
ფოთელი მამუკა ფოცხორაია 28 წლის ქუჩის მუსიკოსია. იგი ამჟამად ბიძის სახლში, სოფელ ინჩხურში, ავადმყოფ დედასთან ერთად ცხოვრობს.
თითქმის წელიწადზე მეტია, რაც მამუკა დილის 5 საათზე იღვიძებს და სოფელ ინჩხურიდან მარტვილში 6 საათზე ჩამოდის. მარტვილის ცენტრამდე 5 კილომეტრს მამუკა ფეხით გადის.
გათენებისთანავე მერიის წინ, ხალხმრავალ ადგილას ცეკვას იწყებს. კეთილმა ადამიანებმა მამუკას დინამიკები და აპარატურა აჩუქეს. მიზანი ერთი აქვს – ავადმყოფი დედა არჩინოს და საკუთარი სახლი ჰქონდეს. მთელი დღის ნაგროვები თანხა 10 ლარამდე ან კიდევ ზემოთ მერყეობს, ხან კიდევ 5 ლარამდე. გააჩნია დღესა და ამინდს. ცეკვავს დედისთვის, რომელსაც გულის სარქვლის ოპერაცია სჭირდება, ცეკვას სახლისთვის, რომელიც არ აქვს. მისი თქმით,ოპერაცია სასწრაფოა.
მამუკას დედა, ნატო ფოცხვერაია ვეღარ სუნთქავს, უჭირს ლაპარაკი და გადაადგილება, რადგან გულის აორტა არ იხურება, სისხლი ფილტვში გროვდება და მისი მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. როგორც მარტვილელები გვეუბნებიან, მამუკა ეცოდებათ, მას არც სოციალურად დაუცველის სტატუსი და პენსია აქვს, ვინაიდან ფოთშია ჩაწერილი.
„პარასკევობით მარტვილის აგრარულ ბაზარში მღერის, ყველას უყვარს, გულწრფელი ბიჭია, არ იპარავს…ასე შრომობს სიმღერ-სიმღერით“,- გვითხრა სოფელ ნაგვაზაოს მკვიდრმა, ალიოშა ქიქავამ.
მამუკას დედის ოპერაცია 12 ათასი დოლარი ჯდება. აქედან 8500 ლარს საყოველთაო დაზღვევა უფინანსებს. მარტვილის მერია მზადაა ოპერაციისთვის 1000 ლარი გაიღოს. დარჩენილი 2500 ლარი კი დედისთვის მამუკამ ქუჩაში ცეკვით უნდა შეაგროვოს.
„სახლ-კარი არ მაქვს…ბიძასთან ვცხოვრობთ, ზოგჯერ მთვრალი მხვდება და თავს ვარიდებ, მოვდივარ სახლიდან. ხშირად მაქვს კონფლიქტი ბიძასთან და ღამეები გარეთ ყინვაში გამითენებია“,- უყვება მამუკა „პრაიმტაიმს“.
მისივე თქმით, ბევრჯერ მშიერსაც კი დასძინებია, მაგრამ არასდროს მოუპარავს.
„ხშირად ჭკუას მარიგებენ, არ მოიპარო მამუკა, რაც არ უნდა გაგიჭირდესო. მწყინს. ვიცი, რა არის კარგი და ცუდი, მოპარვა რომ მინდოდეს, ქუჩაში ცეკვას კი არ დავიწყებდი“,- გვიყვება მამუკა.
ავტორი: თეა შონია























