
ფოლკლორისტი ამირან არაბული 8 მარტს 65 წლის გახდა. უთქმელი და უსიტყვო კაცია და ასე უჩუმრად დავბერდითო, გაგვანდო მისმა ასევე ფოლკლორისტმა მეორე ნახევარმა, ეთერ თათარაიძემ.
ეთერო და ამირანი ერთ-ერთი გამორჩეული წყვილია არამხოლოდ ფოლკლორულ გარემოში, ზოგადად, ჩვენს საზოგადოებაში. მართლა უჩუმრად დადიან, სოფელ-სოფელ, მხარე-მხარე, ხალხში, საფლავებზე და უსიტყვოდ აკეთებენ თავიანთ მადლიან საქმეს, ფოლკლორს “აგროვებენ”, წერენ, გვინახავენ…
“ძველთაგან”, მეოცე საუკუნის ადამიანებში, არც თუ იშვიათად შეხვდები წყვილს, რომლებიც ისე გალევენ წუთისოფელს, სიყვარულს სიტყვიერად რომ უხსნიან ერთმანეთს, სამაგიეროდ, გულს არ ტკენენ და მეორე ნახევარს გემრიელად არგებენ ცხოვრებას.
ამირანს ერთხელაც არ უთქვამს რომ ვუყვარვარ. ისე მოვედით აქამდეო, გვითხრა ეთერ თათარაიძემ.

ეთერ თათარაიძე: – ძალიან ჩუმად მოგვწონდა ერთმანეთი, ეტყობა, გვიყვარდა… ყველაფერი ასე დაიწყო: 1979 წლის 14 აპრილს ხალხური პოეზიის პირველ საღამოზე, ფილარმონიაში, მე ჩემი ლექსებით პირველად წარვდექი საზოგადოების წინაშე. აბიტურიენტი გახლდით. ამირანი, თურმე, თავის მამასთან ერთად ესწრებოდა ამ საღამოს. მერე უკვე დედამთილმა მითხრა, ჩემი ქმარი რომ დაბრუნდა თბილისიდან, თქვა, ეგეთ საღამოზე არ ვყოფილვარ, ეს სად მოვხვდიო და ამირანს ემადლიერებოდაო. მათთან რომ მივედი სახლში, ასე უთქვამს ცოლისთვის, ეთეროზე გავიფიქრე, ნეტა მას, ვის ოჯახშიც ეს გოგო შევაო. ჩემგან ამის თქმა უხერხულია, მაგრამ ფაქტს ვყვები.
ღვთიური ხალხი იყო ამირანის მშობლები, მათთან განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა. თვლიდნენ, რომ გაუმართლათ.

