
“კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა” – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი, ლალი ტურძელაძე “პრაიმტაიმთან” ასეთ კომენტარს აკეთებს.
ყველასთვის საყვარელი ლეგენდარული მსახიობი თვეზე მეტია კლინიკაში მკურნალობას გადის. არტისტი, თებერვლის შუა რიცხვებში, სახლიდან კლინიკაში, ფილტვების ანთებით თავად ლევან რატიანმა გადაიყვანა.
როგორც მაშინ რატიანი აცხადებდა, სახეზე იყო კახის ძირითადი დაავადებების გართულებები. სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ძილიანობა… ამიტომ ექიმმა მსახიობის ჰოსპიტალიზაცია არ დააყოვნა.
მსახიობის ძმამ, იმერი კავსაძემ ერთი კვირის წინ გვითხრა, რომ კახი დასუსტებულია, ლევან რატიანი კატეგორიულად არ უშვებს სახლშიო.
იმერი კავსაძე: – თებერვალში რომ გასინჯა, მაშინვე თქვა, მიმყავს იმიტომ, რომ კლინიკაში მკურნალობა ჯობს და იქ ყოველგვარ კომფორტს შევუქმნითო. ისეთი თვალებით შეხედა, რომ კახი არ გაძალიანებია, გაჰყვა… პატივს სცემს ლევანს. ამ ექიმის ჩვენდამი დამოკიდებულების გამო, მასთან დავალებულები ვართ. ცოტა გაიწელა კახის კლინიკაში ყოფნა. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.
ნანა ფაჩუაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, ნანუკა ხუსკივაძეს ესაუბრა და მსახიობი ძალიან მძიმედ არ არის.
ნანა ფაჩუაშვილი: – მძიმედ არ არის, მაგრამ დატოვეს. დიდი ხანია კლინიკაშია. სახლში სპეციალური კონტროლი სჭირდება, ვერ მოისვენებს, თან “ცელქობს”. საავადმყოფოში სტაბილურად არის და წესებს ემორჩილება.
რაც შეეხება პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის კომენტარს, ეს არც თუ სასიამოვნო ინფორმაციაა.
ლალი ტურძელაძე: – ისევ სტაბილურად მძიმეა, აპარატზე არ არის, მაგრამ რეანიმაციულ განყოფილებაშია. ქრონიკული დაავადებები აქვს, თან კორონა გადაიტანა, რამაც, სავარაუდოდ, მისი ქრონიკული დაავადებები დაამძიმა და მეორედ დაემართა პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა. თვეზე მეტია ჩვენთან არის, მაგრამ უკეთესობა არ არის. კახის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.






















