
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე კლინიკიდან გამოწერის შემდეგ პირველად გამოჩნდა. იგი დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომას მართავს. სხდომის დაწყებამდე კალაძემ ყველას მადლობა გადაუხადა, ვინც კლინიკაში ყოფნის დროს კითხულობდა.
„დღეს ხარება არის და მინდა ყველას მოგილოცოთ. სანამ დავიწყებდეთ საკითხების განხილვას, პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაიხადოთ ყურადღებისთვის და გზავნილებისთივს, რომელსაც კლინიკაში ყოფნის პერიოდში ვიღებდი, ეს დადებითი ემოცია და ჩემი თანაქალაქელების მხარდაჭერა დიდი სტიმულია ჩემთვის და პირობას გაძლევთ, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მომდევნო პერიოდში უფრო მეტი შრომით ბევრი გავაკეთო თბილისის განვითარებისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს უწმინდეს პატრიარქს“,- განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძე რამდენიმე დღის განმავლობაში კლინიკაში იმყოფებოდა. აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ნეიროოტოლოგიისდეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ეკატერინე ხარხელის მიერ მას დაუდგინდა საბოლოო დიაგნოზი – იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია. იგი კლინიკიდან გამოწერის შემდეგ მკურნალობას სახლში გადიოდა.