1979 წლის 14 აპრილს ეთერის შესახებ, რომელმაც ძველი თუშური დიალექტი პოეზიაში გააცოცხლა, მთელმა ქვეყანამ გაიგო. სოლოლაკში იპოვეს მისი სახლი და ყოველდღე სტუმრობდნენ, მიჰქონდათ ყვავილები, აკითხებდნენ ლექსებს. ამ გულშემატკივართა შორის იყო ამირან არაბული, რომელსაც უკვე გულში ჩავარდნოდა ეს საინტერესო და პოეტი თუში გოგონა.
ეთერ თათარაიძე: – სოლოლაკში ქირით ვცხოვრობდი. არ ვიცი, საიდან იგებდნენ ჩემს მისამართს. 15 აპრილს დაიწყო ჩემს სახლში სტუმრიანობა… კარიდან ჩემს ოთახამდე დიდი შუშაბანდი უნდა გამევლო. დაუჯერებელი რამ ხდებოდა, დერეფნის ორივე მხარეს ყვავილების ბილიკი მხვდებოდა… ეს არ იყო მხოლოდ ამირანის ყვავილები… ეს მთელი საქართველოს მიერ მოტანილი ყვავილები იყო.
პირველად, მეცხრე საუკუნის თუშურ დიალექტზე დაწერილმა ლექსებმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია. ასეთი სიძველის დიალექტზე, ჩემამდე, თუშურ ხალხურ პოეზიაშიც კი არ ყოფილა დაწერილი. ამიტომ ლიტერატურულ წრეებში და არა მხოლოდ, დიდი ინტერესი გამოიწვია. ნებისმიერი ასაკის ადამიანები მოდიოდნენ და ყვავილები მოჰქონდათ. არც ვიცოდი, სად უნდა წამეღო ამდენი ყვავილი, მეზობლებს ვურიგებდი. წარმოუდგენელი ამბავი იყო. არ ვამეტებ, მოყოლაც მერიდება, მაგრამ ასე იყო. მათამამებდნენ…
ან როგორ იგებდნენ ჩემს მისამართს, არ ვიცი. ქიქოძის ქუჩაძე ვცხოვრობდი. მიყვარს ის ადგილი, ჩემთვის იქ დაიწყო სხვა სამყარო.
შინ ვმასპინძლობდი ყველას და თხოვნებს ვუსრულებდი – ლექსებს ვკითხულობდი. ხანდახან სამი, ოთხი ჯგუფი ერთად მოდიოდა.
იმ 14 აპრილის საღამოს დამსახურებით, ერთადერთი ვიყავი, რომელიც ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, საბჭოთა კავშირის 15 რესპუბლიკიდან, უგამოცდოდ ჩამრიცხეს, გამონაკლისის სახით.

ჩემთვის ამ მნიშვნელოვანი საღამოდან, მესამე დღეს მოვიდნენ ტარიელ ხარხეულაური, ბაბუა ალუდაური და ამირან არაბული. ამირანი მარტო არ მოდიოდა, სულ მეგობრებთან ერთად მსტუმრობდა. მახსოვს, კარგა ხანს დარჩნენ და მთხოვდნენ – კიდევ და კიდევ წამეკითხა ლექსები. დავმეგობრდით. ტარიელი და ამირანი ახლო მეგობრები იყვნენ, მოგვიანებით, ამირანის მეჯვარე გახდა.
მერე უკვე, სტუდენტობის დროს, ეზოში ვიყავით ჩამოსული. მოვიდა ტარიელი და მეუბნება, ახლა მე და ამირანი მამაშენთან მივდივართო. რატო-მეთქი, გამიკვირდა. შენი ხელის სათხოვნელადო. მე ხუმრობა მეგონა. მე კი ვხვდებოდი, რომ ამირანს მოვწონდი, მაგრამ არც ისე იყო საქმე, რომ ხელის სათხოვნელად მისულიყო მამაჩემთან.
მართლა წასულან. ორ დღეში უკან მობრუნდნენ და ამბავი მომიტანეს. მამას შირაქში ჩააკითხეს, ცხვარში. მამას უკითხავს, ამხელა გზაზე გატარათ ეთერომ, იცისო? ტარიელს უთქვამს, იცისო. მე ჩემს შვილს ვენდობი, თანახმა ვარო. ბიჭებს რაღაც საგზალი ჩაუტანიათ და სად გავშალოთო, უკითხავთ მამაჩემისთვის. იქვე მინდორში ყვავილები ბიბინებდაო, ყვებოდნენ. მამა პოეტური კაცი იყო. ნახეთ, რომელი სუფრაც მოგეწონებათ, იქ გაშალეთო, უთქვამს.

