
ჩვენ გაგვიჩნდა ეს იარაღი ხელში, რომ პანდემიას საბოლოოდ გამოვუტანოთ განაჩენი და ყველა მოეკიდოს ამას შეგნებულად, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ვაქცინის გაკეთების შემდეგ განაცხადა.
კულუმბეგოვი მოუწოდებს ყველას, გამოავლინოს მაქსიმალური პასუხისმგებლობა და აიცრას, რადგან ვაქცინაცია საშიში არ არის.
„მინდა, პანდემია დასრულდეს ჩემი ქვეყნისთვის და მთლიანად პლანეტისთვის, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, თუ გვინდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს ფუნქციონირება, მუდმივად არ ვიყოთ დაუსრულებელ მარათონში, დავიკეტეთ-დავიხურეთ, ყველამ უნდა გამოავლინოს მაქსიმალური პასუხისმგებლობა, ეს არ არის არავითარ საშიშროებასთან დაკავშირებული. ყველა ადამიანმა, განსაკუთრებით ჩემმა კოლეგებმა, უნდა მივცეთ მაგალითი საზოგადოებას. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პანდემიით გამოწვეული დანაკარგები იქნება აუნაზღაურებელი, რომელსაც ვერავინ უკან ვერ დააბრუნებს, ესენი არიან ჩვენი ოჯახის წევრები, ძვირფასი ადამიანები. ჩვენ გაგვიჩნდა ეს იარაღი ხელში, რომ პანდემიას საბოლოოდ გამოვუტანოთ განაჩენი და ყველა მოეკიდოს ამას შეგნებულად“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) 43 ათასი დოზა 13 მარტს შემოიტანეს და მედპერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რამდენიმე თანამშრომელმა საჯაროდ აიცრა.
ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა






















