22:45 | 2021-03-23 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ვაშლიჯვარში დევნილები სახლებს ტოვებენ – „ძალიან მეშინია… რომ გაწვიმდა, მთელი ღამე ვლოცულობდით…“

ვაშლიჯვარში დევნილები სახლებს ტოვებენ – „ძალიან მეშინია… რომ გაწვიმდა, მთელი ღამე ვლოცულობდით…“

ვაშლიჯვრის ფერდობზე მცხოვრები დევნილები, საცხოვრებლებს ტოვებენ.

 

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ მოსახლეობა მეწყერსაშიში ზონიდან გადადის. ამის გამო ბროწეულას ქუჩაზე არსებულ დევნილების დასახლებაში მივედით და გავესაუბრეთ მათ, ვინც ჯერ კიდევ საშიშ უბანს შემორჩა.

 

როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, მრავალსართულიანი კორპუსის მცხოვრებლების გარკვეულმა ნაწილმა ტერიტორია უკვე დატოვა. რამდენიმე კი უახლოეს პერიოდში აპირებს ერთადერთი საცხოვრებლიდან წასვლას.

 

„ძალიან მეშინია და ალბათ სადმე გადავალ. ყველას ეშინია, ზოგმა უკვე გაიტანა ჩანთები. რამდენიმე ოჯახი უკვე ქირით გადავიდა. კიდევ ბევრი ამბობს, საცხოვრებლად სხვაგან გადავალთო. ხალხი არის შიშში. გუშინ წვიმა რომ დაიწყო, ვლოცულობდით…“ – ამბობს ერთ-ერთი დევნილი ქალბატონი.

 

ადგილობრივები 10 წლის წინ მოვარდნილ ღვარცოფს იხსენებენ და ამბობენ, რომ ფერდობიდან კლდის ნაშალი პერიოდულად ჩამოდის.

 

„ბროწეულას ჩიხში 17 ოჯახი ვცხოვრობთ. წლების წინათ, ფერდობიდან დიდი წვიმის შემდეგ, ღვარცოფი ჩამოვიდა და ეზოები დაგვიტბორა. ახლანდელი სიტუაცია იმდენად რთულია, რომ ყველას ეშინია და აქედან გარბიან. ზოგიერთს წასასვლელიც კი არ აქვს. მარტო ამ ჩვენს პატარა უბანში საცხოვრებელი რამდენიმე ოჯახმა უკვე დატოვა.

 

ერთ ოჯახს სამი ბავშვი ჰყავს, მათ შორის ტყუპები, სოციალურად დაუცველები არიან და სახლი სასწრაფო წესით დატოვეს. წასავლელი არსად ჰქონდათ, მაგრამ შიშის გამო ვერ გაჩერდენენ. ამ ფერდობზე ტერირორია რამდენიმე ადგილას არის დამეწყრილი.

 

დღეში სამჯერ ავდივარ და ვამოწმებ რა მდგომარეობაა. ყოველ დღე სულ უფრო მატულობს ნაპრალის სიღრმე. დღეს, გერმანელმა სპეციალისტებმაც თქვეს, რომ მდგომარეობა რთულიაო, ახლა ხალხს მთავრობამ უნდა მიხედოს. ტაქსის მძღოლმა მითხრა, რომ ვაშლიჯვრის მოსახლეობაც ტოვებს სახლებსო.“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

 

მოსახლეობის თქმით, გუშინ მათთან მერიის წარმომადგენლები და პარტია „ქართული ოცნების“ წევრი გია ვოლკსი მივიდნენ. მათთან გასაუბრების შემდეგ, მიიღეს დაპირება, რომ უცხოელი ექსპერტების დასკვნის დადების შემდეგ გადაწყდება მოხდება თუ არა მაცხოვრებლების ტერიტორიიდან გაყვანა.

 

 

ნახეთ ვიდეო: რა სიჩქარით გადაადგილდება მეწყრული ბლოკი 

 

 

 

შეგახსენებთ, გასული წლების განმავლობაში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან ამ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.

 

მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერის შესასწავლად თბილისის მერიის მიერ მოწვეული ერთ-ერთი უცხოელი გეოლოგ-ინჟინერის, პეტერ ნიუმანის შეფასებით, საკითხი კომპლექსურია და გადაჭრის ერთი კონკრეტული გზა არ არსებობს.

 

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით კი, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე, სადაც მეწყრული პროცესი გააქტიურდა, სპეციალური სისტემების მონტაჟი განხორციელდება.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X