17:34 | 2021-03-09 ავტორი: Prime Time

მიტინგს საკრებულოს ძველი თავმჯდომარე, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი თავკაცობდა – მეუფე სტეფანე მარტვილის ინციდენტზე

მიტინგს საკრებულოს ძველი თავმჯდომარე, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი თავკაცობდა – მეუფე სტეფანე მარტვილის ინციდენტზე

8 მარტს, მარტვილის რეზიდენციაში მომხდარ ინციდენტს ჟურნალისტებთან საუბრისას მეუფე სტეფანე ეხმაურება. მეუფე ამბობს, რომ პროვოკაცია დაგეგმილი იყო და მასში მონაწილეობას “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები იღებდნენ.

 

“კრება იყო მოწვეული სასულიერო პირებთან, ჯერ გაცნობითი ხასიათის იყო. მე პრაქტიკულად ახალი დადგენილი ვარ და ყველა სასულიერო პირის გაცნობა მინდოდა და მათთან ერთად სულიერი საკითხების განხილვა. მათ შორის იყო ის საკითხებიც, რომელიც აინტერესებდათ ზოგიერთ ადამიანს, მაგრამ თურმე ისინი კრებაზე კი არ მოვიდნენ, არამედ მრევლს ამოეფარნენ.  მრევლიც არ იყო ის, როგორც მე გავიგე, ქუთაისელები და კიდევ სხვა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ყოფილან და ერთ-ერთი საკრებულოს ძველი თავმჯდომარე თავკაცობდა ამ მიტინგს, რომელიც მოაწყვეს. მე მინდოდა პასუხების გაცემა მაგრამ არ დამაცადეს, დაიწყეს ყვირილი. როგორც ჩანს დაგეგმილი იყო”, – აცხადებს მეუფე სტეფანე.

 

ცნობისთვის, 8 მარტს დაპირისპირება მოხდა მარტვილის ეპარქიაში. შედეგად, ეპარქიის მოაჯირიდან ჟურნალისტები და ოპერატორები გადაცვივდნენ.

 

დაშავდა ასევე „ტვ პირველის“ ოპერატორი ალეკო ხაზალია, ჟურნალისტი პაპუნა შუშანია და „რუსთავი 2“-ის ის ოპერატორი დათო კონჯარია.

 

ეპარქიაში ის დიაკვნები და მრევლი შეიკრიბა, რომლებსაც მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა. ისინი მისგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ.

 

ეპარქიასთან შეკრებილმა სასულიერო პირებმა და მრევლმა მეუფე სტეფანეს გაშვება და მეუფე პეტრე ცაავას დაბრუნება მოითხოვეს.

 

ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ ბრძანება #2 გამოსცა, სადაც ახსნილია დეტალურად, თუ რატომ შეუჩერდათ ეპარქიაში მოღვაწე დიაკვნებს კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება.

ავტორი: Prime Time

X