17:02 | 2021-03-10 ავტორი: Prime Time

ვინ არის ქართული მაფიის ლიდერი, რომელმაც ბარსელონაში პიკეს და შაკირას სახლი გაძარცვა

ვინ არის ქართული მაფიის ლიდერი, რომელმაც ბარსელონაში პიკეს და შაკირას სახლი გაძარცვა

მან მშვიდად, გულწრფელად და აუღელვებლად ისაუბრა საკუთარ „პროფესიაზე“, რომელიც ბარსელონასა და მის შემოგარენში ბინების ძარცვას გულისხმობს – ასე იწყებს ესპანური გამოცემა eltaquigrafo სტატიას, სადაც მოყვანილია ინტერვიუ ქართული მაფიის ლიდერთან.

 

სტატიის ავტორის თქმით, იური ბარსელონაში ბინების მძარცველთა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჯგუფის ლიდერი და ქართული მაფიის წევრია.

 

ჟურნალისტის თქმით, ინტერვიუს დროს იური იყო გამჭვირვალე, ღია, თუმცა ამჯობინა სახის დამალვა. სხვა საკითხებთან ერთად, მან დაადასტურა, რომ უშუალოდ იყო ჩართული საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ (FCB) ფეხბურთელის, ჯერარდ პიკესა და მისი მეუღლის, მომღერალ შაკირას სახლის ძარცვაში.

 

ინტერვიუში ქართველმა მძარცველმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ორგანიზდებიან ჯგუფები, როგორ მოქმედებენ და რამდენად კომფორტულად გრძნობენ თავს ბარსელონაში, სადაც პოლიცია ნაკლებად მკაცრია, ციხიდან გამოსვლა უფრო ადვილი და ნარკოტიკიც იაფია.

 

„მინიმუმ 10 ჯგუფი ეკუთვნის ქართულ მაფიას, რომლებიც მოქმედებენ ბარსელონაში და მასში შემავალ რაიონებში. თითოეული ეს ელემენტი დაახლოებით 4 ან 5 წევრისგან შედგება და ყველა პროფესიონალია”, – ამბობს იური ინტერვიუში და იქვე აგრძელებს – „არა, ესპანეთში არ არის ძნელი მოპარვა. ხალხი ხსნის ფულს, რომელსაც საკუთარ სახლში ინახავენ“.

 

სტატიის ავტორი წერს, რომ ეს არის ძალიან კარგად ორგანიზებული სტრუქტურა, რომლის თითოეულ რგოლს აქვს თავისი როლი, პოზიცია და პასუხისმგებლობა. ისინი არიან დაქვემდებარებული ჯგუფები „კანონიერი ქურდების“, ანუ ქართული მაფიის მეთაურების, რითიც იქმნება პირამიდული სტრუქტურის მქონე კრიმინალური ორგანიზაცია, იერარქიული და ძალიან კოორდინირებული.

 

„თანხის ნახევარს ჩვენ ოჯახებს ვუგზავნით. მეორე ნახევარი ქურდებს, ჩვენს უფროსებს. თუ ასე არ მოვიქცევით, ჩვენ დავისაჯებთ, თუნდაც სიკვდილით”, – განმარტავს რესპონდენტი უფროსის მიმართ დამოკიდბეულებას.

 

იური, აქვე საუბრობს, თუ როგორ არჩევენ პოტენციურ სამიზნეებს ბარსელონაში.

 

„ვეძებთ კარგ უბნებს, მდიდრული ბინებით, სადაც არის ფული და სამკაულები. მას შემდეგ, რაც ხალხი შინიდან გადის, ჩვენ კარგად ვუყურებთ და ვაკვირდებით ადგილს და ვიცდით იქამდე, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ სახლი ცარიელი და უსაფრთხოა. მეთვალყურეობა კვირის დღეებში ხდება, მთავარი მოქმედება კი შაბათ-კვირას“, – ამბობს იური.

 

„ჩვენ ვეძებთ ძვირფასეულობას, სამკაულებს და ფულს. აქ უკვე გვყავს ჩვენი ოქროს მყიდველები, რომლებიც გრამში 18 ევროს იხდიან. რუმინელი მძარცველები ყველაფერს ართმევენ. კოსოვოელები ძალიან ძალადობენ. მათ შეუძლიათ ძარცვის მიზნით მოკლან კიდეც ადამიანი. ჩვენ არ გვსურს მსხვერპლი, ამიტომ არ შევდივართ ბინაში, მანამ სანამ იქ ვინმე იმყოფება“, – ამბობს ქართველი მძარცველი.

