
კლასიკოს მწერალი, გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას სულ ცოტა ხნის წინ, 26 მარტს დაბადების დღე ჰქონდა. მისი ნაწარმოებები საფუძვლად ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს დაედო.
განათლება
1946 წელს მომავალი მწერალი სასწავლებლად ვაჟთა პირველ სკოლაში მიაბარეს.
მისი თანაკლასელები და უახლოესი მეგობრები იყვნენ: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ჯონდო მეტრეველი, ანატოლი მიქაძე, ვოვა სიხარულიძე, თამაზ გუნჯუა, თემურ ცერცვაძე, გურამ სხირტლაძე და სხვ.

მარჯვნიდან: გურამ დოჩანაშვილი, ზვიად გამსახურდია, ჯონდო მეტრეველი
1957 წელს ექსტერნად დაამთავრა 61-ე სკოლა და მუსიკალურ სასწავლებელში ჩააბარა.
იმავე წელს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ჩაირიცხა, ისტორიის ფაკულტეტზე და აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში. უკრავდა უნივერსიტეტის ორკესტრში.

ის არის ავტორი ისეთი ცნობილი მოთხრობებისა, როგორებიცაა: „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „მხოლოდ ერთი კაცი“, „კეჟერაძეები“, ,,ხორუმი ქართული ცეკვაა”… მისი ლეგენდარული რომანია „სამოსელი პირველი“.
გურამ დოჩანაშვილი „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ „საბას“ პრემიის ლაურეატია.






















