
25 წლის თამუნა ლაბაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ინწკირვეთის საჯარო სკოლის დაწყებითის მასწავლებელია.
სკოლაში სულ 16 მოსწავლეა. თამუნას სამი მოსწავლე ჰყავს, ერთი მეორეკლასელი და ორი მეოთხე კლასში.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, სადაც თამუნა მოსწავლეებთან ერთად თოვლში ცეკვავს, ვირუსულად გავრცელდა და დიდი მოწონება დაიმსახურა.
როგორც თამუნა ლაბაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, მოსწავლეებს სურდათ მასწავლებელი პირბადის გარეშე ენახათ, რეგულაციების თანახმად კი ამის გაკეთება საკლასო ოთახში შეუძლებელი იყო. სწორედ ამიტომ მასწავლებელმა ორიგინალური გამოსავალი იპოვა, ბავშვები სკოლის ეზოში გამოიყვანა და იცეკვეს.

„2-4 კლასები მყავს კომბინირებული. ამ ვიდეოში 1-8 კლასელები მონაწილეობენ. მოსწავლეებს სურდათ პირბადის გარეშე ვენახე. მხატავდნენ ხშირად, მაქვს ნახატებიც, სამწუხაროდ სკოლაშია და ვერ გაჩვენებთ, ყველა ნახატზე პირბადე მიკეთია. მივხვდი, რთულია საკლასო სივრცეში პირბადით ყოფნა, როცა ბავშვები მხოლოდ გულწრფელ თვალებს ხედავენ. ეს იყო მოტივაციის წყარო. უცებ მოვიფიქრე და ვუთხარი, აქ არა, მაგრამ გარეთ შეგვიძლია პირბადის გარეშე ყოფნა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაუხარდათ.
ჩვენ კლასშიც ვაკეთებთ აქტივობებს, ვცეკვავთ კიდეც, მაგრამ ეს სხვაა, რადგან პირბადე მეკეთა. სხვა კლასის მოსწავლეებსაც დავუძახეთ, რადგან მათთანაც მაქვს არაფორმალური ურთიერთობა. ვმართავ აქტივობებს დისტანციურად, რადგან მოსწონთ ჩემი გაკვეთილები და დავიმსახურე მათი სიყვარული. ეზოში რომ ჩავედით და პირბადე მოვიხსენი, რა ლამაზი ხართ მასწავლებელოო, ეს სიტყვები ყველაზე დიდი კომპლიმენტია ჩემთვის, რაც ოდესმე უთქვამთ“,- ამბობს თამუნა ლაბაძე.
როგორც თამუნა აცხადებს, არ ეგონა თუ ეს ვიდეო ასეთი პოპულარული გახდებოდა და ამდენი დადებითი ემოცია და გამოხმაურება მოჰყვებოდა.
„ბავშვების თხოვნით ავტვირთე ეს ვიდეო. რადგან ამ ვიდეოში ყველა მოსწავლე არ მონაწილეობდა, ზოგი სახლში იყო წასული, გული დასწყდათ ბავშვებს. ამიტომ მეორეც გადავიღეთ, სადაც მასწავლებლებიც მონაწილეობენ“, – ამბობს პედაგოგი.