 

ნახეთ ვიდეო: ვინ არის „კანონიერი ქურდი“, ვისთანაც ქართულ დაჯგუფებებს ნაძარცვის 50% მიჰქონდათ?

 

როგორც მან უკვე აღნიშნა, ნაძარცვის თანხის ერთი ნაწილი მიმართულია მათ ოჯახზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში საქართველოში იმყოფებიან, ხოლო მეორე „კანონიერი ქურდებისკენ“, რომლებიც ასევე ჩვეულებრივ თავიანთ წარმოშობის ქვეყანებიდან არიან – წერს სტატიის ავტორი და იქვე განმარტავს – „ისინი [კანონიერი ქურდები] ხელმძღვანელობენ და კოორდინაციას უწევენ სხვადასხვა დაჯგუფებებს და ეს ქსელი აქვთ მთელს ევროპაში, განსაკუთრებით საფრანგეთში. სანაცვლოდ, ეს „ავტორიტეტები“ მათ სთავაზებენ ოჯახის დაცვას, უსაფრთხოებას, დოკუმენტაციის მოგვარებას და ასწავლიან გაქცევის გზებს მათი აღმოჩენის შემთხვევაში“.

 

ინტერვიუში იური აღიარებს, რომ ბარსელონაში “მუშაობა” მათთვის ძალიან კომფორტულია.

 

„აქ პოლიცია კარგად მუშაობს. ისინი კარგები არიან, ჩვენ არ ვჩივით. მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ციხიდან გამოსვლა ადვილია. აქ პოლიცია უფრო ჰუმანურია, საქართველოში კი უფრო მკაცრია და ციხეებიც საშინელია“, – ამბობს ქართველი მძარცველი.

 

„ის ინტერვიუს დროს დაჟინებით მოითხოვდა იმის ხაზგასმას, რომ ესპანეთის ციხეებს არაფერი ჰქონდა საერთო მისი ქვეყნის ციხეებთან“, – წერს სტატიის ავტორი.

 

იური ირწმუნება, რომ „ჩვენი ჯგუფების უმეტესობა საქართველოში უკვე იყო მსგავს საქმეში ჩართული. ბევრმა გაიარა ციხე. როგორც კი იქ დატოვეს საპყრობილეები, მათ სურდათ წასვლა, კვლავ ციხეში დაბრუნების და პოლიციის შიშით“.

 

„ზოგადად, აქ ყველაფერი უფრო ადვილი, კომფორტული და იაფია. ნარკოტიკები ბევრ ახალგაზრდა ქართველს იზიდავს, რომლებიც აქ მოდიან მოხმარებისთვის. ჩემს ქვეყანაში ჰეროინის 1 გრამი 500 ლარი ღირს (დაახლოებით 155 ევრო). აქ ბევრად იაფი და ადვილია მისი მიღება. მაგალითად, პიკო 5 ევროზე ნაკლები ღირს. ამ მიზეზით, ჩემი ქვეყნიდან მრავალი მომხმარებელი ჩამოდის ესპანეთში, როდესაც გაიგებს, რომ აქ ყიდვა ადვილი და იაფია. ბევრი ახალგაზრდა მოდის ამ მიზნით”, – განმარტავს იური.

 

კითხვაზე, თუ რატომ გახდა მათი სამიზნე „ბარსელონას“ მრავალი ფეხბურთელი, (დაახლოებით 40%), ძარცვისა და თავდასხმის მსხვერპლი, იმის გათვალისწინებით, რომ კატალონიის პოლიციამ ამ ყაჩაღობის დიდი ნაწილი სწორედ ქართულ დაჯგუფებებს მიაკუთვნა, იური აღიარებს, რომ თავად იყო ძარცვის ავტორი ჯერარდ პიკესა და შაკირას სახლში. დანარჩენ შემთხვევებზე კი ის აცხადებს, რომ არაფერი იცის და თვლის, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა.

 

ვინ არის „კანონიერი ქურდი“, ვისთანაც იურის და სხვა ქართულ დაჯგუფებებს ნაძარცვის 50% მიჰქონდათ? ესპანური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს „კანონიერი ქურდი“ გოჩა მაისურაძე, მეტსახელად გოგიტა გახლავთ.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, გოჩა მაისურაძე რამდენიმე კრიმინალურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, რომლებიც სახლებს ძარცვავდნენ, ნაქურდალის გაყიდვიდან მიღებული თანხის 50% კი გოჩა მაისურაძესთან მიჰქონდათ. ურჩ კრიმინალებს მაისურაძე სჯიდა.

ავტორი: Prime Time

X