
დღეს, 20 მარტს ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტისა და მსახიობის. საქართველოს სახალხო არტისტის (1983), საქართველოს რესპუბლიკის ღირსების ორდენის მფლობელის, ნანა მჭედლიძის დაბადების დღეა. ის 95 წლის გახდებოდა.
1979 წელს, კინორეჟისორმა ნანა მჭედლიძემ ფილმი „იმერული ესკიზები“ გადაიღო. რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა. ფილმში მთავარ როლს თავად რეჟისორი ასრულებს.
„ეს ფილმი 1979 წელს გადავიღე. როცა ადამიანი, მარტო რჩები საკუთარ თავთან, სურვილი გიჩნდება, თვალი გადაავლო შენს განვლილ ცხოვრებას. მეც გამიჩნდა სურვილი და ნოსტალგია, განსაკუთრებით – ჩემი ბავშვობის მიმართ და გადავწყვიტე, ფილმში ყველაფერი ერთად მომექცია.
ერთ მშვენიერ დღეს, დავჯექი და ყველაფერი დავწერე. სანამ ფილმზე მუშაობას დავიწყებდი, პატარა ნოველები მქონდა დაწერილი, რომელსაც ასევე ერქვა – „იმერული ესკიზები“. ძალიან მინდოდა, ეთამაშათ არა ცნობილ მსახიობებს, არამედ იმ ადამიანებს, ვინც ხონში ცხოვრობდა. მართალია, ხონელი ვარ, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებდი მთავარი როლის შესრულებას, აზრადაც არ მომსვლია თავში. ვფიქრობდი, რომ ამ როლს ძალიან მოუხდებოდა სესილია თაყაიშვილი. თვითონაც თანახმა იყო, მაგრამ გადაღებები რომ უნდა დაგვეწყო, ავად გახდა და ვეღარ გადავიღეთ. საგონებელში ჩავვარდი. მერე ვიფიქრე, ქეთევან ბოჭორიშვილს ვათამაშებ-მეთქი _ „ჯარისკაცის მამაში“ სერგო ზაქარიაძის „ცოლს“ ვინც თამაშობს. მართალია, ქართლელი იყო, მაგრამ, შეიძლებოდა, ეთამაშა. გავიარეთ გორში. დავინახე, ეს ქალი ყავარჯნებით მოდის – დაცემულა და ფეხი მოუტეხავს. მაშინ კინოსტუდიის დირექტორი რეზო ჩხეიძე იყო. პირობა მივეცი, რომ აუცილებლად ვიპოვიდი მთავარი როლის შემსრულებელს. სწორედ მან მომაწოდა იდეა, თვითონ მეთამაშა. ჯგუფის დირექტორმაც მითხრა: შენი თავი მოსინჯე. თუ არ მოგეწონება, ნუ ითამაშებო. მომეწონა, მაგრამ სხვებს უფრო მოეწონათ და ასე დავრჩი ეკრანზე“, – იხსენებდა ნანა მჭედლიძე, ერთ-ერთ ინტერვიუში.
ქალბატონმა ნანამ მართლაც, დაუვიწყარი სახე შექმნა და მისი წარმოთქმული ფრაზები – „გამეიარე, შვილო, შენ არ გეიარე“ და „დეპეშა რავა მომიტანეს“ მნახველს არასოდეს ავიწყდება.
ნანა მჭედლიძემ გადაიღო ქართული ფილმები: “პირველი მერცხალი”, “იმერული ესკიზები”, “დანაშაული მოხდა”, “ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება” და სხვა. ნანა მჭედლიძემ ასევე რამდენიმე ქართულ ფილმში დაუვიწყარი კინოროლები შექმნა.
ის 2016 წლის მარტში, 90 წლისა გარდაიცვალა.
მეორე მთავარი მოქმედი გმირი ფილმში ბებია მარიამის შვილიშვილი, ანაა, რომელსაც ნანა ქვათელაძე ასრულებს.

