
კრისტიან დანიელსონის მედიატორობით გამართულ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ჩაშლილ მოლაპარაკებებზე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.
მან მოლაპარაკებების ჩაშლის პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა და იქვე აღნიშნა, რომ ეს ყველა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს არ ეხება, მხედველობაში ირაკლი კობახიძეს მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პოლიტიკოსები ჰყავდა.
“ძალიან საინტერესო პროცესი იყო. გამართლდა ის, რაზეც მუდმივად ვსაუბრობდით, იყო ამ დღეებში წინსვლაც, მაგრამ სამწუხაროდ, ოპოზიციისთვის თვითმიზანი იყო შეთანხმების ვერ მიღწევა. ეს გამოიხატა იმაში, რომ გაჟღერებული იყო ულტიმატუმები, ისეთი ულტიმატუმიც, რომელიც კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას გულისხმობს.
ეს სპექტრი, ყველას არ ვგულისხმობ, აქ წარმოდგენილ პირთა უმრავლესობა იმართება უკრაინიდან, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩაშალეს მოლაპარაკება.
ყველამ დაინახეთ ის, რომ ჩამშლელი იყო ოპოზიცია. ყველა პუნქტი ითვალისწინებდა ქართული ოცნების მხრიდან რაღაცების გაკეთებას. რაც შეეხება კონკრეტიკას, ვერ ვსაუბრობთ, რადგან დღეს პროცესი არ დასრულებულა, შესაძლებელია გაგრძელდეს კონსტრუქციულ რეჟიმში მოლაპარაკების პროცესი.
ამ ხალხის, სააკაშვილის, ბოკერიას და სხვების მიზანი არის წააგოს სახელმწიფომ. მათ შორის კონკრეტული ულტიმატუმებითაც გამოჩნდა ის, რომ სახელმწიფოს წაგება არის მათი მიზანი. ულტიმატუმი უკავშირდებოდა 2 პუნქტს, ერთი უკავშირდებოდა კანონის უზენაესობის გათელვას და მეორე სახელმწიფოს ინტერესების დაზარალებას. ჩვენ ვიმოქმედეთ სახელმწიფო ინტერესების დაცვის პასუხისმგებლობიდან გამომდინარე.
გუშინდელი პუნქტები ძირითადად შეთანხმებული იყო. დღეს, ამ ორ პუნქტთან დაკავშირებით ტრადიციულად დესტრუქციული პოლიტიკოსები ჩამშლელი პოლიტიკოსები გამოირჩეოდნენ შეუთანხმებლობაში.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.






















