12:13 | 2020-01-23 ავტორი: Prime Time

ჩინეთში არაა იმხელა პანიკა ატეხილი, რაც საქართველოში – ჩინეთში მცხოვრები ქართველი გოგონა

ჩინეთში არაა იმხელა პანიკა ატეხილი, რაც საქართველოში – ჩინეთში მცხოვრები ქართველი გოგონა

„ჩინეთში არაა იმხელა პანიკა ატეხილი, რაც საქართველოში ხდება ამ ორი დღის განმავლობაში“, – ამის შესახებ ჩინეთში მცხოვრები სინოლოგი და დოქტორანტი გვანცა მდივანი ჰყვება.

 

„საზღვრების დაკეტვაზე ლაპარაკი ძალიან სისულელე მგონია. მაგ ლოგიკით ჩინეთიდან დაბრუნებული ქართველებიც ვერ უნდა შემოვიდნენ საკუთარ ქვეყანაში, რაც, დამეთანხმებით, შეუძლებელია. ახლა ჩინეთში არის არდადეგები. ამის გამო, ძალიან ბევრი ქართველი, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე ბრუნდება სამშობლოში.

 

ჩინეთის ყველა აეროპორტში (ზოგ ქალაქში მეტროებშიც) როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ფრენებზე ყველა მგზავრი მოწმდება. თუ ჯანმრთელია მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს გაფრენის უფლება, ამიტომ საქართველოში პანიკის საფუძველი ამჟამად არ არსებობს, ყველა რეისი რომელიც ჩინეთიდან ხორციელდება, უკვე შემოწმებულია. (მოწმდება თერმული სკანირებით, უზომავენ სიცხეს, თუ რამე საეჭვოს ამჩნევენ არ აძლევენ გაფრენის უფლებას და უღებენ სისხლის ანალიზს.)

 

თუ საქართველოს აეროპორტებში მეორედ შემოწმდებიან, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან კარგი, მაგრამ დამიჯერეთ, აქაც საკმარისად მკაცრად მოწმდებიან.

 

ამ ორ დღეში პირბადეები ყველგან გაიყიდა, ველოდებით ახალ პარტიას.

 

იქიდან გამომდინარე, რომ აქ ზოგს ასეთ დროს ბიზნესის აყვავება მოუნდა, მთავრობამ გამოსცა ბრძანება, რომ პირბადეებზე და წამლებზე აკრძალულია ფასების მატება, გარდა ამისა, რთული პაციენტების უმრავლესობა უფასოდ მკურნალობს“, – აღნიშნავს გვანცა მდივანი.

 

ამ დროისთვის, ჩინეთში კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდეა გაზრდილი. ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვმა 473 ადამიანს მიაღწია.

 

ჩინეთიდან შემთხვევების ექსპორტი დადასტურებულია შემდეგ ქვეყნებში: ტაილანდი – 2, იაპონია -1, კორეის რესპუბლიკა -1, აშშ -1.

 

საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, „კორონავირუსთან“ დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ქალაქ უხანში მოგზაურობისგან

ავტორი: Prime Time

X