
დღეს მსოფლიო თეატრის დღეა. რამდენიმე დღის წინ ჩვენი საამაყო მიმის, ქორეოგრაფის, რეჟისორისა და მსახიობის, გოგა ოსეფაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა.
71 წლის გოგა ვერაგმა კორონავირუსმა იმსხვერპლა. პოსტკოვიდური მდგომარეობა გაუუარესდა, პნევმონია გართულდა და ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ, 5 თებერვალს, კლინიკაში გარდაიცვალა.
გოგა ოსეფაშვილი ყველასთვის საყვარელი კლასიკოსის, გურამ დოჩანაშვილის ძმა გახლდათ. უმცროსი ძმის უეცარი გარდაცვალების შესახებ, იმ დროს შეუძლოდ მყოფ მწერალს, არაფერი უთხრეს. გურამმა გოგას გარდაცვალების შესახებ მოგვიანებით შეიტყო.
არაჩვეულებრივი ძმობა ჰქონიათ. თავმდაბლობა და მოკრძალებულობა ორივეს ძირითადი მახასიათებელი გახლდათ.
მსახიობი ქეთი ქიტიაშვილი თავისი პერდაგოგისა და უფროსი მეგობრის, გოგა ოსეფაშვილის შესახებ ბევრ საინტერესო ფაქტს გვიყვება. და გული სტკივა, რომ ამხელა ხელოვანი შესაფერისად არ დაფასდა.
ქეთი ქიტიაშვილი: – გურამ დოჩანაშვილს და მის უმცროს და-ძმას, გოგა ოსეფაშვილსა და გულიკო ემხვარს (მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო) გენეტიკურად მოსდგამთ თავმდაბლობა.
გურამი ათი წლით უფროსია გოგაზე და მე რაც ვიცი, გოგას თავისი უფროსი ძმა, თავისი მეგობრებით, აბსოლუტურად გაღმერთებული ჰყავდა.
ძმები ერთად, ერთხელ ვნახე, როდესაც ზაზა მარჯანიშვილმა საოპერო ჟანრში “სამოსელი პირველი” დადგა. თანარეჟისორი იყო გოგა. ყველა ვღელავდით, ბატონ გურამს რომ უნდა ენახა. არადა, ის ისე მოკრძალებულად იჯდა, თითქოს მას არ დაუწერია ეს გენიალური ნაწამოები.
გურამის ყველა ნაწარმოები, რომელსაც ქართული თეატრი შეეხო, გოგას ქორეოგრაფიითა და სასცენო მოძრაობით იყო გაკეთებული. ძირითადად, ნუგზარ ბაგრატიონი დგამდა და გოგა ქორეოგრაფიას აკეთებდა.
“ჩემი დოჩანა” – ამას რომ იტყოდა, ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაცისკროვნდებოდა გოგას სახე. მისი ნაწარმოებების გმირები ყველა იცოდა და ყვებოდა, ის იმაზე დაწერა, ის ჩვენ სოფელზე დაწერაო…
როცა გოგა გარდაიცვალა, გურამი შეუძლოდ ყოფილა და არ უთხრეს, ისე დაკრძალეს…
გულნარა ემხვარს გურამი პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. პეტრე დოჩანაშვილი ექიმი და არაჩვეულებრივი პიროვნება ყოფილა და გოგა დიდი სითბოთი მოიხსენიებდა მას.
გოგას მამა – ზაქრო ოსეფაშვილი მუსკომედიის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. გიორგი შავგულიძე გოგას ნათლია გახლდათ. დედა, თეატრალი ქალი იყო, ემხვარების შთამომავალი…

მე გულდაწყვეტილი ვარ, რომ გოგა ოსეფაშვილი ძალიან დაუფასებელი წავიდა ამ ქვეყნიდან. მამაომ ძალიან კარგი რამ მითხრა: სამართლიანობა ამ ქვეყნად არ არის, სამართალი იქ არისო. ეს ყოველთვის არ გახსოვს. ამიტომ მე ძალიან გული მწყდება, რომ სათანადოდ არ იყო დაფასებული. ამას მისი გარდაცვალების შემდეგ პირველად ვამბობ.
