17:25 | 2021-03-04 ავტორი: Prime Time

Exclusive: ვატო ყიფიანი საქართველოშია – გახმაურებულ საქმეზე ის სუსში დაკითხეს?!

Exclusive: ვატო ყიფიანი საქართველოშია – გახმაურებულ საქმეზე ის სუსში დაკითხეს?!

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ვატო ყიფიანი, რომლის სახელმა საქართველოში სხვადასხვა დროს რამდენიმე გახმაურებულ საქმეში გაიჟღერა, საქართველოშია.

 

„პრაიმტაიმმა“ მოიპოვა ფოტო, რომელიც თბილისშია გადაღებული.

 

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მან ცოტა ხნის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე ჩვენება მისცა.

 

საუბარია ძმები – დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადებაზე, რის ბრალდებითაც ჯერ კიდევ გასული წლის იანვარში საქართველოში 6, უკრაინაში კი – 1 პირი დააპატიმრეს.

 

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ფეიქრიშვილების აფეთქებას ავტომობილში გეგმავდნენ.

 

 

 

ამავე თემაზე ↓ ვატო ყიფიანის აუდიოჩანაწერი ძმები ფეიქრიშვილების საქმეზე

 

 

ფეიქრიშვილებს თბილისში „ტყუპების“ მეტსახელით იცნობენ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მათი ლიკვიდაციის შეკვეთა უკრაინიდან სწორედ ვატო ყიფიანმა გასცა.

 

მას შემდეგ, რაც „პრაიმტაიმმა“ ვატო ყიფიანის საქართველოში ყოფნის შესახებ გაარკვია, მისი დაკითხვის თაობაზე ინფორმაცია დაგვიდასტურეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც.

 

უწყებაში განგვიმარტეს, რომ ვატო ყიფიანი საგამოძიებო ორგანოში ძმები ფეიქრიშვილების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. ის სუსში 2 მარტს გამოცხადდა და ჩვენება მოწმის სტატუსით მისცა.

 

„პრაიმტაიმი“ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა და შეეცადა გაერკვია, არის თუ არა ოფიციალური ძებნა გამოცხადებული ვახტანგ ყიფიანზე, ან აღძრულია თუ არა რაიმე სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ. შსს-ში გვითხრეს, რომ „აღნიშნული მოქალაქე ძებნილთა სიაში არ ფიქსირდება და არც სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული.

 

ძმების ფეიქრიშვილების აფეთქების მომზადების საქმეზე ვატო ყიფიანმა საგამოძიებო ორგანოში დაკითხვის მზადყოფნა ჯერ კიდევ გასულ წელს გამოთქვა და ადვოკატის მეშვეობით ვიდეო-მიმართვაც გაავრცელა.

 

„ნერვები მაქვს დაგლეჯილი. თითქოს მე ვისთანაც არ მაქვს შეხება მინდოდა იმათი აფეთქება. ან არის ასეთი ფიქრები, ან ასეთ [სურათს] ხატავენ – შეიძლება ბავშვები ყოფილიყვნენ საბავშვო ბაღში. თუ ესეთ სიბინძურეზეა ლაპარაკი, მე მზად ვარ, მითხრან და როცა მეტყვიან ჩამოვიდე, ოღონდ სიმართლე დადონ. რაღაც სიბინძურეს ნუ ხატავენ, რომ ვატო ყველაფერზე წამსვლელია“, – ამბობდა ვატო ყიფიანი.

 

უფრო მეტს, ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების შესახებ გაიგებთ აქ → ბათუმში „ტყუპების“ აფეთქებას ტროტილით გეგმავდნენ.

ავტორი: Prime Time

X