
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაცვლილ მეგი ბაქრაძეს ანალიზების მიხედვით მიმდინარე კოვიდ ინფექცია არ ჰქონდა.
“ჩატარებულია ტესტი PCR-ი, რომელიც არის ჯინ ექსპერტი, ჩვენს კლინიკაში, შემოსვლისთანავე და PCR ტესტით პაციენტს, მეგი ბაქრაძეს კოვიდ ინფექცია, მიმდინარე, მას არ გააჩნდა.”, – განაცხადა ლევან რატიანმა.
ნახეთ ლევან რატიანის განცხადება
მისი თქმით, მეგის ანალიზების შემდეგ არც ანემია დაუდასტურდა, თუმცა ჟურნალისტის კითხვაზე, სხვა დროს, ადრეულ პერიოდში ჰქონდა თუ არა მეგი ბაქრაძეს კორონავირუსი გადატანილი, ლევან რატიანი პასუხობს, რომ ამას ექსპერტიზა დაადგენს და მას მხოლოდ მის კლინიკაში დამდგარი შედეგების შესახებ აქვს პასუხები.
“მე შემიძლია აღვწერო, რაც ჩემს კლინიკაში იყო დამდგარი შედეგი, ქონდა თუ არ ქონდა ამას დადებს ექსპერტიზა. ხაზგასმით მინდა ვთქვა, პაციენტს ჩატარებული ქონდა ყველა გამოკვლევა. მას ანემია არ ქონდა, ისევე როგორც კოვიდი.”, – განაცხადა ლევან რაიანმა.
შეგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძე კოვიდ-კლინიკა „იმედში“ მუშაობდა. მედდა სამედიცინო პერსონალთან ერთად, 18 მარტს აიცრა.
„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.






