წავიდა და თან წაიღო თავისი ოცნება საკუთარ თეატრზე. ის არ იყო მხოლოდ მიმი, ქორეოგრაფი. ის იყო მსახიობიც და არაჩვეულებრივი დრამატული სპექტაკლების დამდგმელი რეჟისორიც.
გარდაცვალების შემდეგ ერთი გადაცემა არ ეღირსა. არაფერი არ გაჟღერებულა. თითქოს არავინ არ ყოფილა ადამიანი, რომელმაც თაობები გაზარდა, მათ შორის – ლაშა ონიანი, კახა ბაკურაძე, პაატა ციქურიშვილი… ამირან შალიკაშვილთან ერთად, გოგაც მათი პედაგოგი იყო. პრაქტიკული ნაწილი მას ჰქონდა ჩაბარებული.
70-80 წლების პანტომიმის ვარსკვლავი და ამ თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი გახლდათ. დღეს ერთად არიან იქ, ამირან შალიკაშვილის გვერდით არის მახათას მთაზე დაკრძალული.

მიჭირს გოგაზე წარსულში საუბარი. სულ მგონია, რომ დამირეკავს. ბოლო დღეებშიც გეგმებზე ვლაპარაკობდით. ის იყო ერთ-ერთი რეჟისორი, რომელსაც საოცრად სჯეროდა ჩემი. ეს მეც დიდ სტიმულს მაძლევდა.
ახმეტელის თეატრში ქორეოგრაფად რომ მოვიდა, მეორედ გადავიკვეთეთ. იქ მითხრა, დრამატული თეატრის მსახიობს პარტნიორად ვეძებ და შენ თავზე თუ იმუშავებ, გვერდით დაგიყენებო. უბედნიერესი ვიყავი!
ფართე საზოგადოება მას არ იცნობს, არადა, საქართველოს თითქმის ყველა თეატრში ღვაწლი აქვს შეტანილი ქორეოგრაფიული თუ რეჟისორული ნამუშევრებით. შოუბიზნესშიც თავისი წვლილი ჰქონდა – ანსამბლ “ივერიის” ზე-პოპულარული მიუზიკლების ერთ-ერთი ქორეოგრაფი იყო წლების მანძილზე.
როგორც პედაგოგს გამოზრდილი ჰყავს ბევრი თაობა.
უცხოეთში მის მიერ დადგმულ სპექტაკლებს ითხოვდა მაყურებელი…
ერთმა ცნობილმა პიროვნებამ მითხრა, მისი უბედურება იმაში იყო, რომ თავის პრეზენტაცია არ შეეძლოო. და უნდოდა კი თავისი თავის გაპიარება? ეს ადამიანი მსოფლიოში ერთადერთ პანტომიმის სახელმძღვანელოშია შესული. წიგნის ავტორია ილია რუდბერგი, რუსი მიმი, რომელმაც ამ წიგნის ერთი თავი სრულად მიუძღვნა გოგას.
სლავა პალუნინი, ცნობილი “სნოუშუს” ავტორი, მსოფლიო მნიშვნელობის არტისტი გოგას სთხოვდა, რომ მის თეატრში ემუშავა. ხუთი წლის წინ მიიწვია და მოსკოვში ერთ-ერთ ჯამბაზს თამაშობდა გოგა.
ძალიან უყვარდა სამშობლო, ეს “ვერ დამნახავი” ქვეყანა. სადაც არ წასულა, ყველგან დარჩენას თხოვდნენ, არსად არ დარჩა. დარჩა კი არა, გასტროლებიდან დაბრუნებული, როგორც კი მოუახლოვდებოდა საქართველოს, თვალები ცრემლებით ევსებოდა. აი, ასეთი ადამიანი გავუშვით დაუფასებელი…
























