
„ჩემს შვილს ტყვია თავში აქვს მოხვედრილი, რა დააშავა უდანაშაულო ბიჭმა“, – ამბობს გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში, 25 მარტს მოკლული იმედა ჩიქობავას დედა, შურა ჩიქობავა.
„ინფორმაცია, რომ იმედა ვიღაც ბადუაშვილის მანქანის საჭესთან იჯდა არის სიცრუე, მან მანქანის ტარება არ იცოდა. ვითხოვ საქმის დროულ გამოძიებას, მივმართავთ შს მინისტრს, თქვენგან გავიგე ორი პირია დაკავებული, რატომ მომიკლეს შვილი“, – ამბობს შურა ჩიქობავა „პრაიმტაიმთან“.
მეზობლების თქმით, 41 წლის იმედა სავარაუდოდ, სროლის დროს დაიხარა. მას გამჭოლი ტყვია თავში აქვს მოხვედრილი და ზურგიდანაა გასული.
„მე ბავშვობიდან ვიცნობ იმედას, ექსპერტიზაც დაადგენს რა როგორ, მაგრამ ეს ასე იქნებოდა, იმედა არის შემთხვევითი მსხვერპლი-უდანაშაულო“, – ამბობენ მეზობლები და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.
მათივე თქმით, ცხედარს სხვა დაზიანება არ აღენიშნება. იმედა ჩიქობავას მშობლიურ სოფელში სამშაბათს დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, გურჯაანში მომხდარი ერთი პირის მკვლელობისა და სამის დაჭრისთვის დაკავებულები, 56 წლის ალექსი ტურიაშვილი და 41 წლის ჯუანშერ ტურიაშვილები არიან.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა – ტარებას გულისხმობს.
დანაშაული 16- დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: თეა შონია























