
მას შემდეგ, რაც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ წინამძღვრობიდან გადააყენა წმინდა ნინოს ტაძრის მონაზონი სოსანა ბოლქვაძე, ქონების გადაბარების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ინფორმირებული წყარო უყვება.
მისივე ინფორმაციით, დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ტაძრის ეზოში მდებარე სუვენირების მაღაზიის აღწერა და გადაბარება.
„ამ მაღაზიაში იყიდებოდა და პოპულარობით სარგებლობდა მონასტრის თაფლი,დედა სოსანას მიერ მომზადებული სხვადასხვა ხილისა თუ კენკრის მურაბები, მისი ხელით ჩამიქნილი ანგელოზის ფორმის სანთლები, ეკლესიური სამაჯურები და ბევრი სხვა ნივთი“, – გვიყვება წყარო.
დედა სოსანა მარტვილის ეპარქიაში და კერძოდ ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას ძალისხმევით აშენებულ დედათა სამონასტრო კომპლექსში 14 წელიწადზე მეტია რაც ცხოვრობს.
იგი წლების წინ მიტროპოლიტმა პეტრემ შეიფარა.
დედაოს საერო ცხოვრებაში მეტად ტრაგიკული ისტორია შეემთხვა.
წლების წინ, ერთი თვის გათხოვილ ქალს,მეუღლე ავარიაში დაეღუპა. მას შემდეგ კი დედათა მონასტერში ცხოვრობს.
შეგახსენებთ, კონფლიქტი მიტროპოლიტ სტეფანესა და დედაო სოსანას შორის გუშინ,საეპარქიო კრებაზე გამწვავდა.
ვინაიდან, დედაო სოსანა პატრიარქს ილია მეორეს არ იხსენიებს ლოცვებში,იგი მიტროპოლიტმა სტეფანემ სჯულის კანონის ორი მუხლით დასაჯა. მონაზონს აეკრძალა წინამძღვრობა და ზიარების უფლება.
მიტროპოლიტმა სტეფანემ მას შემდეგი სიტყვებით მიმართა:
„შენ ვინა ხარ? დებილი დედაკაცი დადგები და ამბობ ჩავატარებინოთო, ამხელა მღვდელმთავრებზე ასეთ რამეებს ლაპარაკობთ ვინა ხართ? მეუფე პეტრეს დაანებეთ თავი, მეუფე პეტრემ დაგღუპა. შენ თავს მიხედე, გადაგაყენე წინამძღვრობიდან, ზიარების უფლებას გიკრძალავ… დამთავრებულია. მეუფე პეტრესთან რა ურთიერთობა მექნება, შენ რომელი ქურდი ხარ დამიყენო საკითხი გასარჩევად“, – უთხრა მიტროპოლიტმა დედა სოსანას.
მონაზონმა სხდომა პროტესტის ნიზსნად დატოვა. მიტროპოლიტმა გასვლამდე მას უთხრა, რომ მანქანა, რითაც დედა სოსანა სარგებლობდა, დაეტოვებინა.
„ის მანქანა ჩემს სახელზეა გაფორმებული“, – თქვა მონაზონმა და ოთახიდან გავიდა.
„მეუფის შოფერმა თავის სახელზე გადაიფორმა მანქანა, რომელიც ეპარქიას საპატრიარქომ გადასცა და რომელიც ეკლესიის ფულით იყო ნაყიდი. რა მაგარი ცხოვრება გაქვთ რა“, – თქვა ეპარქიის ახალმა მმართველმა სტეფანემ.
თავის მხრივ, დედა სოსანა მონასტრის დატოვებას არ გეგმავს,იგი კელიაში გამოიკეტა.
ამბობს, რომ მიტროპოლიტმა მას უწმაწური და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.
“მითხრა,ერთი ადგილი დააყენე ქალო… ასეთი სიტყვები არ ეკადრება მღვდელმთავარს. მე ვიცხოვრებ იმ მონასტერში, რომელიც ღვთის წყალობით და მეუფე პეტრეს დიდი მონდომებით აშენდა, ეს არის ჩემი სახლი, სადაც 14 წელია ვცხოვრობ. ეს არის ჩემი სახლი და ისინი არიან შემოჭრილები, უკანონოდ დადგინებულნი. მივმართავ სინოდს დროულად გამოერკვიონ და მიიღონ ზომები“, – ამბობს დედა სოსანა.
მიტროპოლიტის განკარგულებით კი წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღვრად მონაზონი ნატალია კერესელიძე დანიშნა.
ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირების ნაწილი ახალ მღვდელმთავარს უნდობლობას და პროტესტს უცხადებს. ამ დროისთვის მიტროპოლიტმა ათ სასულიერო პირს შეუჩერა მღვდელმსახურება.იგი მათ ერთკვირიან ვადას აძლევს და სინანულისკენ მოუწოდებს.
ასევე ხვალ , 2021 წლის 31 მარტს, გაიმართება მცხეთა-თბილისის მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისიის სხდომა.
სხდომაზე, სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად, დღის წესრიგშია მღვდელ-მონაზონ ანდრიას (სარია) ბოლოდროინდელი საჯაროდ გაკეთებული განცხადებების შეფასებაც. ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიაში წლები მოღვაწეობდა. მან ეპარქია პეტრე ცაავას გადაყენების მერე დატოვა.
სწორედ სარიას მხილებას აპირებდა მიტროპოლიტი სტეფანე.
ავტორი: თეა შონია






















