
გიორგი კეკელიძე ეთნიკურ აზერბაიჯანელებს სახალხო დღესასწაულს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს და სტუდენტობის დროინდელ ისტორიას იხსენებს.
„2000 წელს, მაღლივის ლიფტში ჩემთან ერთად ბიჭი შევიდა და ლოცვა დაიწყო. წინასაგამოცდო ღელვის დასაძლევად, მეც მედო გულისჯიბეში ფსალმუნები – ოთხმოცდამეათე და ორმოცდამეათე – დედაჩემისგან ფურცელზე გადაწერილი და საგანგებოდ გამოტანებული. მაგრამ ეს ბიჭი სხვანაირად ლოცულობდა.
კაცმა რომ თქვას, მანამდე სხვა რჯულის კაცის ლოცვა არც მენახა – თუ წაკითხულს, ან სადმე ეკრანზე თვალმოკრულს არ ჩავთვლით. მეც ჩავაბარე და მანაც. კურსელები გავხდით. ოქტაი ქაზუმოვი დღეს ჩემი მეგობარია. მასზე უკეთესი ქართულის მცოდნე ძნელად მეგულება, არც მასზე მეტი საქართველოს პატრიოტი ვიცი ვინმე.
მერე არაერთი ჩვენებური აზერბაიჯანელი გავიცანი – ზოგთან ვმეგობრობ, ზოგთან კარგი სალამი მეთქმის. 20-21 მარტს ჩვენი თანამოქალაქეები ნოვრუზ ბაირამს ზეიმობენ, გაზაფხულის ბუნიობის დღეს. ვულოცავ!“ – წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში.
























