 

მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესში პოტენციურ რიგგარეშე არჩევნებზეც უნდა იყოს საუბარი და ოპოზიციის მხრიდან “ნოვატორულ” იდეებს ელოდება.

 

“აქ მთავარი არის სიტყვა პოტენციური, რის საფუძველზე შეიძლება ჩაინიშნოს არჩევნები და ეს არის ის საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული, ჩვენ აქამდე ვამბობთ, რომ ვადამდელი არჩევნების წინაპირობები არ არის, იმიტომ, რომ ჩვენი ოპოზიცია ვერანაირად ვერ ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა, შესაბამისად, გავაგრძელოთ ამაზე საუბარი, თუ რამე ნოვატორული იდეა ექნება ოპოზიციას ჩვენ ამას მოვისმენთ დიდი სიამოვნებით,”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

თავის მხრივ ვადამდელი არჩევნების საკითხის განხილვის გარეშე მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელება არარეალისტურად ეჩვენებათ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც.

 

სალომე სამადაშვილის თქმით, რიგარეშე სარჩევნების თემისა ამოწურვის გარეშე მხარეთა შეთანხმება ვერ შედგება და პროცესი უშედეგო იქნება.

 

“მოლაპარაკებების წინ იმის გამოცხადება, რა ვერ გადაწყდება, არ არის სწორი. ეს დოკუმენტი ასახავს იმ პრობლემებს, რომელიც დღის წესრიგში დგას და რომელსაც ჩვენ ვთანხმდებით, რომ ამ პრობლემების გადაჭრის გარეშე შეთანხმება ვერ მიიღწევა. ამ ჩამონათვალში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის პოლიტიკური პატიმრების თემა. ეს არის განაცხადი, რომ ამ საკითხის დახურვის გარეშე ჩვენ წინ ვერ წავალთ.

 

რაც შეეხება არჩევნებს, ჩანაწერი, რომ პოტენციურად ვადამდელ არჩევნებზე უნდა ვისაუბროთ, ნიშნავს იმას, რომ ეს არის ერთ-ერთი თემა, რომლის ამოწურვის გარეშე მოლაპარაკებების პროცესი ვერ დასრულდება შედეგით,”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

 

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ვითარებიდან და ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვასსკეპტიკურად უყურებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე. მისი თქმით,  ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არ სურს, ხოლო ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნების გარეშე არ სურს საუბარი. აქედან გამომდინარე დიალოგის გაგრძელებას პერსპექტივა არ აქვს.

 

“გუშინვე თქვა ოპოზიციამ, რომ ვაპირებთ იმის გაკეთებას რასაც ვგეგმავდითო, მაგრად დღეს თურმე ხელისუფლებამაც თქვა, არც მელიას გაათავისუფლებს და არც რიგგარეშე არჩევნებზე წავა და მხოლოდ საარჩევნო კოდექსზეა ლაპარაკი. მაშასადამე ამ შეხვედრის შემდეგ თუ არც ოპოზიცია აპირებ თავისი ქმედებების შეცვლას და არც ხელისუფლება, მაშინ რა დიალოგზეა ლაპარაკი, რაზე უნდა ილაპარაკონ რომც შეიკრიბონ. ერთადერთი დადებითი რაც არის არის ის, რომ ფასილიტატორობას მორჩნენ და მოდერაციაზე გადავიდნენ, თუმცა არც ეს არ იქნება საკმარისი. სამწუხაროა ამას რომ ვლაპარაკობ, მაგრამ თუ ჩვენს პარტნიორებს უნდათ, რომ ამ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს, არც მოდერატორობის ფუნქცია იქნება საკმარისი, მათ რეალურად მსაჯულის ფუნქცია უნდა აიღონ. ხმამაღლა და საჯაროდ თუ არ იტყვიან, დახურულ შეხვედრებზე უფრო კატეგორიულები უნდა იყვნენ. კი შეიძლება უნდა ხელისუფლებაში მოსვლა და არც ხელისუფლებას უნდა ძალაუფლების დაკარგვა, ორივე იმას მაინც აცნობიერებს რომ თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა არ იქნება ამ ქვეყანაში იქნება კატასტროფა და ეს კატასტროფა შეეხება ყველას”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ “პრაიმტაიმთან”.

 

 

ავტორი: Prime Time

X