
პეტრე არაა თქვენი მეუფე, იმიტომ, რომ ცილისმწამებელია, – ამ სიტყვებით მიმართა მრევლს ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანემ საკვირაო წირვის შემდეგ ქადაგებისას.
მეუფე სტეფანემ მრევლს, ტაძარში მოსვლისა და მეუფე პეტრესთვის ლოცვისკენ მოუწოდა. ამასთან, მეუფე სტეფანემ ურჩობის გამო ორი დიაკონი დასაჯა და მსახურებიდან განაყენა.
“მას ცილისმწამებლის პოზიცია უკავია და მის გარშემო უამრავი მშფოთვარე ხალხია, თუნდაც ეს დიაკვნები, რომელიც მან აცდუნა, თუნდაც ის ხალხი, რომელიც მის გარშემოა, რომლებსაც გონიათ, რომ კაი კაცობის გამო რამე შეუძლია. აცხადებდნენ, რომ მეუფე გრიგოლი კარგი კაცია, მაგრამ ჩვენი მეუფე პეტრეა. პეტრე არაა თქვენი მეუფე, იმიტომ, რომ ცილისმწამებელია და ამ ეპარქიის მეუფე აღარ არის, წმინდა სინოდმა გამოუტანა ისეთი მსჯავრი, რომელიც მას ეკუთვნოდა.
ერს ვთხოვ, ჩვენს პატრიარქს ნუ ჩათვლის ნურავი დამნაშავედ ცილისწამების გამო, ვინც არის დაბრკოლებული მოდით ეკლესიაში და ილოცეთ თქვენი სულებისთვის, უწმინდესისთვის და იმ პეტრესთვისაც, რომლისთვისაც ყოველ დღე ვლოცულობ, ვილოცოთ და ვეცადოთ, რომ უფლის შეწევნა მასაც ქონდეს, იქნებ ამ პრობლემიდან გამოვიდეს”, – ამბობს მეუფე სტეფანე.
ცნობისთვის, 11 თებერვალს გამართული წმინდა სინოდის განჩინების თანახმად ჭყონდიდის მიტროპოლიტად მეუფე სტეფანე დაინიშნა. ხოლო ეპარქიის დროებითი მმართველი, მეუფე გრიგოლი წალკის ეპარქიას დაუბრუნდა.






















