
დღეს, ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985) ზურაბ ქაფიანიძე 84 წლის გახდებოდა.
ყველასათვის საყვარელი არტისტი, 1937 წლის 1 აპრილს ონის რ-ნ სოფ. ნაკიეთში დაიბადა. 1961 წელს დაამთავრა, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1961–1964 წლებში, მოღვაწეობდა, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, მსახიობად. 1964 წლიდან, იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი. 1999 -2004 წლებში – საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“.
გარდაიცვალა, 2011 წლის 4 ივლისს ქ. თბილისში. დაკრძალულია, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
მსახიობი ლეო ანთაძე, „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში, რეჟისორ რეზო ესაძის ფილმიდან „წკიპურტები“, ზურაბ ქაფიანიძესთან ჩხუბის სცენის კურიოზებს იხსენებს:
„გადაღებების დასაწყისში რეზოს ვთხოვე, მოდი, რთულია ჩხუბის სცენა, მოვიშოროთ თავიდან და გადავიღოთ-მეთქი. რას ამბობ, მაგ სცენას ჯერ ვერ გადავიღებ, ეგ ბოლოს უნდა გადავიღო იმიტომ, რომ ისეთი კადრი გაქვს გადასაღები, შეიძლება ცოცხალი აღარ დარჩე და ფილმი მაინც დარჩებაო.

დადგა ეს „ნანატრი“ დღე! მიდგას წინ ზურა და ეუბნებიან, დაიწყე ლეოს ცემაო. დამარტყა, მაგრამ რეზოს არ მოეწონა, არ ვარგა, მართლა უნდა ცემოო. რამდენიმე დუბლი გადავიღეთ და ყველა დაგვიწუნა. თუ მართლა არ ცემე, არაფერი გამოვაო.
გაბრაზდა ქაფიანიძე, არც თქვენი ფილმი მინდა და არც თქვენი ფულიო. თავის „ვილისზე“ დაჯდა და გადასაღები მოედნიდან გაიქცა – მე ჩემ ძმაკაცს, ვერ გავლახავო!
გავეკიდეთ ზურას მთელი ჯგუფი და ძლივს დავიყოლიეთ, ყველაზე ბევრს მე ვეხვეწებოდი, მოვათაოთ ეს ჩხუბის სცენა, ჯანდაბას, ერთ ცემას, ავიტან-მეთქი!
როგორც იქნა დამთანხმდა! დაიწყო გადაღება, მირტყამს და მირტყამს ზურა, მაგრამ ბ-ნი რეზო მაინც უკმაყოფილო იყო – ყვიროდა, ფეხი ჩაარტყი, დაჭმუჭნე, გახეთქე, გახლიჩე შუაზეო. ძალიან იმოქმედა ზურაზე ამ სიტყვებმა და გამეტებით მირტყა და მირტყა.

ბალიშები კი ჩამიდეს, მაგრამ რას მიზამდა! დალეწილი, ნაცემი, ძლივს წამომაყენეს – დილით, ძლივს ავდექი ფეხზე. ვურეკავ რეზოს, რა ქენით, რა ხდება-მეთქი.
იცი რა მასალაა, ისეთი მაგარი ფილმი გამოდის გაგიჟდებიო, მაგრამ იმ კადრზე, სადაც ზურა გირტყამს, ისეთი ნაკაწრებია ფირზე, თავიდან უნდა გადავიღოთო.
იღბალი არ გინდა, ყველაფერი კარგი იყო და მაინდამაინს ამ კადრზე იყო ცუდი ფირი! ისე მცემა, კაი ხანი ვეღარ დავდიოდი,“ – იხსენებს ანთაძე.