უსიტყვო ადამიანია ამირანი, უხმო. ცოლად ისე გავყევი, სიყვარული არ აუხსნია. კი ვხვდებოდი, შინისკენ მიმავალს, გვერდით ამირანი რომ გამიჩნდებოდა და მეტყობა, მეც მაქეთ მოვდივარო, “რაღაც” ხდებოდა.
ტრანსპორტში რომ ვიჯექი და რუსთაველზე მივდიოდი (მაშინ მთელ საზოგადოებას ამ პროსპექტზე ნახავდით), ვერავის ვხედავდი, მაგრამ უცებ მათ შორის ამირანს თუ დავინახავდი, მამახსოვრდებოდა. რატომღაც გამოვარჩევდი. არადა, ვერ ვიტყვი, რომ თავიდანვე შემიყვარდა.
ასე ვითომ “შემთხვევით” დამგზავრებულმა ამირანმა, ქუჩაში გამაცნო გოდერძი ჩოხელი, რომელიც ჩაის სახლთან შეგვხდა და ჯიბეში ბაყაყი ეჯდა… ამირანი სულ მეუბნებოდა, გოდერძი უნდა გაგაცნო, მაგარი მწერალი და მაგარი რეჟისორიაო. მაშინ მას არავინ იცნობდა. ამირანი და გოდერძი ერთად ცხოვრობდნენ სტუდქალაქში.
მოვდივართ ქუჩაში და აი, გოდერძი მოდისო, თქვა ამირანმა. გოგოსთან ერთად მოდიოდა. ეთეროოო, დამიძახა შორიდან ჩოხელმა. უცებ მეუბნება, ახლა ჩემი და ამირანის ძმაკაცს გაგაცნობო, დერმატინის ქურთუკი გადაწია და დახეულ სარჩულში ეჯდა ბაყაყი. საოცარი ბაყაყი, სუნთქვისას დგაფა-დგუფით რომ ბერავს ყელს. ვიფიქრე, რა არანორმალურები არიან ამირანიანად-მეთქი.
ასე დაიწყო ჩვენი უგონო მეგობრობა. ასე აიღებს გოდერძი თავის თავზე ამირანის მეჯვარეობას, სამივე შვილს მოგვინათლავს. ერთ-ერთის ნათლობაზე არ იყო და მერე გააპროტესტა. მოძღვარს თხოვა, მისი სახელი შეეტანა ნათლობის წიგნაკში. თვლიდა, რომ რამდენი შვილიც გვეყოლებოდა, მას უნდა მოენათლა. ასე გაერთიანდა ტარიელის, გოდერძის და ჩვენი ოჯახი. ერთი ოჯახი ვართ…

აი, ასე ჩუმად, უთქმელად და უხმოდ დავბერდით. ერთმანეთის შეხედვით ვხვდებით, რა გვჭირდება. მე შენ მიყვარხარ, არც ერთს არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. მაგრამ ისე დავბერდით, რომ ერთმანეთისთვის ტკივილი არ მიგვიყენებია. უფალს ვთხოვ, რომ არც არასდროს ვატკინოთ.

რა თქმა უნდა, ორ ადამიანს ყოველთვის აქვს სხვადასხვა შეხედულება. უფრო პროფესიული. ჩვენ თუ ერთმანეთს რამეზე ვედავებით, ეს ჩვენი პროფესიაა.
მე უფრო მოლაპარაკე ვარ, და ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე ჩუმად უნდა ჩაევლო ყველაფერს. მაგრამ ახლა რომ ვხედავ, კაცები ყველაფერს რიკრიკებენ და თავის გრძნობებზე ლაპარაკობენ, ატანა არ მაქვს. ფეისბუქი ხომ საერთოდ აუტანელი რამ გახდა.
ცხოვრებაში მთავარი – მოთმინება, სიმშვიდე და ერთგულებაა. ქალი ბევრ რამეს ქმნის ოჯახში. სულელი კაცი თუ შეგხვდება, ვერაფერს იზამ. ზოგჯერ შეძლება წონასწორობის შენარჩუნება, ზოგჯერ ერთი მხარეა დაწეული, მეორე ეზიდება ცხოვრების ჭაპანს. მერე მეორე აიწევა. მერე ისევ გათანაბრდება. ასეთია ცხოვრება…























