
ერთი წლის წინ, 2020 წლის 21 მარტს კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„საქართველოს მთავრობა დღეს მიმართავს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე“, – განაცხადა მაშინ გიორგი გახარიამ.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მალევე ჩაიკეტა მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები.
ნახეთ, რას წერდა ერთი წლის წინ „პრაიმტაიმი“:
„საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.
„ეპიდემიოლოგების პროგნოზით შიდაგადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდნეიმე ათეული ადამიანი. ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს 90 საკონმტაქტო პირი, მაგრამ ეს ჯერ არაფერს ნიშნავს. სიტუაცია საკმაოდ რთულია.
დღეიდან იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა. იხურება ყველა ობიექტი. ხელმისაწვდომი იქნება საკვები პროდუქტების, მედიკამენტების და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, საზოგაოდებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
დავუშვით გამონაკლისი და იმ შემთხვევაში, როდესაც გვექნება მედიკოსების მიერ პროტოკოლით გაწერილი შესაძლებლობა, მარნეულის მოქალაქეებს მიეცემათ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების საშუალება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე წესრიგს დაიცავენ შსს-ის წარმომადგენლები.“,- აღნიშნა გახარიამ.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაციამდე აღნიშნული ქალბატონი იმყოფებოდა წლისთავზე, დაბადების დღეზე და მარნეულის ბაზარში“.






















