13:28 | 2021-04-04 ავტორი: Prime Time

რუსთავში, ხელოვნების სასწავლებლის რეაბილიტირებული დარბაზი და ლიტერატურული სკვერი გაიხსნა

რუსთავში, ხელოვნების სასწავლებლის რეაბილიტირებული დარბაზი და ლიტერატურული სკვერი გაიხსნა

რუსთავში ორი ახლადრეაბილიტირებული კულტურული სივრცე გაიხსნა.ხელოვნების სასწავლებელი და ლიტერატურული სკვერი, ცნობილმა პიანისტმა, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ გახსნეს.

 

ღონისძიების სტუმრებმა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გურამ დოჩანაშვილის და ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას. ღონისძიებას პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ქალაქის საკრებულოს წევრები და რუსთავის ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ელისო ბოლქვაძემ, ლიტერატურულ სკვერში, სიმბოლურად ერთი ხის ნერგიც დარგო.

 

,, მიუხედავად იმისა, ქალაქში ბევრი სოციალური პრობლემა გვაქვს და პანდემიის პირობებში, მთლიანად გადართულები ვართ სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე, ყველამ ვიცით, რომ დღეს, ყველაზე მეტად გაუჭირდა სწორედ კულტურას. დღევანდელი დღე იძლევა იმედს, რომ არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება, არამედ ხელოვნება და კულტურა არის ჩვენი ქალაქის ნომერ პირველი პრიორიტეტი. დღეს ქალბატონი ელისოა ჩვენთან ერთად, გავხსენით ძალიან ლამაზი ლიტერატურული სკვერი ახალი რუსთავის მოსახლეობისთვის და პირველი მუსიკალური სკოლის დარბაზი, რომელიც დღეს უკვე არის ევროპული, თანამედროვე და კომფორტული სივრცე, რომელიც საშუალებას მოგვცემს ძალიან ბევრი საინტერესო კონცერტი გავმართოთ და კიდევ უფრო გამოვაცოცხლოთ კულტურული ცხოვრება რუსთავში“- განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ.

 

ღონისძიების ფარგლებში, ხელოვნების სასწავლებელში შეკრებილმა საზოგადოებამ, კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებზეც იმსჯელა. როგორც ელისო ბოლქვაძემ განაცხადა, საჭიროა სიტუაციის შესწავლა ზედმიწევნით და არა ზერელედ.

 

„უნდა შევისწავლოთ სიტუაცია და კულტურის სამინისტროსთან კოორდინირებულად უნდა მომზადდეს რეფორმა, რადგან აუცილებელია მხარი ავუბათ თანამედროვე მოთხოვნებს კულტურაში. კულტურის კომიტეტის ნომერ პირველი ამოცანა, სწორედ ეს იქნება შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში. როცა ასეთი ტრადიციების მატარებელ ქალაქში, ასეთი არაჩვეულებრივი საკონცერტო დარბაზის განახლება ხდება, ეს არის დასაწყისი იმ საინტერესო მუსიკალური ცხოვრებისა, რომელიც აუციულებლად ელოდება რუსთავს მომავალში. იმედია, პანდემია უკან დაიხევს და მე აუცილებლად გავმართავ სოლო კონცერტს რუსთაველებისთვის“- განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

ქალაქის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პირველი სამუსიკო სკოლა, რომელიც დღეს უკვე ხელოვნების სასწავლებლის სტატუსს არტარებს, ერთ-ერთი ისტორიული დანიშნულების შენობაა რუსთავში და მისი უნიკალური აკუსტიკის მქონე დარბაზის რეაბილიტაცია, აშენების დღიდან პირველად განხორციელდა. დარბაზის გარდა, სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა სასწავლებლის ფოიეში, მოეწყო გათბობის, ვენტილაციისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, ჩატარდა შიდა სარემონტო და განათება-გახმოვანებისთვის საჭირო სამუშაოები, მთლიანად შეიცვალა სანტექნიკისა და ელექტროგაყვანილობის ქსელიც. სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია და ქალაქის მერია უახლოეს მომავალში შენობის ფასადების სარესტავრაციო სამუშაოებსაც დაიწყებს.

 

Нет описания.

 

,,ორი ძალიან ლამაზი კულტურული სივრცე გავხსენით დღეს რუსთავში. ეს არის ხელოვნების სასწავლებელი, რომელიც რუსთაველებისთვის ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს და ლიტერატურული სკვერი, რომელიც ძალიან საინტერესო კონცეფციითაა შექმნილი. რეკრეაციულ სივრცეში განლაგებულ სკამებს ქართული ანბანის ფორმა აქვს მიცემული. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც ამ პროექტების განხორციელებაში დაგვეხმარა და მიხარია, რომ პანდემიის პირობებში შევძელით და პროექტები, რომლებიც ასეთი მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქალაქისთვის განვახორციელეთ“- განაცხადა რუსთავის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

რუსთავის ხელოვნების სასწავლებლის რეაბილიტაცია ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 529000 ლარით, ხოლო ლიტერატურული სკვერი, რუსთავის ბიუჯეტიდან, კიდევ ორ მინი რეკრეაციულ სივრცესთან ერთად, 151 000 ლარით დაფინანსდა. 2021 წლისთვის რუსთავში 52 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება.

ავტორი: Prime Time

X