ნანა ქვათელაძე:
„გაგიკვირდებათ და ფილმის რეჟისორმა კი არა, დირექტორმა აღმომაჩინა. 1979 წელი იყო, მე და ჩემი თანაკლასელები სკოლიდან ვბრუნდებოდით. კულტურის სახლთან უამრავი ხალხი შეკრებილიყო, თანაკლასელებმა ჯიკავ-ჯიკავით წამიყვანეს, აინტერესებდათ, რა ხდებოდა. მეორე კლასში ვიყავი. უცნობ ხალხს ერთი კაცი გამოეყო, ამათვალიერ-ჩამათვალიერა და ვიღაცას უბრძანა, ამ ბავშვს სინჯები გადაუღეთო… მალე თბილისიდან პასუხი მომივიდა, რომ „იმერულ ესკიზებში“ ანას როლი უნდა მეთამაშა. ეს კაცი ბატონი რეზო ნიკოლეიშვილი გახლდათ. შემდეგრეჟისორმა მითხრა, შენი მეგობრები მოიყვანეო და ასე გავხდით ხონელი ბავშვები პატარა ვარსკვლავები…“ -იხსენებს ნანა.
ფილმის გადაღბის შემდეგ ნანა მჭედლიძემ გოგონა მონათლა, საკუთარი ჰონორარით – 800 მანეთით პიანინო იყიდა. ნანა ქვათელაძე 2006 წლიდან ემიგრაციაშია და საბერძნეთში ცხოვრობს.
ფილმში ეპიზოდურ როლს თამაშობს კახა ჭკადუა, მაგრამ მისი ერთი სიტყვით – „ჩინჩლავს“, მაყურებელმა სამუდამოდ დაიმახსოვრა.

„სკოლა, რომელსაც ფილმში ხედავთ, დიდი კუხის საჯარო სკოლაა, სადაც მე ვსწავლობდი. ერთ მშვენიერ დღეს ქართულის მასწავლებელმა სამასწავლებლოში გამიყვანა, სადაც ორი უცნობი მამაკაცი გველოდა და უთხრა, – ვფიქრობ, ეს არის ის ბავშვი, თქვენ რომ გჭირდებათო.
წამიყვანეს გადასაღებ მოედანზე, ამათვალიერ-ჩამათვალიერეს და სინჯებისთვის მომამზადეს. შავგვრემანი კი ვიყავი, მაგრამ უფრო გამამუქეს და თმა გადამპარსეს… სამოსის მორგებაზე რომ მიდგა საქმე, დედაჩემს სახლიდან პერანგი და შარვალი მოვატანინე, რომელიც ჩაცმამდე გულიანად დამიჭმუჭნეს და ამან ისე გამაბრაზა, რომ გავხიე. ფილმში სწორედ ის დაჭმუჭნილ-დახეული ტანისამოსი მაცვია.
გადაღებამდე ამიხსნეს – უპატრონო ბავშვის როლი უნდა შეასრულოო. სიტყვამ „უპატრონო“ ისე შემაშინა, რომ უარი ვთქვი გადაღებაზე. მერე მთელი თვე დამდევდნენ აქეთ მასწავლებლები და იქით დირექტორი, რომ მეთქვა „ის“ სიტყვა. ნანა მჭედლიძემ და ოთარ მეღვინეთუხუცესმა შოკოლადები მომიტანეს, რას არ დამპირდნენ, რომ კამერების წინ სიტყვა „ჩინჩლავს“ მეთქვა. ბოლოს ვიფიქრე, ოღონდ თავი დამანებონ-მეთქი და მართლაც ვთქვი. რაც ამ სიტყვის თქმის შემდეგ ხდება ფილმში, დადგმული არ არის, მასწავლებლის რეაქციით გულაჩუყებული რომ ვტირი და გავრბივარ, სინამდვილეა“. – იხსენებს კახა ჭკადუა.

ფილმი საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის სახლშია გადაღებული – ხონში.






















