
ნატალია მესხი ბავშვობის მეგობრის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც აღმოჩნდა, მას სამშობიაროში უთხრეს, რომ ჩვილი გარდაიცვალა, წლების შემდეგ კი მამას შეატყობინეს, რომ ის ცოცხალია.
„მეგობრებო, ერთ საინტერესო ამბავს უნდა მოგიყვეთ: ჩემს ბავშვობის მეგობარს შეემთხვა – იმშობიარა, გააჩინა ბიჭი, რომელიც იყო ფიზიკურად ძალიან ნაკლოვანი. დედა იყო ძალიან ცუდად, მასზე იყო მთელი ყურადღება გადატანილი.
არ ვიცი, ვინ მოიფიქრა ეს უზარმაზარი ცოდვა, მაგრამ ვიცი, რომ დედამთილს ეს გოგო სასტიკად არ უნდოდა. ცოლ-ქმარს უთხრეს, რომ ბავშვი დაიღუპა. მათ ძალიან განიცადეს, წლები გლოვობდნენ, მეტი შვილი აღარც გაუჩნდათ, დაშორდნენ. ამ გოგოს ცხოვრება აერია, წავიდა საზღვარგარეთ, გათხოვდა, მაგრამ შვილი აღარც იქ გასჩენია.
14 წლის შემდეგ დაურეკეს გარდაცვლილი ბავშვის მამას, ერთ-ერთი ბავშვთა სახლიდან. – სარემონტოდ ვიკეტებით (სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი მიზეზი) და არ შეგიძლიათ, თქვენი შვილი წაიყვანოთო? მამა კინაღამ გაგიჟდა
– რომელ შვილზე მელაპარაკებით, მომიკვდა შვილიო.
– არა, ბატონო, ცოცხალია, მობრძანდი და წაიყვანეო.
წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა! დაურეკა ყოფილ ცოლს საზღვარგარეთ, ის ჩამოქანდა გიჟივით, წამოიყვანეს 14 წლის ბიჭი, რომელიც გონებრივად არის სრულიად ნორმალური. ჯანმრთელობის მხრივ კი პრობლემები ჰქონდა და დასჭირდა ოპერაციები.
წაიყვანა დედამ საზღვარგარეთ და წლებია, უკეთებს ოპერაციებს. მსგავსი ტკბილი და მზრუნველი შვილი ბევრს არ ჰყავს. ეს ბოროტება რომ არა, ახალშობილს გამოუსწირებდნენ დეფექტებს, ცოლ-ქმარიც ერთად იქნებოდა და ბედნიერი ოჯახიც.
ვინ ხარ შენ, ბოროტო ადამიანი, თუნდაც დედა იყო, ადამიანის ბედში რომ ერევი! თუ გააჩინა ღმერთმა ბავშვი, თუნდაც – „უკანონოდ“, ესე იგი, ასე უნდა მომხდარიყო და ეს ადამიანი მოვლენოდა ქვეყანას. თუნდაც შენმა შვილმა შეცდომა დაუშვა, პასუხი თვითონ აგოს და შენ კი დაეხმარე, როგორც შეგიძლია“.






















