
მგონია, რომ სიკვდილი თან მდევს, მგონია რომ სიკვდილის ანგელოზს ვერსად დავემალები, 5 წლიდან 45 წლამდე გამუდმებით სიკვდილს ვუყურებ. დავიღალე გლოვით, სიშავით, ბალზამირებული მცენარეების სპეციფიური სურნელით და საფლავის პრიალა მარმარილოებით… – ასე იწყებს საუბარს “პრაიმტაიმთან” იზა ყველაიძე, რომელიც ახლა ემიგრანტია.
მისი პირადი ტრაგედია სულ პატარა ასაკიდან, 5 წლიდან დაიწყო და სამწუხაროდ, გლოვას და სიკვდილის სტრესთან ბრძოლას ბოლო არც ახლა უჩანს… ამბობს, რომ მისი კარმა სიკვდილის ანგელოზთან თამაშია, რომელშიც მუდმივად სიკვდილი იმარჯვებს.
“5 წლის ვიყავი, როცა მამა დავკარგე, ათი წლის შემდეგ კი დედა. იძულებული იყო ბებია, ადრე გავეთხოვებინე. 16 წლისას უკვე გოგო მყავდა. როცა ჩემი გოგო საბავშვო ბაღში მივიყვანე, ბებიაც დამეღუპა. მაშინ სამუდამოდ გამოვიხურე მშობლიური სახლის კარი, იქ აღარავინ დამხვდებოდა და მხოლოდ შავ-თეთრი მოგონებები აიშლებოდნენ…
ქმრის ოჯახში ნორმალურად ვცხოვრობდი, ის მუშაობდა, მე ბავშვს ვზრდიდი და მშვიდად ვიყავით. მოულოდნელად, ქმარს გულმა უმტყუნა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, მაშინ 25 წლის ვიყავი. მე და ჩემი გოგო სრულიად უსახსროდ დავრჩით. ბავშვი მულთან დავტოვე და მე მათი ნათესავის დახმარებით საბერძნეთში გავემგზავრე.
პირველი სამუშაო ბავშვის მოვლა იყო. მძიმედ დაავადებულ პატარა ბიჭს ვუვლიდი, რომელიც 3 წელში ხელებში ჩამაკვდა. საშინელება განვიცადე, ჩემი გარდაცვლილები დამიდგნენ თვალწინ, იარები თითქოს ისევ გამეხსნა, თან საქართველოში დატოვებული ჩემი პატარა გოგოს მონატრება ემოციებს მიასკეცებდა.
იქიდან მოხუთან გადავედი, რომელიც ორ წელში გარდაიცვალა და მაშინაც სახლში მხოლოდ ჩვენ ორი ვიყავით. ამის შემდეგ, ჩემს ხელში კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხანდაზმულები. ყველას განივიცდიდი, მაგრამ სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს მგონი, მივეჩვიე კიდეც.
მგონია, რომ სიკვდილის ანგელოზი მე დამყვება, მეთამაშება და ყოველთვის სიკვდილის გამარჯვებით სრულდება ჩვენი ორთაბრძოლა, ეს ჩემი კარმაა.
დავიღალე, მგლოვიარეების ყურებით, შავებით, ბალზამირებული მცენარეების სპეციფიური სურნელით და საფლავის პრიალა მარმარილოებით. 5 წლიდან მუდამ გარდაცვლილებს ვუყურებ, 45 წლის ვარ და ამ დრომდე მეათე მიცვალებულმა გაიარა ჩემს ხელში. მომვლელი ვარ თუ მორგის მუდმივი მორიგე თანამშრომელი ვეღარ გამიგია.
სიზმარშიც ჩემს გარადცვლილებს ვხედავ და ცხადშიც ფიქრით მათთან ვარ, თითქოს ვეკითხები – რატომ გამიმეტეთ ასეთი ტკივილისთვის და ამდენი გლოვისთვის-მეთქი, მაგრამ პასუხებს ვერ ვიღებ. მუდამ ვლოცულობ, უფალს ყოველ წამს ჩემი გოგონას დღეგრძელობას ვთხოვ. მეშინია, ისეთი საზარელი რამ არ მოხდეს, გამსწორება ვერ შევძლო და უბრალოდ სხვა გზა არ დამრჩეს, მეც ნაადრევად დავასრულო სიცოცხლე.
ყველას მინდა ვთხოვო, ვინც ამ სტატიას წაიკითხავს, ჩემს ისტორიას მოისმენს და ტაძარში მოხვდება, ჩემი გოგონას სიცოცხლისთვის ერთი სანთელი აანთონ და თავიანთ შვილებზე ლოცვისას ჩემი თინანოც ღმერთს შეავედრონ.” – ამბობს იზა ყველაიძე.






