თამუნა ლაბაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოში დაიბადა. უმაღლესი განათლება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. ამჟამად მაგისტრატურაში სწავლობს.
მისი განცხადებით, პედაგოგობა ბავშვობიდან სურდა და ამ პროფესიის სიყვარული განაპირობა დედამ, რომელიც ასევე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოში 27 წელია დაწყებითის მასწავლებელია.
„ბავშვობიდან, გაუცნობიერებელი ასაკიდან ვიცოდი, რომ პედაგოგობა მინდოდა. რომ ვხედავდი როგორ სითბოს, სიყვარულს დებდა დედა თავის პროფესიაში, მეც მინდოდა ასეთივე მასწავლებელი ვყოფილიყავი. დედა ჩემთვის იყო იდეალური მასწავლებელი, გმირი. ჩემი მასწავლებელიც იყო სხვათა შორის, მაგრამ სკოლაში არასდროს მიგრძვნია, რომ დედა იყო. იქ იყო ლეილა მასწავლებელი. ყოველთვის საინტერესო, სახალისო და ერთმანეთისგან განსხვავებულ გაკვეთილებს ატარებდა. ის არის ჩემთვის მაგალითი, როგორი უნდა ვიყო.
სამი შვილის დედა იყო, როცა 35 წლის ასაკში დედამ უნივერსიტეტში ჩააბარა. ახლა წამყვანი მასწავლებელია. მეც ვცდილობ ისეთი საინტერესო გაკვეთილები ჩავატარო, ბავშვები ხალისით სწავლობდნენ. მხოლოდ ტრადიციული მეთოდები არ მაკმაყოფილებს და სულ ვცდილობ ექსპერიმენტების ჩატარებას.
ვთავაზობ მოსწავლეებს განსხვავებულ მეთოდებს. პრაქტიკოსი ვარ და ვთვლი, რასაც გრძნობ, ხედავ, იმას უკეთესად წაიკითხავ. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის დამოუკიდებელ ადამიანებად გაზრდას. მუდმივად ვცდილობ, გამოხატონ საკუთარი აზრი, იმსჯელონ არგუმენტირებულად, სადისკუსიო თემებს თვითონ არჩევენ“,- ამბობს თამუნა ლაბაძე.
როგორც პედაგოგი ამბობს, მაძიებელი მასწავლებელია, არ აქვს ჩაბარებული მასწავლებლის საგნობრივი გამოცდა. ამიტომ გაუჭირდა სამსახურის დაწყება.
„ბევრ გასაუბრებაზე ვიყავი და უარი მითხრეს. მოსწონდათ პორტფოლიო, მაგრამ სტატუსი არ მქონდა. ეს დიდი სტრესი იყო ჩემთვის. ერთადერთი სკოლა, რომელმაც უარი არ მითხრა, ინწკირვეთის საჯარო სკოლაა. დამირეკეს, მითხრეს, ძალიან შორსაა, დიდი თოვლი მოდისო, მაგრამ არ შემშინებია, მეც მაღალმთიან სოფელში გავიზარდე. მთავარია ბავშვებთან ვიმუშავებდი და დაუფიქრებლად დავთანხმდი. დიდი სითბოთი მიმიღეს.

ინწკირვეთი დიდი და ლამაზი სოფელია, თუმცა მიგრაციაც დიდია, რადგან გზა და ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია. დასაქმების პერსპექტივა არ აქვთ, არის სხვა ყოფითი პრობლემებიც. ბავშვებს ისეც არანაირი გასართობი არ აქვთ და პანდემიის დროს ეს პრობლემა უფრო თვალშისაცემი გახდა.
ძალიან მიყვარს ჩემი მოსწავლეები, მათგანაც სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ. ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს ინწკირვეთში. თუმცა 2 აპრილს მიმთავრდება აქ ყოფნის ლიმიტი და სამწუხაროდ, მომიწევს ალბათ აქაურობის დატოვება, რადგან დეკრეტულ შვებულებაში მყოფი მასწავლებლის ნაცვლად ვმუშაობ აპრილამდე. საკმაოდ მიჭირს აქედან წასვლა. ბავშვების, სკოლის, მშობლების, სოფლის სიყვარული და ვიცი, ეს სიყვარული ორმხრივია, რთულია აქედან წასვლა. სტუმრად ვივლი, ეს ვიცი დანამდვილებით. ახალი სასწავლო წლიდან ისევ დავიწყებ სამსახურის ძებნას, ვერ წარმომიდგენია ჩემი არსებობა სკოლისა და მოსწავლეების გარეშე“,- ამბობს თამუნა ლაბაძე.


ნახეთ ვიდეო, როგორ ცეკვავს თამუნა ლაბაძე თოვლში მოსწავლეებთან ერთად
ავტორი: ნაირა ქობულაძე






















