
თითქმის 9-თვიანი გამოძიებისა და სასამართლო სხდომების შემდეგ, სასამართლომ მთავარი გადაწყვეტილება მიიღო 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე.
მოსამართლემ ხუთივე ბრალდებული განზრახ მკვლელობის საქმეში დამნაშავედ ცნო.
პატიმრობა მიესაჯათ
არჩილ გაგნიძეს – 16 წელი;
ნიკოლოზ რევაზიშვილს – 16 წელი;
ვახტანგ ჩიქოვანს – 16 წელი;
2 არასრულწლოვნის ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს სასჯელი განისაზღვრება მომდევნო, 16 მარტის სხდომაზე.
სხდომას ესწრებოდა გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის დედა. ბრალდებულები განაჩენის გამოცხადებამდე, სანამ მოსამართლე შევიდოდა სხდომათა დარბაზში, შეურაცხყოფას აყენებდნენ პროკურორებს და აგრესიულები იყვნენ.
სასამართლო სხდომის დაწყებამდე მცირე კომენტარი გააკეთა გარდაცვლილის დედამ, მან თქვა, რომ ჰქონდა სამართლიანობის იმედი და ხუთივე ბრალდებული უმკაცრესად დაისჯებოდა.
სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა ჩიქოვანმა პროკურორს აგინა. მანამდე, მან დედას მიმართა და უთხრა, რომ არ ინერვიულოს.
„კაცი არ მომიკლავს, თქვენი დედა“- ამბობდა ჩიქოვანი.
ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანი სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს. რამდენიმე წუთში მოსამართლემ ვერდიქტი გამოაცხადა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
დარბაზში დაწყებული ხმაური დერეფნებში და სასამართლოს ეზოში გაგრძელდა.
ადვოკატები და ბრალდებულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება უსამართლოა და მას აუცილებლად გაასაჩუივრებენ.
ქუჩის აქციებს არ გამორიცხავენ ბრალდებულების ადვოკატები.
„სამართალი აღსრულდა“ – ამ მცირე კომენტარით გამოეხმაურა მოკლული გიორგი შაქარაშვილის და სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ბრალდებულები ციხეში გადაიყვანეს – მათ სასამართლო მუქარით და გინებით დატოვეს.
დღეს, 2020 წლის 9 მარტს, არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, აკაკი ქანაშვილი და ზ.ხ. მოსამართლემ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, ივნისის ბოლოს, ბრალი 17 ადამიანს წარედგინა, მათ შორის, ექვს არასრულწლოვანს.
გამოძიება ჯერ სამი მუხლით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით დაიწყო, მოგვიანებით კი მას მეოთხე, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი დაემატა და ამ მუხლით მიმდინარე საქმე ცალკე, „შაქარაშვილის მკვლელობის საქმედ“ გამოიყო.
ბრალდების მტკიცებით, არჩილ გაგნიძემ, ვახტანგ ჩიქოვანმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა, აკაკი ქანაშვილმა და ზ.ხ.-მ, „ტოიოტა კამრის“ მგზავრებმა, გიორგი შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფებს, ჯერ არაგვის ხიდზე სდიეს, შემდეგ ორად გაიყვნენ და გიორგის გზა ხიდის ქვეშ მოუჭრეს. გიორგი იძულებული გახდა მოასფალტებული გზიდან გადაეხვია, გზის პირას მდებარე მოაჯირს გადახტომოდა და ქვევით, მდინარისკენ მიმავალ ციცაბო ბილიკზე დაშვებულიყო. პროკურატურის მტკიცებით, გიორგის სწორედ ამ ბილიკზე დაედევნენ ბრალდებულები, მდინარის პირას ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ წყალში ჩააგდეს, სადაც გიორგი ასფიქსიით, ანუ, წყალში დახრჩობით გარდაიცვალა.
მკვლელობაში ბრალდებულების საქმის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 10 სექტემბრიდან მიმდინარეობდა.
პროკურატურა დარწმუნებული იყო, რომ მოსამართლე ბიძინა სტურუა ხუთივე ბრალდებულს გაამტყუნებდა. ბრალდების მტკიცებით, საქმეში იდო ყველა ის საჭირო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ხუთივე მათგანმა ჯგუფურად მოკლა გიორგი შაქარაშვილი.
მტკიცებულებებზე, ბრალდებისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა დაცვის მხარეს. ადვოკატები აცხადებდნენ, რომ საქმეში არ იდო არცერთი მტკიცებულება, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების დანაშაულს დაამტკიცებდა.
გიორგი შაქარაშვილი 2020 წლის 22 ივნისს იპოვეს გარდაცვლილი მდინარე არაგვში, მცხეთაში, მას შემდეგ, რაც დაბადების დღის წვეულებაზე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა.























